Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოჯახის მიერ მოკლული ქალის მეუღლე გმობს პოლიციის უმოქმედობას


ოჯახის წევრების მიერ მოკლული პაკისტანელი ქალის - ფარზანა პარვინის ქმარი მუჰამედ იყბალი გმობს პოლიციის უმოქმედობას. პარვინი სამი თვის ორსული იყო და ის ოჯახის წევრებმა სამშაბათს ჩაქოლვით მოკლეს ლაჰორის სასამართლოს შენობის წინ, სადაც პოლიციაც იმყოფებოდა და არაფერი გააკეთა ძალადობის აღსაკვეთად. ფარზანა პარვინის ოჯახის წევრების განრისხების მიზეზი ის გახდა, რომ ფარზანა საყვარელ მამაკაცს გაჰყვა ცოლად. მუჰამედ იყბალმა „ბი-ბი-სის“ უთხრა, რომ ის და მისი ახლობლები დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ პოლიციამ არ შეისმინა - „ისინი უყურებდნენ როგორ კლავდნენ ფარზანას და არაფერი იღონეს“. შეთანხმებული ქორწინებები პაკისტანში ნორმად ითვლება, ოჯახის წინააღმდეგ წასვლა კი ბევრ თემში - წარმოუდგენელ საქციელად. ფარზანა პარვინის მშობლებმა მუჰამედ იყბალს სასამართლოში უჩივლეს ქალის მოტაცების გამო. ფარზანამ კი პოლიციას უთხრა, რომ ნებით გაჰყვა მუჰამედს ცოლად. როგორც მოკლულის მეუღლე ყვება, სამშაბათს ფარზანას ნათესავები სასამართლოს შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მათ ქალი გაათრიეს და ჩაქოლვით მოკლეს. მოგვიანებით ფარზანას მამა პოლიციას ჩაბარდა. თუმცა, სხვა ნათესავები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ დანაშაულში, თავისუფლები არიან. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის მონაცემებით, გასულ წელს პაკისტანში 869 ქალი მოკლეს „ღირსების დასაცავად“. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნავი პილაიმ პაკისტანის მთავრობას „სასწრაფო და მძლავრი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG