Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსუბუქი დაზიანება თუ ხულიგნობა?


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები ბოლო დროს გახშირებულ ძალადობაზე?
ერთი, რომ დაუსჯელობის სინდრომი შეიქმნა, რადგანაც ბევრჯერ მოხდა თავდასხმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე და პრაქტიკულად არც ერთი არ დასჯილა და, მეორე მხრივ, სახეზეა ირიბად წამახალისებელი რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან...
გია ნოდია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, და თეოლოგ ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ მომხდარ ინციდენტს შეესწრო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე:

„ყოველი ახალი კვირა რომ იწყება, ვეკითხები ჩემს თავს, ნეტა ამ კვირაში რა უბედურება მოხდება, ვინ ვის სცემს, რა ისტერიკა ატყდება და ა.შ. გუშინ, როცა პირადად მე შემეხო ეს, გავიაზრე, თუ რა მძიმედ არის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. შემოცვივდნენ ჩემი ნაცნობი ადამიანები, მათ შორის, ჩემი კლასელი რეზო თაბუკაშვილი, რომელსაც ვიცნობ თითქმის 40 წელია, და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს... თუმცა მე მათ იმდენად არ ვადანაშაულებ, რამდენადაც ვადანაშაულებ იმ გარემოსა და ატმოსფეროს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი“.

თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებული იყო, რომ თავდამსხმელებს 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა, მისდა გასაკვირად, თაბუკაშვილსა და მგელაძეს მხოლოდ ხელწერილის დაწერა აკმარეს. ფილოსოფოსი გია ნოდია მიიჩნევს, რომ სწორედ ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა რეაგირებამ შექმნა ატმოსფერო, რომელშიც, ორი მიზეზის გამო, ჩვეულებრივი გახდა ძალადობა.

„ერთი, რომ დაუსჯელობის სინდრომი შეიქმნა, რადგანაც ბევრჯერ მოხდა თავდასხმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე და პრაქტიკულად არც ერთი არ დასჯილა და, მეორე მხრივ, სახეზეა ირიბად წამახალისებელი რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან. ისინი ამბობენ, ჩვენ ძალადობას ვგმობთ, მაგრამ... და ამ „მაგრამის“ შემდეგ იწყებენ, რომ გამწარებულია ხალხი ან მათ დაიმსახურეს, რაც დათესეს და ა.შ. ამას საზოგადოების ნაწილი აღიქვამს როგორც თვალის ჩაკვრას: მე კი ვამბობ, რომ ცუდია და არ შეიძლება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის ცემა, მაგრამ თქვენ მხარესა ვართ და მიდით, ეს შეიძლება, რომ გააკეთოთ“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.
ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ხდება საკმაოდ რბილი სასჯელის გამოყენება მსგავსი დანაშაულისთვის. ნებისმიერი ძალადობა წარმოშობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსგავს ინციდენტზე იყოს ადეკვატური რეაგირება...
უჩა ნანაუაშვილი

გია ნოდიას მსგავსად, სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების რეაქცია ბოლო დროს გახშირებულ ძალადობაზე არაადეკვატურია. ფრაგმენტი განცხადებიდან, რომელსაც ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI):

„ბოლო ხანებში გახშირდა მოქალაქეებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები, რაც ცალსახად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მსგავს შემთხვევებთან მიმართებით გატარებული ზომების არაეფექტურობასა და სახელმწიფოს უუნარობას ადეკვატური სანქციები გამოიყენოს დამნაშავეთა მიმართ. აღნიშნული ტენდენცია შემაშფოთებელია, როგორც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების დაუბრკოლებლად განხორციელების თვალსაზრისითაც, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ამგვარი ძალადობრივი ქმედებები სწორედ დანაშაულის მსხვერპლთა პოლიტიკურ საქმიანობასა თუ შეხედულებებს უკავშირდება“.

პოლიციის რეაგირებით უკმაყოფილოა სახალხო დამცველი უჩა ნანაუაშვილიც:

„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ხდება საკმაოდ რბილი სასჯელის გამოყენება მსგავსი დანაშაულისთვის. ნებისმიერი ძალადობა წარმოშობს კიდევ უფრო მეტ ძალადობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსგავს ინციდენტზე იყოს ადეკვატური რეაგირება“.

მაინც როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა პოლიციას? რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ პოლიციას გამოძიება უნდა დაეწყო არა 120-ე მუხლის, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზინების, არამედ ხულიგნობის მუხლით:

„ეს არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ჰქონდა ჯგუფური ხასიათი და, ამავე დროს, იარაღად იქნა გამოყენებული გარკვეული საგნები. ამის კვალიფიკაცია არის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. უმოტივოდ, პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიშნით თავდასხმა განსხვავდება თავისი არსით უბრალოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისგან, ანუ ამ შემთხვევაში ადამიანის ქმედება არის განმსაზღვრელი ფაქტორი“.

შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე კი მიიჩნევს, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის დასადგენად მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს სავარაუდოდ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცით, ანუ ამ შემთხვევაში ხულიგნობის მუხლით.

„ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელსაც იყენებდა წინა ხელისუფლება. სწორად არის კვალიფიკაცია მიცემული. არ უნდა იყოს მიცემული სავარაუდოდ ყველაზე მაქსიმალური კვლაფიკაცია. ხომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ არის ამ კვალიფიკაციის დანაშაული? იმ სავარაუდოდ ყველაზე მაღალ კვალიფიკაციას ხომ უნდა მოჰყვეს სავარაუდოდ მაქსიმალური აღკვეთის ღონისძიება? კვალიფიკაცია უნდა იყოს ის, რომელიც ყველაზე უკეთ დასაბუთებულია გამოძიების მოცემულ ეტაპზე, თუმცა შემდგომში შეიძლება შეიცვალოს კიდეც“, უთხრა შალვა შავგულიძემ რადიო თავისუფლებას.

შალვა შავგულიძე იმასაც ამბობს, რომ მომხდარი დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული სწრაფად და ეფექტიანად, თუმცა მხოლოდ ის, რომ თავდასხმა განხორციელდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე, არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ოპოზიციის დევნას სისტემური ხასიათი აქვს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG