Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს გადასცა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება


პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველი შეთანხმების დადება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია, ხოლო მთავრობამ ხელმომწერად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრა. „იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და არც მომავალში დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობის შესახებ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცეს პრემიერ-მინისტრს”, - განაცხადა დავით პატარაიამ. მისივე განმარტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონით, ხელმოწერის გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელსაც სჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია. აქედან გამომდინარე, როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, მთავრობას შესათანხმებლად გაეგზავნა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 27 ივნისს, ბრიუსელში გაფორმდება.
XS
SM
MD
LG