Accessibility links

logo-print

„ეშმაკნი” - ფიოდორ დოსტოევსკის რომანი-წინასწარმეტყველება (2)


ავტორი: ირაკლი მოდებაძე

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

ამიტომაც, მისი და მისი დამქაშების საქმიანობა სწორედ იქითაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საზოგადოების ტრანსფორმაცია ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ ნარჩევ საზოგადოებაზე გავლენის მოპოვება, რათა ერთეულების საშუალებით თავიანთი იდეები ათასებზე გაავრცელონ... რუსული არისტოკრატია კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლის ნაცვლად, თავადვე ებმება დაგებულ მახეში და დიდი გულმოდგინებითა და აღტყინებით მიექანება უფსკრულში. ვერხოვენსკის უშუალო დაქვემდებარებაში სულ რამდენიმე ადამიანია, მაგრამ მოხერხებულობის წყალობით, ფაქტიურად მთელი ქალაქის ცხოვრებას განაგებს. თუმცა, მიზნის საბოლოო რეალიზაციისთვის მას სჭირდება ბელადი. მიუხედავად იმისა, რომ იგი დახვეწილი ინტრიგანია, მას მაინც არ ჰყოფნის შინაგანი მუხტი საიმისოდ, რომ ნამდვილ ბელადად იქცეს. მას სჭირდება ძლიერი სულის მქონე ადამიანი, ნებისყოფიანი, მტკიცე და მამაცი. სწორედ ამიტომ, იგი არაფერს იშურებს იმისთვის, რომ ნიკოლაი სტავროგინი დაითანხმოს რევოლუციური მოძრაობის სათავეში მოსვლაზე.
რაც შეეხება სტავროგინს, იგი ნამდვილად გამორჩეული ადამიანია. ის უფრო ნიცშესეულ ზეკაცს ჰგავს, ვიდრე ფუქსავატ არისტოკრატს. მას არაფრად უღირს არც საკუთარი და არც სხვისი სიცოცხლე, იგი ეძებს ხიფათს-ნადირობს დათვებზე და ბარიერზე მდგარი შუბლს უშვერს მოწინააღმდეგის ტყვიას, ხოლო თავის დამბაჩას ჰაერში ისვრის. საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და ამის დასამტკიცებლად ცოლად მოჰყავს სულიერად ავადმყოფი, კოჭლი ქალი. სტავროგინი ნამდვილად ძლიერი სულის მქონე ადამიანია, მაგრამ იგი თითქოს არც სიკეთეს სცნობს და არც ბოროტებას-უბრალოდ, განზე დგას. იგი იმორალურია და მისთვის ერთი ფასი აქვს წმინდანობასაც და უღვთო გარყვნილებასაც. გარკვეული პერიოდი ისიც შედიოდა სოციალისტთა რიგებში, მაგრამ მალე დაანება თავი რევოლუციურ საქმიანობას. სამაგიეროდ, მისი შინაგანი ძალითა და სიმტკიცით მონუსხული ვერხოვენსკი მას ასე ადვილად ვეღარ შეეშვება. მხოლოდ და მხოლოდ სტავროგინის მეშვეობით შეიძლება დიდი საქმეების კეთება და რევოლუციის შემდეგ (თუკი ის საერთოდ მოხდა) მისი შედეგების შენარჩუნება. ვერხოვენსკისთან ნაცნობობა სტავროგინისთვის საბედისწერო ხდება...
რომანის კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია 30 წლის ინჟინერი, ასევე რევოლუციონერი სოციალისტი შატოვი. ვერხოვენსკის არ იყოს, ისიც მონუსხულია სტავროგინით. მაგრამ, მას სტავროგინის სხვა იდეებმა დაახვია თავბრუ და ისიც, მისი სიტყვების არ იყოს, დიადი იდეის ლოდის ქვეშ მატლივით გასრესილად გრძნობს თავს.
“ჯერ არცერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე. ამის მაგალითი ჯერ არ ყოფილა და თუ იყო, მხოლოდ წუთიერად და ისიც სიბრიყვით. სოციალიზმი თავისი შინაარსით უკვე ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონიდან აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს, მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საფუძვლებზე მოაწყოს ყველაფერი. გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან; ასეც იქნება ჟამთა დასასრულამდე. ხალხებს სულ სხვა ძალა ქმნის და ამოძრავებს, სხვა ძალა წარმართავს. მაგრამ რა წარმოშობს ამ ძალას, არავინ იცის და ვერც ამოხსნის. ეს არის დაუცხრომელი სურვილი ჩასწვდე ყველაფერს ბოლომდე და ამავდროულად უარჰყო იგი. მიზანი ყოველი ერისა არის ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება. ღმერთი არის სინთეზური პიროვნება ხალხისა, დასაბამიდან დასასრულამდე. ჩალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ. როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც, ისპობა ხალხიც და ისპობა რწმენაც. რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით უფრო განსაკუთრებულია ღმერთი მისი. არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. ყველა ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტების, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. როცა ხალხებს საერთო ცნებები ექმნებათ სიკეთისა და ბოროტებისა, იქ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. გონებას თავის დღეში არ შეეძლო ერთის გარჩევა მეორისგან და მუდამ სამარცხვინოდ ურევდა მათ ერთმანეთში...”
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს სიტყვები ეკუთვნის ნიკოლაი სტავროგინს, რომლებმაც თავგზა აუბნიეს შატოვს და თანდათანობით ჩამოაშორეს სოციალისტურ მოძრაობას. მეტიც, იგი მათ მტრად იქცა. სწორად ამაშია სტავროგნის ძალა: მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია ხალხში როგორც ნიჰილიზმისა და უზნეობის, ისე პატრიოტული იდეების შთანერგვა და მათი დაძვრა სამოქმედოდ. ამიტომ სჭირდება ის ვერხოვენსკის...
რაც შეეხება რევოლუციონერებს, შეიძლება ითქვას, რომ აქ მეტწილად გაიძვერა და ავანტიურისტი ხალხია თავმოყრილი: შიგილოვი, ლიპუტინი, ერკელი... ამ ხალხს არაფერი წმინდა არ გააჩნია და დემონური გააფთრებით ებრძვიან სხვის ღირსებასა და სიწმინდეს. თუმცა, ისინი ერთმანეთისთვისაც საშიშნი არიან. ამიტომაც, სტავროგინის რჩევით, ვერხოვენსკი მოაწყობს შატოვის მკვლელობას, რომლეშიც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებიც მონაწილეობენ. ვერხოვენსკის ჩანაფიქრით, საერთო ძალისხმევით ჩადენილმა ბოროტმოქმედებამ ისინი ერთმანეთს უნდა შეადუღაბოს, რათა შეიქმნას მტკიცე რევოლუციური კავშირი.
საბოლოოდ, სოციალისტების ძალისხმევა მაინც ამაო აღმოჩნდება: ბოლოს და ბოლოს, არეულობის, მკვლელობებისა და მღელვარების ფონზე ძლიერნი ამა ქვეყნისანი გონს მოდიან, მაგრამ უკვე გვიანია-დაღვრილია უდანაშაულო ადამიანების სისხლი, ხოლო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, პიოტრ ვერხოვენსკი დაუსჯელი რჩება. შეიძლება ითქვას, რომ მისია შესრულებულია: იმ ღორების მსგავსად, დემონებმა რომ გადაჩეხეს კლდეზე, ახალგაზრდა სოციალისტმა თავისი მიმდევრები შეატოვა ციხესა და სახალხო სიძულვილს, თავად კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. სტავროგნიმა კი თავი მოიკლა...
უნდა ითქვას, რომ მწერალმა 50 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ის მოვლენები, რომლებიც მოჰყვა ოქტომბრის რევოლუციას, ისევე, როგორც ნათლად აღწერა რევოლუციონერთა მისწრაფებები და მათი სახე. სამწუხაროდ, რუსულ საზოგადოებას არც მაშინ და არც შემდგომ არ ეყო წინდახედულობა, რომ სწორად შეეფასებინა მოვლენები და თავიდან აეცილებინა ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა. თუმცა, თავისი მნიშვნელობით რომანი ბევრად უფრო ფართოა და მასში წამოჭრილ პრობლემებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მომავალში სწორედ ის გახდეს ახალი ლიპუტინებისა და ვერხოვენსკების მსხვერპლი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG