Accessibility links

რას ჰპირდებიან ზუგდიდელებს ქალაქის მერობის კანდიდატები


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილი. მათი საარჩევნო პროგრამა, გამარჯვების შემთხვევაში, ძირითადად ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სოციალური პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად.

კანდიდატებს შორის ერთი ქალია. იურისტი რუსუდან პაჭკორია წარადგინა საარჩევნო ბლოკმა „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“. რუსუდან პაჭკორიას წარდგენა ზუგდიდელებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის 15 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს და პოლიტიკასთან პირდაპირი შეხება დღემდე არ ჰქონია. კანდიდატი აცხადებს, რომ მან ეს ნაბიჯი თანაქალაქელთა თხოვნით გადადგა. არსებობს კიდევ სხვა მიზეზიც:

„ბევრჯერ დაგვისვამს კითხვა: რატომ არ მოდიან ქალები პოლიტიკაში? მართალი გითხრათ, ამ დისკუსიების დროს ჩვენ გამოვხატავდით ჩვენს სუბიექტურ მოსაზრებას, რაღაც თეორიებზე დაყრდნობილს. ამ შემთხვევაში კი მე მომეცა შესაძლებლობა გავცე ამ კითხვას რეალური პასუხი“.

რუსუდან პაჭკორია, გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდელებს ჰპირდება, რომ კანონი დაცული იქნება ყველგან, ქალაქი გახდება სუფთა და მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში.

მნიშვნელოვანი საკითხების მოქალაქეებთან ერთად განხილვას გეგმავს, გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხიაც. მას აქვს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება. ის 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი - საკრებულოს წევრი. 2010 წელს დაკავებული იყო თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით. რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. კანდიდატი ამბობს, რომ მისი დაკავება მიზანმიმართულად მოხდა ყოფილი პროკურორის, როლანდ ახალაიას მიერ.

„აუცილებლად მოხდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, მოძიებულია უკვე თეატრის სარემონტო თანხები, ასევე დაწყებულია და ბოლომდე მივიყვანთ კულტურის სახლის რემონტს კომბინატში“, - ამბობს ირაკლი გოგოხია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია მთავარ პრიორიტეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებას ასახელებს. სანამ პარტია მერობის კანდიდატად წარადგენდა, ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად მუშაობდა. არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მანამდე კი იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა პენსიონერი, ყველა უმწეო და ასევე პედაგოგი - როგორც ბაღის, ასევე სკოლის - ისარგებლებს უფასო მგზავრობით. შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა.“, - აცხადებს თეიმურაზ ბასილაია.

მერობის კიდევ ერთ კანდიდატს საარჩევნო ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია კუკავა-ჩიხრაძე“, 29 წლის ირაკლი ღურწკაიას, სურს ქალაქში ინფრასტრუქტურა განავითაროს. მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკის“ ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა პოზიციაზე. პარლამენტის ყოფილ წევრ თენგიზ ჯგუშიასთან ერთად, არის სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ თანადამფუძნებელი.

„თითოეული ზუგდიდელი ჩართული უნდა იყოს ფინანსური რესურსების განაწილებაში, ანუ თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იცოდეს, მის მიერ გადახდილი თითოეული თეთრი, გადასახადების სახით, სად და როგორ იხარჯება“,- აცხადებს ირაკლი ღურწკაია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატად ყველაზე გვიან დარეგისტრირდა ექიმი ვახტანგ ყუფუნია. მას საარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურად არ დაუწყია. ის „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატმა ონლაინგამოცემა livepress.ge-ის განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება იმ გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება, რომელიც დაუგროვდა მუშაობის პერიოდში.

მიუხედავად მეტ-ნაკლებად განსხვავებული ხედვისა, მერობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას თანხმდებიან, რომ პრიორიტეტების შესრულება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების ჩარიცხვაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი თვითკმარი არ არის.
XS
SM
MD
LG