Accessibility links

28 მაისს გარდაბნის რაიონულ ცენტრში მომხდარ ჩხუბს, რომელშიც რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მონაწილეობდა, გარდაბნის რაიონული პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის ნიშნებზე.

გარდაბნის ცენტრში მდებარე ჩაის სახლში დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მასში, თვითმხილველების თქმით, ორასამდე კაცი მონაწილეობდა.

ჩხუბისა და დაპირისპირების აღკვეთა მხოლოდ პოლიციის სპეციალური რაზმის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი. „ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამინ ბაირამოვი კონფლიქტის ეთნიკურ შემადგენელთან ერთად პოლიტიკურ მოტივსაც უსვამს ხაზს. აი, რა განუცხადა მან ინტერნეტგამოცემა „თავისუფალ ზონას“:

„რაც უფრო მეტად ვიკვლევ წუხანდელ ინციდენტს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მათი მფარველები ადგილობრივი ხელისუფლებიდან. არ მინდა აღნიშნულ საკითხს ეთნიკური დაპირისპირების კვალიფიკაცია მივცე. სავარაუდოდ, ეს იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა კარგად დამუშავებული ტაქტიკით. პრობლემა ის არის, რომ ძალადობის ელემენტებს თან ახლდა შეურაცხყოფა როგორც პოლიტიკური, ასევე ეთნიკური ნიშნით“.

მსგავსიც არაფერი მომხდარა! იჩხუბეს მოქალაქეებმა, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ წევრები არიან და არც „ნაციონალური მოძრაობის“. ეს ყველაფერი დაგეგმა რამინ ბაირამოვმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა...
რამინ ბაირამოვის თქმით, ჩხუბობდა ხელჯოხებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული ადამიანი. ერთ-ერთმა პოლიციელმა მათ დასაშოშმინებლად ჰაერშიც კი გაისროლა. ბაირამოვის მტკიცებით, ძალადობაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ. ჩხუბის დროს ისმოდა შეძახილები: „ცემე ეგენი, ნაციონალები არიან“. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გარდაბნის გამგებელმა ამბაკო ავალიანმა გამორიცხა 28 მაისს მომხდარ დაპირისპირებასთან „ქართული ოცნების“ კავშირი.

„მსგავსიც არაფერი მომხდარა! იჩხუბეს მოქალაქეებმა, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ წევრები არიან და არც „ნაციონალური მოძრაობის“. ეს ყველაფერი დაგეგმა რამინ ბაირამოვმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა და სწორედ მაგან დაუდო ამ ჩხუბს პოლიტიკური სარჩული. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ხდება ხოლმე, ჩხუბი ვის არ მოსვლია. ვიმეორებ, პოლიტიკურ დაპირისპირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთი მხარეც და მეორე მხარეც იყო ნასვამ მდგომარეობაში და ამას მოჰყვა ყველაფერი“, უთხრა ამბაკო ავალიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, ანუ 29 მაისს, გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა მომხდარის გამო საპროტესტო აქცია გამართეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გიგი უგულავაც მიიჩნევს, რომ დაპირისპირება აშკარად ატარებდა პოლიტიკურ და ეთნიკურ შეფერილობას:

მართალია, კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მაგრამ ნებისმიერი არეულობა და შეხლა-შემოხლა გვიზიანებს ქვეყანას და საარჩევნო პროცესს...
„ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ გუშინ გარდაბანში გამოყენებული იყო ის ტერმინოლოგია, რომელიც საქართველომ შორეულ 90-იან წლებში დატოვა. გუშინ ჩვენ უხვად ვიხილეთ „ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომლებსაც პოლიტიკურთან ერთად ჰქონდა ეთნიკური დისკრიმინაციის აშკარა ნიშნები. მოვითხოვთ კატეგორიულად, უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ეს საქმე, რადგანაც ის არის განსაკუთრებული“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 მაისს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის, ანუ ხულიგნობის ნიშნით. ინციდენტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის:

„მინდა მივმართო გუშინდელი ინციდენტის მონაწილე გარდაბნელ სვანებს. მართალია, კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მაგრამ ნებისმიერი არეულობა და შეხლა-შემოხლა გვიზიანებს ქვეყანას და საარჩევნო პროცესს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ გარდაბნის რაიონში სიმშვიდისაკენ“.

თუმცა ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარზე ამგვარი რეაგირება არასაკმარისად მიაჩნიათ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს მათი მხარდამჭერების ფიზიკური დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მმართველმა კოალიციამ არჩევნებამდე ჩამოიშოროს არასასურველი კონკურენტები. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სწორედ ამგვარი ზეწოლის შედეგად, სულ ახლახან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს შახვადდინ კოჯაევმა, ალმაზ რამაზანოვმა და მურაზ გასანოვმა, რომლებიც დმანისის რაიონში აპირებდნენ კენჭისყრას.
XS
SM
MD
LG