Accessibility links

logo-print
ორი წელი გასულა მას მერე, რაც მე და “წითელი ზონის” ჩემი ახალგაზრდა მეგობრები სამეგრელოშჲ წავედით და გადაცემა მოვამზადეთ. თითქოს ყველაფერი ვიცოდი “მხედრიონის” შესახებ, მაგრამ სამეგრელოს პატარა სოფლის მცხოვრებლებთან ხანმოკლე გასაუბრებამაც კი, მგონი, თვისებრივად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. ამდენი სასოწარკვეთილი, უიმედო ხალხი ერთად არ მენახა. გვიყვებოდნენ რაღაცებს, ტიროდნენ და ასე ამთავრებდნენ “ჩვენ არ გვჯერა უკვე, რომ სამართლიანობა ოდესმე აღდგება”. წინა საღამოს მაია ასათიანის შოუში დოდო გუგეშაშვილი იხილეს - მღეროდა ქალბატონი დოდო და ესენი ქვითინებდნენ. ეგ გადაცემა, როგორც გვითხრეს, უკანასკნელი ილუზიის მსხვრევა იყო, მანამდე კიდევ სჯეროდათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ოდესმე დასჯიდა დამნაშავეებს.

ორი წელი გასულა. რამდენი რამე მოხდა ამასობაში: ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, მოვიდა “ქართული ოცნება”. მოვიდა დაპირებით, რომ სამართლიანობას აღადგენდა. 2012 წლის სექტემბერში, ფილარმონიასთან რომ გავედით, ბასილ კობახიძეს რომ ვუყურებდი, როგორ შლიდა პლაკატს “სისტემა უნდა დაინგრეს”, მჯეროდა, რომ “სისტემაში” იგულისხმებოდა არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი სისტემა - აგებული იდეაზე “იმარჯვებს მხოლოდ ძლიერი” და “სუსტისთვის და დავრდომილისთვის ადგილი არა გვაქვს”, იდეაზე “ეს მათი არჩევანია გენაცვალე” და “ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს”, არამედ ზოგადად, ძალადობის, ზიზღის და უკანონობის სისტემა. ამიტომაც იყო ჩემთვის სიმბოლური ის პლაკატი, რომელიც არა “ოცნების” რომელიმე აქტივისტს, არა ნაცმოძრაობაზე პირადად განაწყენებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალადობის სისტემისგან დევნილ ბასილ კობახიძეს ეჭირა ხელში.

მოვიდა ახალი ხელისუფლება. და მოვიდა ნამდვილი “ჰორორებით”, რომელთაც ჯერ მაშინდელი გენერალური პროკურორი გვიყვებოდა, მერე ხელისუფლების წარმომადგენლები... გვიყვებოდნენ საზარელ მკვლელობებზე, ძალადობაზე, “ცოცხებზე”. ამ ამბებიდან რაღაც მართალი იყო, რაღაც, შესაძლებელია, მოგონილი. გვიყვებოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ გამოძიებები დასრულდება და დამნაშავეები დაისჯებიან. ის კი არა, ტელეკომპანია “მაესტროს” რაღაც სკანდალური ფილმი აქვს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და არჩვენების დასრულებისთანავე იხილავთ ეთერშიო.

ამ „ჰორორებმა“, ცხადია, კიდევ უფრო გააძლიერა იმ ადამიანების აგრესია, ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობის ეპოქაში ბიზნესს ართმევდნენ, ვისაც მიკროფონებს და კამერებს უმონტაჟებდნენ, აშინებდნენ... ის ხალხიც აღეგზნო, “მედიის ხალხი”, ვისაც ურეკავდნენ და უბრძანებდნენ, რა უნდა გაეშვათ და რა არა ეთერში. “ოცნებამ”, - მაინც იმედი მაქვს, რომ გაუაზრებლად, უბრალოდ “ნაცმოძრაობის” მიმართ განსაკუთრებული ზიზღის გამო, - როგორც იტყვიან, “დაქოქა” ქართული საზოგადოება. თუმცა იმდენი პროფესიონალიზმი არ ეყო, რომ დაესრულებინა საქმეების გამოძიება და პირობა შეესრულებინა - აღედგინა სამართლიანობა.. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ თავისი უნიათობა და არაპროფესიონალიზმი ისევ “ნაცების სასამართლოს” დააბრალა.

მაგრამ “ოცნება” იქით იყოს. ბევრნი არიან, განსხვავებულები არიან და რთულია ამ ხალხის შეფასება. ახლა მაინცდმაინც არც მაინტერესებს, მართალი რომ გითხრათ. მე ისევ ორი წლის წინ გადაღებულ გადაცემაზე ვფიქრობ და იმ ხალხზე, ვისაც “ჰორორებითაც” კი არავინ ელაპარაკება. უფრო მეტიც, დოდო გუგეშაშვილი მღეროდა მაინც თავისთვის. ახლა კი მრისხანე მოქანდაკე, თენგიზ კიტოვანი გამოგვეცხადა თავისი ბიჭებით და ხელისუფლებას, არც მეტი, არც ნაკლები, იარაღი მოსთხოვა თავად ამ ხელისუფლების (პარლამენტის) დასარბევად.

ამაზე საქართველოს ხელისუფლება კომენტარს, თუ რამე არ გამომრჩა, არ აკეთებს. მას უფრო აღელვებს კახა ბენდუქიძის დანიშნვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად. არ აკეთებს, რადგან “მხედრიონიზმი” საქართველოში ისევ ბობოქრობს. ის ძლიერია. მას არავინ ერჩის. “მხედრიონიზმი”, როგორც ღონე და იარაღი, როგორც “მოქანდაკე”, “თეატრმცოდნე”, “კინორეჟისორი”, “პოეტი”, რომელსაც შერჩა დანაშაული საკუთარი ქვეყნის და კაცობრიობის წინაშე - დაგვაკარგვინა ტერიტორიები, დაშალა ქვეყანა, ერთმანეთს გადაამტერა ხალხი და დღემდე დაგვტოვა გამოუძიებელი “ჰორორების” ამარა - გაბრაზებულები, აგრესიულები, დაუკმაყოფილებლები ზიზღით, უცოდინარები და არაპროფესიონალები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

ის, რაც მოხდა ლიტერატურულ კაფეში 27 მაისს, მრავალმხრივაა სიმბოლური. ძალადობა წიგნების ფონზე, ძალადობა სერვანტესის, ვოლტერის, ვაჟას წიგნების ფონზე! ძალადობა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აყოლებს ამ ჯადოსნურ სიტყვას “მაგრამ”... ხომ გახსოვთ? “ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?”, “ძალადობას ვგმობთ, მაგრამ ამ ხალხის აგრესიას როგორ შევაჩერებთ?”...

საქართველოში კიდევ კარგა ხანი არ გასამართლდება “მხედრიონიზმი” და არ აღდგება სამართლიანობა. ეს მოხდება მაშინ, როცა ყოველი ჩვენგანი გაიხსენებს, რას აკეთებდა იმ დროს, როცა ამ გამართლებით - “მაგრამ” - ქვეყანაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ. არ მოხდა ეს სააკაშვილის მმართველობის დროს, რადგან მაშინ ნაცმოძრაობას თავისივე გუნდის წევრებისთვის უნდა მოეთხოვა პასუხი. არ მოხდება დღეს, რადგან ყოფილი “მხედრიონელები”, მათი ახლობლები, “მწერლები”, “კინორეჟისორები”, “მხატვრები” ხელისუფლებაში გვყავს, არ მოხდება იმიტომ, რომ “მხედრიონიზმით” გაიჟღინთა ცხოვრების ყველა სფერო, - პარლამენტით დაწყებული - ეკლესიამდე.

ამიტომ ნუ გიკვირთ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს საგანგებოდ ადუღებულ ჩაის რომ ასხამენ სახეში “მომხედრიონო ხელოვანები”. ჩაი კი არა, აგერ ქალებს ხოცავენ თითქმის ყოველდღე, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ისევ არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში.

ბასილ კობახიძე კი საქართველოდან წავიდა. აქ მისი ადგილი არაა. არც მისი და არც იმ პლაკატის: “სისტემა უნდა დაინგრეს!”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG