Accessibility links

logo-print
დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მესამე დღეა სოხუმში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. სოხუმში მცხოვრებთა საპროტესტო მუხტი არ შეხებია რეგიონის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებს. შეზღუდვების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში, გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ საზღვარზეც.

მგზავრთა განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა დღეს ენგურის ხიდზე. როგორც რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მგზავრთა რაოდენობა ყოველი თვის ბოლოს განსაკუთრებით მატულობს, ზუგდიდში კუთვნილი პენსიებისა და ფულადი დახმარების მიღების მიზეზით.

„პასპორტი თუ გაქვს, გაგიშვებენ. თუ არა გაქვს, მაშინ თხოულობენ. უნდა გქონდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსულმა ზოია ბასარიამ.

რაც შეეხება სოხუში მიმდინარე მოვლენებს, რესპონდენტების თქმით, მათთვის მხოლოდ ის ინფორმაციაა ცნობილი, რასაც ქართული და რუსული ტელეარხები ავრცელებენ.

„დაძაბულობა ტელევიზორიდან ვიცით“.

„საინფორმაციოდან გავიგეთ. ისიც, გადაცემა იყო აქედან, თბილისიდან. არ ვიცი, როგორ იქნება, როგორ გადატრიალდება“.

„ჩვენ ვიყოთ ნორმალურად და ხაჯიმბა იქნება თუ... ჩვენთვის სულერთია“.
„ჩვეულებრიობაა ჯერ. მე ახლო სოფლიდან მოვდივარ და ეს უფრო იქით ხდება“.

„ჯერჯერობით ჩვენ არ ვამჩნევთ არაფერს აქ და არ ვიცი. არ ვიცი, როგორ იქნება ჩვენი საქმე“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდზე.
გალის რაიონიდან ზუგდიდში ჩამოსული მგზავრები სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან ვიდეოკამერაში, ამბობენ, ახლა განცხადებების გაკეთება იქ მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებით სახიფათოაო.

მაგალითად, ოკუპირებულ სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა ახალგაზრდა ქალბატონმა რადიო თავისუფლებასთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დასაქმებული და ჟურნალისტებთან ურთიერთობას სწორედ ამიტომ არიდებს თავს.

მისი განმარტებით, გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის გადადგომა არ სურთ, რადგან მან ცოტა ადრე არ შეასრულა ოპოზიციის მოთხოვნა ქართველებისთვის ე.წ. ყალბი აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შესახებ. რესპონდენტების თქმით, ახლა სოხუმში მიმდინარე აქციების შედეგებს განსაკუთრებით ელოდებიან გალსა და ტყვარჩელში - იქ, სადაც ეთნიკურად ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ნაწილს ეშინია, ნაწილი თვლის, რომ ჯერ ჯერობით შიშის საბაბი არ არსებობს.

აფხაზეთიდან ზუგდიდში ჩამოსულ მგზავრებზე მეტად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონის საშუალებით საუბარს ერიდებიან. რესპონდენტები, რომლებთანაც რადიო თავისუფლება ადრე სატელეფონო ჩანაწერებს აკეთებდა, დღეს, სიფრთხილის გამო, კატეგორიულ უარს აბობენ.

საპროტესტო აქცია სოხუმში 27 მაისს დაიწყო. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ისინი ხელისუფლების „ავტორიტარულ“ მმართველობას აპროტესტებენ. ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობის გადადგომასთან ერთად გალისა და ტყვარჩელის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, 27 მაისს ოპოზიციონერთა ჯგუფი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მაშინ, როცა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ანქვაბთან მოსალაპარაკებლად იყვნენ მის კაბინეტში. ის უძულებული გახდა შენობა დაეტოვებინა. სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა მაშინ ცნობა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნებს დასთანხმდა. მეორე დღეს კი, 28 მაისს, ალექსანდრ ანქვაბმა განცხადება გააკეთა, რომ კიდევ არსებობს შანსი ვითარების სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG