Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება სახელმწიფო ბიუჯეტი?


2013 წლის არასახარბიელო ეკონომიკურმა ინდიკატორებმა საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებაზეც იქონია გავლენა. კერძოდ, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე 632,2 მლნ ლარით ნაკლები გადასახადების მობილიზება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსების სხვა წყაროებიც არის გათვალისწინებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მონიტორინგი, რადგან ეს შემოსავლების ის წყაროა, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.

სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი დანაკლისის მიუხედავად, კვარტალური მაჩვენებლების მიხედვით, ბიუჯეტი გეგმის გადაჭარბებით სრულდებოდა - ასე მაგალითად, პირველ კვარტალში, და 6 თვის მონაცემებით, 100,2%-ით, ხოლო 9 თვეში - 100,1%-ით. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, გამოდის, რომ ბიუჯეტს შესრულების კუთხით პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა.

საქართველოს მთავრობა წლის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნებოდა. სინამდვილეში ბიუჯეტის პარამეტრები წლის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვანი ჩამორჩენით სრულდებოდა. ყოველი საანგარიშო კვარტaლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების საფუძველზე ხდებოდა კვარტალური გეგმების კორექტირება, რომლის შედეგადაც, გეგმიურთან შედარებით, შესრულების პროცენტული მაჩვენებლები 100 პროცენტს სცდებოდა.

ასე მაგალითად, 2013 წლის პირველი კვარტaლის გეგმა თავდაპირველად განსაზღვრული იყო მილიარდ 636,9 მლნ ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ კი მილიარდ 553,5 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა კვარტალის ბოლოს, 2013 წლის 29 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N85 ბრძანებით, კვარტალის გეგმა შემცირდა და მილიარდ 550,1 მლნ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულება გადასახადების ნაწილში 94,9 პროცენტი დაფიქსირებულიყო, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესრულება 100,2 პროცენტით განისაზღვრა.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ბიუჯეტის 6 თვის მონაცემების შესრულების მიმართაც. კერძოდ: თავადაპირველი გეგმა განისაზღვრა 3 147,7 მლნ ლარით, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 28 ივნისის N225 ბრძანებით, იგი შემცირებული იქნა 2,977,0 მლნ ლარამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შესრულება ასევე 100,2% დაფიქსირდა.

ასევე, მსგავსად წინა კვარტალებისა, 9 თვის განმავლობაშიც, 2013 წლის 30 სექტემბრის N328 ბრძანებით, თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაშიც შემცირებული იქნა საბოლოო გეგმის მაჩვენებელი. შესაბამისად, შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 100,1%-ით განისაზღვრა.

ასეთი ქმედება, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა შესრულების სასურველი პროცენტული მაჩვენებელების საზოგადოებისათვის მიწოდების სურვილს, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებდა კერძო სექტორის მიერ არასტაბილურობის შეგრძნების განცდას, ამცირებდა ნდობას მთავრობის ფინანსური გუნდის მიმართ და ბადებდა კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად შეეძლო მთავრობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. ვფიქრობთ, სასურველი და აუცილებელი იყო, წლის დასაწყისშივე დაფიქსირებულიყო, რომ არსებობდა გარკვეული სირთულეები ეკონომიკაში, არსებობდა პრობლემები ბიუჯეტის შესრულებასთან მიმართებაშიც და მთავრობას საზოგადოებისათვის მიეწოდებინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა აღნიშნული ვითარებიდან თავის დასაღწევად, რაც, სამწუხაროდ, 2013 წელს არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG