Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი: სამივე ქვეყანამ აირჩია ევროკავშირთან დაახლოების გზა


იურიე ლეანკა, ირაკლი ღარიბაშვილი, ანგელა მერკელი, არსენი იაცენიუკი
იურიე ლეანკა, ირაკლი ღარიბაშვილი, ანგელა მერკელი, არსენი იაცენიუკი
ბერლინში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არსენი იაცენიუკმა და იურიე ლეანკამ. შეხვედრას წინ უძღოდა ოთხი ქვეყნის მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრესკონფერენციაზე განაცხადა: "საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო - მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო - ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის განმტკიცებას. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია რომ ეფექტიანად განახორციელოს ასოცირების შეთანხმება, რათა სრულად მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი. აქვე მინდა აღვნიშნო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პერსპექტივა, აღმოსავლეთის პარტნიორობის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დამოკიდებული არის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე".

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით: "სამივე ქვეყანამ გამოიმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის პოზიცია, ადგილი ჰქონდა მოლდოვასა და საქართველოსთან დოკუმენტის პარაფირებას, უკრაინა ემზადება ხელმოწერისათვის. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს, იმედი გვაქვს ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება სამივე ქვეყნის შემთხვევაში. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სამივე ქვეყანამ აირჩია ევროკავშირთან დაკავშირების, დაახლოების გზა, ისინი თავიანთ ქვეყნებში განაგებენ დისკუსიებს, ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს თავისი პასუხისმგებლობისაკენ. ჩვენ გვინდა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რომელი გზით წავიდნენ და სწორედ ამას ეძღვენება ჩვენი დღევანდელი შეკრება".
XS
SM
MD
LG