Accessibility links

logo-print

„ეშმაკნი” - ფიოდორ დოსტოევსკის რომანი-წინასწარმეტყველება (1)


ავტორი: ირაკლი მოდებაძე

“ეშმაკნი” ფიოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოებია- იგი დაწერილია XIX საუკუნის 70-იან წლებში. როგორც ცნობილია, მწერალს ბიძგი მისცა რეალურმა მოვლენებმა: 1869 წელს, რევოლუციონერთა ჯგუფმა, ვინმე ნიჩაევის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური მოტივებით მოკლეს თავიანთი თანამებრძოლი იმის შიშით, პოლიციაში არ დაგვასმინოსო. გარდა ამისა, თავად დოსტოევსკიც ახალგაზრდობაში რევოლუციონერი იყო. ამიტომაც, მიღებული გამოცდილებაც ასახა თავის ნაწარმოებში.
ალბათ ლოგიკურიცაა, რომ ნაწარმოები იწყება იგავით მათეს სახარებიდან, სადაც მოთხრობილია ეშმაკებით შეპყრობილი კაცის ამბავი: მას შემდეგ, რაც ქრისტემ განდევნა მისგან ეშმაკები, ისინი ღორის კოლტში შევიდნენ და კლდიდან გადაჩეხეს... ამ მონაკვეთში ალეგორიულად არის ასახული რუსეთში მოღვაწე რევოლუციონერთა საქმიანობის არსი და მათი საბოლოო ბედი: ეშმაკები არიან რევოლუციონერები, ხოლო ღორები ის ხალხი, შემოქმედებითი ენერგიისგან დაცლილი, ღირებულებების არმქონე ნიჰილისტები, რომლებიც იქცევიან ბრმა იარაღად რევოლუციონერთა ხელში და საბოლოოდ კლდიდან გადაიჩეხებიან.
რომანში, შეიძლება ითქვას, ორი ცენტრალური ფიგურაა. ერთი მხრივ, ახალგაზრდა სოციალისტი ვერხოვენსკი, ხოლო მეორე მხრივ თავადი ნიკოლაი სტავროგინი. ვერხოვენსკი ტიპიური ნაძირალაა: მას არ გააჩნია არანაირი ღირებულება, გარდა ძალაუფლებისკენ სწრაფვისა. იგი გაქნილი ავანტიურისტია. მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, მას არ სწამს არც სამშობლოსი, არც ეკლესიის, პირიქით, ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს ერთიც და მეორეც. ღირსება, პატიოსნება, ზნეობა, მორალი მისთვის დრომოჭმული და უსარგებლო ცნებებია. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავისი მიზნების მისაღწევად იგი იყენებს არისტოკრატიას: რაღაც გაურკვეველი მანქანებით, ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ საზოგადოების წინსვლასა და პროგრესზე, სრულიად უცხო და გაუგებარ თემებზე მსჯელობენ: მაგ. ჯარისა და ფლოტის გაუქმების აუცილებლობაზე, მემკვიდრობის, ოჯახის და მღვდლობის მოსპობაზე, რუსული ანბანის ლათინური ასოებით ჩანაცვლებაზე და ა.შ. ამ ყველაფერზე მსჯელობენ არა ვიღაც ვიგინდარა და ქურდბაცაცა ადამიანები, არამედ მწერლები, პოეტები, მეცნიერები და ა.შ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს “რაღაც” ერთგვარი მოდაა, თავსმოხვეული და გაუგებარი. სწორედ ამგვარ გარემოში მოქმედებენ ვერხოვენსკი და მისი მიმდევრები. მათ ყველგან იღებენ, პატივს სცემენ და მათ აზრს იწონებენ. მეტიც, საზოგადოებაში კარგ ტონად ითვლება სოციალისტ რევოლუციონერებთან, როგორც ახალ და პროგრესულ იდეათა მატარებლებთან ურთიერთობა. ვერხოვენსკიმ კარგად აუღო ალღო ამ ახალი მოდის თავისებურებებს, ერთგან ის ამბობს:
“მე უკვე გითხარით: ხალხის წიაღში შევატანთ-მეთქი. იცით, რომ ახლაც ძალიან ძლიერნი ვართ? ჩვენები განა მარტო ისინი არიან, ვინც ჟლეტს, ბუგავს, ტყვიას ისვრის თუ იკბინება. ასეთები მხოლოდ ხელს გვიშლიან. მე დისციპლინას ყველაზე მაღლა ვაყენებ. მე ხომ არამზადა ვარ და არა სოციალისტი! გამიგონეთ, ყველა ეგენი თითებზე მყავს ჩამოთვლილი: მასწავლებელი თუ ყმაწვილს ღმერთსა და დამარწეველ აკვანს უქიაქებს, უკვე ჩვენია. ვექილი თუ განათლებულ მკვლელს იცავს, აქაოდა, ნასწავლი კაცია და რომ არ მოეკლა, ფულს ვერ ჩაიჯიბავდაო ჩვენია. მოწაფეები თუ გლეხკაცს მოკლავენ, აბა რას ვიგრძნობთო, ისინიც ჩვენია. ბოროტმოქმედთა გამამართლებელი მსაჯულები ჩვენია. პროკურორს თუ სასამართლოზე აცახცახებს, საკმარისი ლიბერალობა ვერ გამოვიჩინეო ხომ ჩვენია და ჩვენი. ადმინისტრატორები, ლიტერატორები... ო, ჩვენები ბევრია, საოცრად ბევრი და არც იციან ეს! იცით რამდენს მივაღწევთ მხოლოდ მზამზარეული იდეებით?”
ვერხოვენსკიმ ზუსტად იცის, როგორ და რა პირობებში შეეძლება ძალაუფლების ხელში ჩაგდება:
“ ერთი თუ ორი თაობა მაინც საჭიროა, რომ რომ გარყვნილი იყოს, წარმოუდგენლად, გაუგონრად გარყვნილი. ადამიანი ბილწ, ლაჩარ, გულქვა თავკერძა არარაობად უნდა იქცეს და ცოტა სისხლსაც შეეჩვიოს, აი, რა გვჭირდება ჩვენ!”

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG