Accessibility links

logo-print

სლავიანსკთან დაიღუპნენ 13 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი გენერალი


უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, 13 უკრაინელი ჯარისაცი და ერთი გენერალი დაიღუპა შვეულმფრენში, რომელიც პრორუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში. წუხელ კი სეპარატისტებმა ხელთ იგდეს ქალაქ ლუგანსკში მდებარე სამხედრო ნაწილი, სადაც თავდასხმას ერთი უკრაინელი ჯარისკაცი შეეწირა.

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკთან პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 29 მაისის დილიდან წამოიწყეს შეტევა უკრაინის არმიის პოზიციებზე. ვითარება რომ უკიდურესად დაიძაბებოდა, ამას წუხანდელი ღამეც მოწმობდა, როდესაც პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა რაზმებმა ლუგანსკში შტურმით აიღეს უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილი და სროლაში ერთი ჯარისკაცი მოკლეს. 29 მაისს კი უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სლავიანსკთან სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისა და 14 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ აცნობა:

„სწორედ ახლა მომაწოდეს ცნობა სლავიანსკიდან, რომ რუსული იარაღით შეიარაღებულმა ტერორისტებმა ჩამოაგდეს ჩვენი შვეულმფრენი, რომელსაც თანამებრძოლების შესაცვლელად გაგზავნილი ჯარისკაცები გადაჰყავდა. დაიღუპა 14 ჩვენი ჯარისკაცი, მათ შორის, გენერალი კულჩიცკი“.
შეტაკებები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში განახლდა მას შემდეგ, რაც უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მომავალ კვირაში მოლაპარაკებას გამართავს. წინასწარი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები საფრანგეთში 6 ივნისს მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის დღესასწაულს დაესწრებიან.
მანამდე კი გერმანიაში მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას და განაცხადა, რომ კრიზისი ორ კვირაში დასრულდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ტერორისტების მხარდაჭერას:
უბრალო შეგონებებით ვითარებას ჩიხიდან ვერ გამოვიყვანთ. ალბათ, საჭიროა უფრო ეფექტური საშუამავლო ძალისხმევა იმისათვის, რომ შეწყდეს ძალადობა - პირველ ყოვლისა, სადამსჯელო ოპერაცია...

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პუტინს დაგმოს ტერორისტები და ჩაკეტოს საზღვარი. ეს არის მისი ვალდებულება, რომ დაეხმაროს უკრაინას ამ ტერორისტების ალაგმვაში. თუ რუსეთი გავა ამ თამაშიდან, დამერწმუნეთ, ჩვენ ვითარებას კონტროლზე ერთ-ორ კვირაში ავიყვანთ. მაგრამ ჩვენთვის უდიდეს პრობლემას ქმნის ის, რომ რუსეთი აფინანსებს და დიდ დახმარებას უწევს ტერორისტებს უკრაინის ტერიტორიაზე“.

რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებას და აცხადებს, რომ პრორუსულად განწყობილი მეამბოხეები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს იცავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების მოწესრიგებას უფრო ეფექტური შუამავლების ძალისხმევა სჭირდება:

„უბრალო შეგონებებით ვითარებას ჩიხიდან ვერ გამოვიყვანთ. ალბათ, საჭიროა უფრო ეფექტური საშუამავლო ძალისხმევა იმისათვის, რომ შეწყდეს ძალადობა - პირველ ყოვლისა, სადამსჯელო ოპერაცია - და დაიწყოს ურთიერთპატივისცემით დიალოგი“.

მიუხედავად შვეულმფრენის და ეკიპაჟის დაღუპვისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ კოვალმა განაცხადა, რომ უკრაინის ავიაცია გააგრძელებს ფრენას დონეცკსა და ლუგანსკზე ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებამდე. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავები არ აწარმოებენ საბრძოლო ფრენას დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ირგვლივ გრძელდება რუსეთისა და უკრაინის დიპლომატიური დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 28 მაისს განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ უკრაინას უნდა მოუწოდოს შეწყვიტოს „შეიარაღებული ქაოსი“. უკრაინის ელჩი იური სერგეევი კი გაეროს სთხოვს, რუსეთს მოსთხოვოს თავისი სამხედროებისა და პარამილიტარისტული დაჯგუფებების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.
XS
SM
MD
LG