Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბექა კრიმინალი არ არის“, ანუ EMC არაეთიკური ნარკოპოლიტიკის შესახებ


ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი
„ბექა კრიმინალი არ არის“ - ამ წარწერას ნახავთ თბილისის ქუჩებში, წააწყდებით სოციალურ ქსელშიც, სადაც ეს სიტყვები ბექა წიქარიშვილის მხარდამჭერი კამპანიის მთავარი სლოგანია. ბექა წიქარიშვილი დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვაშია ბრალდებული და შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კამპანიის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არსებული ნარკოკანომდებლობით ხელს უწყობს საკუთარი მოსახლეობის კრიმინალიზაციას და კანონის გაუქმებას მოითხოვენ. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ეროვნული პოლიტიკის კვლევის ანალიზი 27 მაისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ანგარიშის სახით წარმოადგინა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს სასამართლოში ბექა წიქარიშვილის უფლებებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ მან საკუთარ თავზე გამოსცადა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეპრესიული ხასიათი. ციხეში მან 18 დღე გაატარა, ახლა გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, თუმცა აცხადებს, რომ სახელმწიფო დღეს არსებული კანონმდებლობით უდანაშაულო ადამიანს კრიმინალს არქმევს. ის ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია უწევს იმის მტკიცება, რომ ის კრიმინალი და საზოგადოებისათვის საშიში არ არის:

„და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შემთხვევა. მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა ნარკომომხმარებლის კრიმინალად აღქმა უგუნურებაა. როცა იმ 18 დღეს ვიხსენებ გლდანის საიზოლაციო განყოფილებაში, დღემდე ვერ ვახერხებ იმ აურის დავიწყებას და თითქოს დრო ჩემთვის იმ მომენტშია გაჩერებული. და ახლა რომ წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა ისევ მოვხვდე ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ბოროტმოქმედები, მართლა ძნელია ამის წარმოდგენა. ძნელია იმასთან შეგუება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა ისმინო მათი ცხოვრებისეული შეხედულებები, რაც შენი შეხედულებებისგან ძალიან შორსაა. ეს განსაკუთრებით დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა, მით უმეტეს, როცა კრიმინალი არ ხარ“.
კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომების შემცირება თუ შერბილება კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ ამ ბარბაროსული კანონის გაუქმება...
გიორგი მაისურაძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დახმარებით, მან უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის, როგორც არაკონსტიტუციურის, გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მისი სარჩელი არ იქნება საკმარისი ვითარების შესაცვლელად და ძალადობრივი კანონი სხვებმაც უნდა გააპროტესტონ. კამპანია „ბექა არ არის კრიმინალის“ ფარგლებში უკვე არაერთი სხვა ვიდეომიმართვაც გავრცელდა. მათ შორისაა ფისოლოფოს გიორგი მაისურაძის მიმართვაც, რომელშიც ის ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს დღეს არსებული კანონი ნარკოდანაშაულის შესახებ:

„კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომების შემცირება თუ შერბილება კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ ამ ბარბაროსული კანონის გაუქმება“.

27 მაისს კი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „არაეთიკური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს მოიცავს. გამოკვლევის თანახმად, ნარკომანიასთან ბრძოლისას ძირითადი აქცენტი პირის დასჯასა და რეპრესიულ მეთოდებზე კეთდება. არ არსებობს მონაცემები ქვეყანაში პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. ამიტომაც, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამებისთვის საჭირო რესურსები.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
EMC-ს წარმომადგენელი, კვლევაზე პასუხისმგებელი სოფო ვერძეული რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ ძირითად აღმოჩენებზე გვესაუბრება, რაც ამ გამოკვლევის შედეგად გამოჩნდა:

„ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო აგრძელებს იმ პოლიციური თუ რეპრესიული მეთოდების გამოყენებას და არსებითად, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ უწყებათშორისო საბჭო მუშაობს ამ თემაზე, თუმცა ჯერაც რაიმე ხელშესახები დოკუმენტი არ შექმნილა. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ სასამართლო ცალკეულ შემთხვევებში ვერ ახერხებდა ყოფილიყო კრიტიკული საგამოძიებო ორგანოების მიმართ და დაეცვა სისხლის სამართლით გათვალისწინებული მაღალი სტანდარტები“.

სოფო ვერძეული შენიშნავს, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონია უფრო ჰუმანური ნარკოპოლიტიკა და პრაქტიკულად დღემდე მიჰყვება იმ ძველ მოდელს, რომელიც წლებია საქართველოში არსებობს. ამ მოდელით კი, ყველაზე მარტივი გზაა დააწესო თავისუფლების აღკვეთის უმკაცრესი სანქციები და უმაღლესი ჯარიმა და განაცხადო, რომ ასე ებრძვი ნარკოდანაშაულს. თუმცა გამოკვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ეს გზა არაეფექტურია.
გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე
გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, გურამ იმნაძე, იმასაც ამბობს, რომ ხშირია დაკავების დროს არაპროპორციული ღონისძიებების გამოყენების ფაქტებიც, რაც ხშირად იმაში გამოიხატება, რომ შესაძლოა პირი ქუჩაში დააკავონ იმ დროს, როცა ის ბავშვს ასეირნებს, მის თვალწინ მიწაზე დააწვინონ და იძულებით წაიყვანონ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შემდეგ მათ მიმართ არსებულ შეზღუდვებზე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მათ შემდგომ რესოციალიზაციას:

„მაგალითად, მათ არ შეუძლიათ საჯარო დაწესებულებაში არჩევით თანამდებობაზე მუშაობა, მართვის მოწმობით სარგებლობა, სულ ცოტა, სამი წლის ვადით. მხოლოდ საზოგადოების მხრიდან კი არა, კანონის მიერაც გარიყული ხარ და ეს არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ისევ შეიძლება დაუბრუნდეს ნარკოტიკის მოხმარებასაც და დანაშაულის ჩადენის ბიძგიც გახდეს“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რეკომენდაციის სახით პარლამენტს ურჩევს კანონმდებლობით ერთმანეთისგან გამიჯნოს ნარკოტიკის მომხმარებელი და გამსაღებელი და ეს გამიჯვნა აისახოს მათ მიმართ სანქციებზეც. კერძოდ, მომხმარებელს სახელმწიფომ სარეაბილიტაციო-სამკურნალო კურსი უნდა შესთავაზოს და არა ციხე. რეკომენდაცია მიმართულია სასამართლო ხელისუფლებისადმი და მოუწოდებს მას არ იყოს მიმნდობი საგამოძიებო ორგანოების მიმართ და ამ გზით მაინც დაიცვას მომხმარებლის ინტერესები და, რაც მთავარია, EMC მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკის შემქმნელს, შეცვალოს ნარკოპოლიტიკის ვექტორი საქართველოში და ის საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვოს.

28 წლის ბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი 2 ივნისს უნდა გამოიტანოს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, მარიხუანის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ბექას გაუშვებენ თუ არა ციხეში, სულ ცოტა, შვიდი წლით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG