Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენს აშშ-ში დაბრუნება სურს


აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“. ინტერვიუ ოთხშაბათს საღამოს გავიდა ეთერში. სნოუდენმა განაცხადა, რომ მას სურს აშშ-ში დაბრუნება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთში მეტ ხანსაც დარჩება. ედვარდ სნოუდენი ძებნილია. აშშ-ის სასამართლო მას ბრალს სდებს ჯაშუშობაში. სნოუდენთან ინტერვიუ მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი. რესპონდენტმა უარყო რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ საიდუმლო მასალები პატრიოტიზმის გამო გაავრცელა. 28 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სნოუდენის მიერ დაზვერვის მასალების გავრცელებამ სერიოზულად დააზიანა აშშ-ის უსაფრთხოება და რომ მან „უღალატა თავის ქვეყანას“. ჯონ კერი თვლის, რომ ედვარდ სნოუდენმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე, დაბრუნდეს აშშ-ში და წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. „ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-დან გაქცევის შემდეგ არ აპირებდა რუსეთში დარჩენას, არამედ ლათინურ ამერიკაში გამგზავრება სურდა. თუმცა, იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა, რადგან ამერიკის ხელისუფლებამ მისი პასპორტი გააუქმა. სნოუდენი მოსკოვში ჰონგ-კონგიდან ჩავიდა. მოგვიანებით მას რუსეთში ერთწლიანი, დროებითი თავშესაფარი მისცეს, რომლის ვადა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს იწურება.
XS
SM
MD
LG