Accessibility links

logo-print
ქართული და აფხაზური მხარეები 21 წლის წინ დაკარგულ ადამიანებს, ”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ერთმანეთთან შეთანხმებით ეძებენ. ამ ეტაპზე ლაპარაკია 1993 წელს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანებზე. სოხუმის შემდეგ ექსჰუმაციის პროცესი თბილისშიც წამოიწყეს. დედებს დაკარგული შვილების პოვნის იმედი გაუჩნდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაბუშერის აეროპორტში ქართული თვითმფრინავის აფეთქების შედეგად, 1993 წლის 22 სექტემბერს 92 ადამიანი დაიღუპა. სწორედ მათ შორის იყო ის 31 ქართველი, რომელთა ცხედრებიც აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გადმოსცა. ანთროპოლოგიური ანალიზი ზაგრების ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდება, რის შემდეგაც უკვე თბილისში ჩატარდება დნმ-ის გამოკვლევა და, ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ, მათ თავ-თავიანთ ოჯახებს დაუბრუნებენ.

ამ ეტაპზე გადმოსვენებულთა შორის შვილი არ ეგულება ფონდ ”მოლოდინის” გამგეობის თავმჯდომარე ნინელი ანდრიაძეს, რომლის 24 წლის ვაჟიც 22 წლის წინ გაგრაში დაიკარგა. კონსტანტინე ანდრიაძე იქ, თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმიდან ჩაფრინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ის 26 მაისს, ”სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის”, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ნინელი ანდრიაძე იმედოვნებს, რომ დაკარგულთა ძებნის პროცესი გაგრძელდება, ის გაგრამდეც მიაღწევს და წერტილი დაესმება დედების მტანჯველ ფუჭ იმედებს, რომ შესაძლოა მათი შვილები ცოცხლები არიან:

სავარაუდოდ, 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ჩვენი აფხაზი თანამემამულეების ცხედრებიც იყოს. იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და გადაცემა თავიანთი ოჯახებისთვის...
”საშუალება მიეცათ აფხაზ დედებსაც და ქართველ დედებსაც თავიანთი შვილების ნეშტები მოიძიონ, შვილის საფლავი ჰქონდეთ, რომ სანთელი დაუნთონ. მუდმივად გაურკვევლობაში ყოფნას მძიმე და ცუდი გარკვეულობა სჯობია. გაურკვევლობაში მყოფი მშობელი შვილს ვერც მიცვალებულებში მოიხსენიებს და ვერც ცოცხლებში... და როცა ნეშტს იპოვი, თითქოს უფრო წყნარდები, რომ შენს შვილს შეგიძლია გაუკეთო ის, რაც საჭიროა, რომ გაუკეთო”.

როგორც ნინელი ანდრიაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ცხედრების იდენტიფიცირებისა და ოჯახებში დაბრუნების პროცესი პრაქტიკულად გაიყინა 2006 წლის შემდეგ და ახლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, განახლდა. მას შემდეგ, რაც ორმხრივი კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება პირნათლად შეასრულა აფხაზურმა მხარემ, ჯერი ქართულ მხარეზე მიდგა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსჰუმაციის პროცესი დიღმის ძმათა სასაფლაოზე. მინისტრი დავით დარახველიძე მოსალოდნელ შედეგებზე ლაპარაკობს:
მათი დასაფლავება იდენტიფიცირების გარეშე მოხდა დიღომში. ასე რომ, ექსჰუმაციის პროცესი იქაც და აქაც ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულებს შეეხებათ...

”სავარაუდოდ, 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ჩვენი აფხაზი თანამემამულეების ცხედრებიც იყოს. იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და გადაცემა თავიანთი ოჯახებისთვის”.

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი შუამავლობს. როგორც თბილისში დელეგაციის ხელმძღვანელმა რიკე იშოიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გაჩნდა ნანატრი შესაძლებლობა, რომ ოჯახებმა დიდი ხნის წინ დაკარგულ წევრებს მიაგნონ. რიკე იშოის თქმით, ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულ ადამიანებს შეეხება და ცხედრების საბოლოო ამოცნობამდე საკმაოდ დიდი დროა საჭირო:

”ზოგი კვლავ ბაბუშერაში იყო დარჩენილი, ხოლო ზოგი უკვე გადმოსვენებული იყო, მაგრამ მათი დასაფლავება იდენტიფიცირების გარეშე მოხდა დიღომში. ასე რომ, ექსჰუმაციის პროცესი იქაც და აქაც ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულებს შეეხებათ. იდენტიფიცირება შესაძლოა ერთი ან რამდენიმე წელიწადიც კი გაგრძელდეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მშვიდად დაელოდება იმ დროს, როცა დაღუპულთა ოჯახები, ბოლოს და ბოლოს, პასუხს მიიღებენ”.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ მოვლენებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან.
XS
SM
MD
LG