Accessibility links

logo-print

ანქვაბი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითარება კანონიერ ჩარჩოებში განვითარდეს


ალექსანდრ ანქვაბი

ალექსანდრ ანქვაბი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის ინფორმაციის სამმართველო ავრცელებს ნაწყვეტს ანქვაბის სატელევიზიო ინტერვიუდან. „ე.წ. რთული ფაზის შემდეგ, მიტინგის მიმდინარეობის პარალელურად ჩვენთან ადმინისტრაციაში მოვიდნენ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელები - რაულ ჯუმკას ძე [ჰაჯიმბა], ახრა ბჟანია და სხვები. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ვითარების ნორმალიზაციაზე. ვიხილავდით სხვადასხვა საკითხს. იყო კატეგორიული მოთხოვნებიც, რომ მე უნდა გადავმდგარიყავი. შემდეგ დავუბრუნდით საკითხს, რომ შესაძლოა გადამდგარიყო მთელი მინისტრთა კაბინეტი, რომ თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ გენერალური პროკურორი და ორი რაიონის - ტყვარჩელისა და გალის რაიონების ხელმძღვანელები. განხილვა რამდენჯერმე შეწყდა მათი და ჩვენი თხოვნითაც. ბოლოს განხილვის მიმდინარეობისას, როცა ვთხოვეთ მოეცათ საშუალება ზოგიერთ დეტალზე დახურულ კარს მიღმა გვემსჯელა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეტრიალდნენ და ჩავიდნენ ქვევით, თავიანთ მხარდამჭერებთან, რომლებიც ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ფაქტობრივად დაიწყო შენობის აღება. უშიშროებისა და სხვა სამსახურებმა, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, აგრეთვე სამოქალაქო პირებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ შენობის აღება თავიდან აეცილებინათ. ამის შემდეგ გრძელდებოდა ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობები. ჩვენ კვლავ ვუწევდით წინააღმდეგობას. მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვიმყოფები. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად ვიხილავ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს. ჩემი და ჩემი კოლეგების მოქმედებების მიზანი იყო ერთი - არ დაგვეშვა მოვლენათა იმ სცენარით განვითარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელ შედეგს მოიტანდა. აფხაზეთის ტელევიზიის შენობაში შემოვიდა და ის ფაქტობრივად დაიკავა ადამიანების, მათ შორის - შეიარაღებული ადამიანების, დიდმა ჯგუფმა. რასაკვირველია, ჩემს დაცვას შეეძლო ადეკვატური ზომების მიღება, მაგრამ რას მოგვცემდა ეს, ყველას კარგად გვესმის. მათ ეს არ გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. იურიდიულად, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. უშიშროების საბჭო ახლაც აგრძელებს მუშაობას და იქ მთლიანობაში განიხილება ვითარება. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია რამდენჯერმე შეეცადა გაეგო ძალოვნების მოსაზრება - თუ რას აპირებენ ისინი. ძალოვნები სახელმწიფოს ერთგულები არიან და ყველა ზომას მიმართავენ ვითარების სტაბილიზაციისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითარება კანონიერ ჩარჩოებში განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს“, - განუცხადებია აფხაზეთის ტელევიზიისთვის ალექსანდრ ანქვაბს.
XS
SM
MD
LG