Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დგას თუ არა რუსეთი სოხუმის არეულობის უკან?


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპოზიციური ძალები გააქტიურდნენ, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები ალექსანდრ ანქვაბს რუსეთის ფულის არამიზნობრივ ხარჯვასა და ეკონომიკის ნგრევაში სდებენ ბრალს. მოსალოდნელია თუ არა ვითარების გამწვავება და დგას თუ არა მოსკოვი გააქტიურებული ოპოზიციის უკან?

ალექსანდრ ანქვაბს თავი მეფედ წარმოუდგენია, მისმა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა აფხაზეთი გააღატაკა, რუსეთის მიერ გამოყოფილი 900 მილიონი დოლარი, ანქვაბის ახირების მიხედვით, სტადიონებისა და აუზების მშენებლობაზე დაიხარჯა, ხალხი კი შიმშილობს - არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, არ შეიქმნა ახალი საწარმოები... - ამ ტიპის ბრალდებები გამუდმებით ისმოდა ბოლო დღეებში სოხუმში გამართული საპროტესტო აქციებისა თუ სახალხო კრების მონაწილეთა მხრიდან. ისინი თანხმდებიან, რომ დროა, ალექსანდრ ანქვაბმა, რომლის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ამოიწურება, დატოვოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი.

უკვე დიდი ხანია, ანქვაბსა და მის გუნდს უნიათოსა და საზოგადოების ინტერესების უგულებელმყოფელს უწოდებს მთავარი პოლიტიკური მეტოქე - პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რაულ ხაჯიმბა:
რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა
”როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, - მათ შორის, თავად ანქვაბი, - ისინი გარკვევით ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები საზოგადოებაში, პოლიტიკურ სისტემასა თუ ეკონომიკაში, მაგრამ ამ განაცხადებიდან ვერც ერთი ვერ შეასრულეს. ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული. და ეს ალბათ იმიტომ, რომ სავარძელი, რომელსაც შეეზრდებიან ჩვენი ხელმძღვანელები, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე დაპირებები. დაპირებების მეშვეობით მოდიან ხელისუფლებაში, შემდეგ კი ივიწყებენ მათ. დაპირებები მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი მხოლოდ სიტყვებად რჩება”.

ასეთი შეფასება რაულ ხაჯიმბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში 8 მაისს გააკეთა. ბოლო დღეებში კი ის განსაკუთრებით აქტიურობდა სოხუმში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ის იმთავითვე, ასე ვთქვათ, რუსეთის კაცად სახელდებოდა და წინა წლების არჩევნებში აშკარად სარგებლობდა კრემლის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორს, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს მაინც არ ჰგონია, რომ სოხუმის ოპოზიციის სცენარი მოსკოვშია დაწერილი.

”ის შეთქმულების თეორიები, რომ ეს მოსკოვიდან არის ჩაწყობილი, გაზვიადებული მგონია. ვფიქრობ, ამის ფესვები უნდა ვეძებოთ ადგილობრივ გარემოებებში, მოსახლეობის განწყობებში. არა მგონია, რომ ეს დაკვეთით ხდება”
, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე შარაშენიძემ.

საპირისპიროს ვარაუდობს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი. როგორც ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რაულ ხაჯიმბას საგანგებო აქტიურობით იქმნება საკმარისი საფუძველი იმის სათქმელად, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას და მოსკოვი თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

ირაკლი მენაღარიშვილს არ უკვირს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორუფცია, არაეფექტიანი, კლანური მმართველობა და
ის, რომ აფხაზური დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა რუსეთის პატრონაჟის ქვეშ ვერ შედგა და ის, რომ ამგვარ პერსპექტივას საფუძველი თავიდანვე არ ჰქონდა, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევდა არც გარე დამკვირვებლებში, თუ ისინი ობიექტურნი იყვნენ, და არც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებში...
ირაკლი მენაღარიშვილი
კრიმინალი აყვავდა. შესაბამისად, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ მართული ოპოზიცია ახლა უკვე ხალხის იმედგაცრუებით სარგებლობს. ეს იმედგაცრუება იმთავითვე მოსალოდნელი იყო:

”ის, რომ აფხაზური დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა რუსეთის პატრონაჟის ქვეშ ვერ შედგა და ის, რომ ამგვარ პერსპექტივას საფუძველი თავიდანვე არ ჰქონდა, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევდა არც გარე დამკვირვებლებში, თუ ისინი ობიექტურნი იყვნენ, და არც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებში, ვისაც თვითკრიტიკული ანალიზის უნარი გააჩნია, და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი ადამიანები არიან აფხაზურ საზოგადოებაში”.

ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს, რომ გულანთებული პატრიოტების გარკვეულმა ჯგუფმა სცადოს რუსეთის მიერ მართულ სისტემასთან დაპირისპირება, მაგრამ ისინი წინასწარვე მარცხისთვის არიან განწირული. ჯერჯერობით პოლიტიკური კრიზისი მწვავე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, თუმცა საფრთხე, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი იყო. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა 28 მაისს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამ ეტაპზე მიღწეულია მთავარი - არ დაიღვარა სისხლი. აქვე გავიხსენოთ, რომ სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 27 მაისს, როცა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ათეული ადამიანი ე.წ. პრეზიდენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეიჭრა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ალექსანდრ ანქვაბმა „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობად“ შეაფასა.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები ახორციელებენ ვიდეომასალისა და სხვა სახის მტკიცებულებების შესწავლას, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის მიზნით მათ ქმედებებში, ვინც სამშაბათს ალექსანდრ ანქვაბის სამუშაო შენობაში შეიჭრა. ”აფსნიპრესის” ინფორმაციით, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას კონსტიტუციის, კანონიერებისა და კანონმორჩილების სადარაჯოზე და ვერ შეეგუება ქმედებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია ამ ფასეულობებთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG