Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო სამზადისი ახალციხეში


თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება. წინასაარჩევნო სამზადისში პოლიტიკური სუბიექტები უკვე აქტიურად ჩაერთვნენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ახალციხელებიც ემზადებიან. მათი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ დადებითად არის განწყობილი, ნაწილი კი იმედგაცრუებულია. რამდენად არის მესხური საზოგადოება ინფორმირებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და იცნობენ თუ არა ისინი საარჩევნო სუბიექტებს?

როგორია ახალციხეში საზოგადოების მოლოდინი თვითმმართველობის არჩევნების წინ და მიიღებენ თუ არა ადგილობრივები ამ არჩევნებში მონაწილეობას? ახალციხელების ნაწილი კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს. გამოკითხული მოსახლეობიდან ზოგი ამბობს, რომ 2014 წლის არჩევნებს კარგი განწყობით ხვდება და მოქალაქეობრივი ვალის მოხდასაც აპირებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუვდა, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.

გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა კარგად ესმის - უფრო მეტიც, სასურველი კანდიდატიც უკვე შერჩეული ჰყავთ, გარკვეულმა ნაწილმა კი ისიც არ იცის, რისი არჩევნებია, მაგრამ ამბობენ, რომ კენჭისყრის პროცესში ჩაერთვებიან და საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას 15 ივნისს გამოიყენებენ.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, იცნობენ თუ არა ახალციხელები უკვე დასახელებული ქალაქის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს, გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ მერობის თანამდებობაზე წარდგენილ პიროვნებებს იცნობს, მეორე ნაწილმა კი არც ერთი მათგანის ვინაობა არ იცის.

ახალციხეში მერობის კანდიდატი ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ – „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა ოპოზიციამ“, სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზამ“ და პოლიტიკურმა ალიანსმა „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ - დაასახელა. გამგებლობისა და სიის პირველი ნომრის კანდიდატებიც ასევე ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინა, თუმცა „საქართველოს გზის“ კანდიდატის ნაცვლად გამგებლობისათვის ახალციხეში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი იბრძოლებს.
XS
SM
MD
LG