Accessibility links

logo-print
2014 წელი, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. მიმდინარე წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5 პროცენტზეა დაგეგმილი, ხოლო ზრდის ტემპი პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი დაფიქსირდა - კვარტლის საშუალომ 7,4 პროცენტი შეადგინა.

ზრდის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს წინა წელს გაწეული მაღალი საბიუჯეტო ხარჯების ეფექტს. როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის მეოთხე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული იქნა საკმაოდ დიდი მოცულობის ხარჯები. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებებიდან მეოთხე კვარტალში დაიხარჯა 2.8 მლრდ ლარი, რაც მთლიანი ასიგნებების 34%-ს შეადგენს, ხოლო ინფრასტრუქტურული კუთხით გამოყოფილი ასიგნებებიდან 765 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც წლიური ასიგნების 49%-ია. ვფიქრობთ, ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები მხოლოდ უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას არ მოხმარებია, ისინი მიიმართა საავანსო გადახდებზეც, რომელთა ფარგლებში სამუშაოების შესრულება და, შესაბამისად, დადეკლარირება უკვე 2014 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში განხორციელდა, რამაც შესაბამისი ასახვა პოვა დღგ-ს ბრუნვებსა და, გამომდინარე აქედან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც. ვფიქრობთ, ანალოგიური მიზეზის გათვალისწინებით, მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვეშიც.

დღგ-ს ბრუნვებთან მიმართებაში აღსანიშნავია დღგ-ს ბრუნვებისა და სავალუტო კურსის კორელაცია. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2013 წლის შემოდგომაზე ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო ეტაპობრივი დევალვაცია. საბოლოო ჯამში, 2014 წლის I კვარტლის მდგომარეობით, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავალუტო კურსი 5,6%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, ბუნებრივია, გავლენა იქონია დღგ-ს ბრუნვაზეც ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით ყურადსაღებია დღგ-ს ბრუნვა იმპორტირებულ საქონელზე.

2014 წელს, გასულ წელთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი გადასახადების მობილიზების კუთხითაც. კერძოდ, გასულ სამ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 1,639.4 მლნ ლარი, რაც აღემატება დაგეგმილ 1618.3 მლნ ლარს. ბიუჯეტის გეგმიური მაჩვენებლის შესრულებისას ადგილი არ ჰქონია კვარტლის ბოლოს გეგმის კორექტირების შემთხვევას, რაც რამდენჯერმე გაკეთდა 2013 წელს, თუმცა მიგვაჩნია, რომ I კვარტლის გეგმა უფრო მაღალი მაჩვენებლით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. კერძოდ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების წლიური გეგმიური მაჩვენებელი 8,5%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის ფაქტობრივ მაჩვენებელს, მაშინ როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2014 წლის I კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსაზღვრული გეგმა მხოლოდ 4,2%-ით აჭარბებს შარშანდელ მაჩვენებელს. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღების შემდეგ, ცხადია, ნათელი იქნება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს 2014 წლის კვარტალში დაახლოებით 46 მლნ ლარამდე დააკლდა და ამ სახსრების მობილიზება მთავრობას შემდგომ კვარტლებში მოუწევს. მოცემული დანაკლისი, რა თქმა უნდა, გაცილებით მცირეა, ვიდრე 2013 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულებაში წარმოქმნილი დანაკლისი, თუმცა ეს საკითხი დროულ აღმოფხვრას მოითხოვს.

2014 წლის I კვარტლის გეგმა დანაკლისით შესრულდა გრანტების მუხლით, კერძოდ, განსაზღვრული 51,8 მლნ ლარიდან ჩამოირიცხა მხოლოდ 3,2 მლნ ლარი. გრანტების მსგავსად, დანაკლისით შესრულდა ბიუჯეტი სხვა შემოსავლების მუხლითაც, კერძოდ, დაგეგმილი 74,3 მლნ ლარის ნაცვლად, მობილიზებული იქნა 53,1 მლნ ლარი. აღსანიშნავია პრივატიზების მიმართულებაც. ამ გზით მოსაზიდი სახსრები გადაჭარბებით შესრულდა (გეგმა - 20,5 მლნ ლარი, ფაქტი - 38,2 მლნ ლარი), რამაც ნაწილობრივ გადაფარა სხვა მიმართულებებიდან მიღებული დანაკლისი. სულ, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 97%-ით იქნა შესრულებული.
XS
SM
MD
LG