Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მოკლე წერილი დედას


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

დე, ხანდახან როგორ მჭირს ხოლმე უშენოდ...
დე, შენ ხომ მეუბნებოდი, დიდი გოგო ხარ უკვე, რაღა დროს შენი ბავშვური საქციელიაო?
ე.ი უკვე გავიზარდე, დე?
ე.ი ისევ ისე, ბავშვურად აღარ გიყვარვარ?
დე, შენთვის შევიცვალე?
რამე შეიცვალა ჩვენ შორის, დე?
დე, მასთან ბედნიერი ხარ?
შენ ხომ მის გამო დაგვტოვე და წახვედი?!
მამა ნერვიულობდა ძალიან, დე !
უსიტყვოდ გადაიცვალა მამა !
სიკვდილის წინ რომ ჩავხედე თვალებში, შენი აჩრდილი ქონდა ჩამდგარი, დე.
ბოლოს, ერთი ცრემლი ჩამოუგორდა მარცხენა თვალიდან და ტუჩზე დაეცა. მოწმენდა დავაპირე და ხელით დამიჭირა, არ დამანება... შენ იყავი ის ცრემლი, დე?!
შენზე ოცნებით მოკვდა მამა !
ისე გაგვზარდა ერთი საყვედურიც არ დასცდენია შენზე, დე ...
ერთხელ, ჩვენს ეზოში ორი კნუტი მოვიდა, დე. საწყლებს ძალიან შიოდათ. მე და ტოშიომ რძე გამოვუტანეთ კნუტებს. მერე დავინახეთ, რომ კნუტების დედა ეზოს კართან იდგა და გვიყურებდა. ისიც მშიერი იყო, მაგრამ არ მოგვეკარა. როგორც კი დაინახა, რომ მისი შვილები გამოვკვებეთ, მიტრიალდა და წავიდა, კნუტები ჩვენ დაგვიტოვა, დე !!!
მამას ვკითხეთ რატომ მიატოვა კატამ თავისი შვილები ისე, როგორც დედამ ჩვენ მიგვატოვა-მეთქი? მამამ ვერაფერი გვიპასუხა. მერე დავინახეთ, რომ მამა ჩუმად ტიროდა.
მართლა ასე კნუტებივით რატომ დაგვტოვე, დე?
ჩვენ ხომ ძალიან გვჭირდებოდი?
მე და ტოშიო გავიზარდეთ, დე. შენ რომ ოცნებობდი ისეთი წარმატებულები ვართ ორივე. სკოლაც და უნივერსიტეტიც წარჩნებულად დავამთავრეთ. რამე კარგი რომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში მე ჩემს ოთახში ვიკეტები და მამას ვესაუბრები ხოლმე, ვიცი რომ მისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცაშია, ვიცი რომ ჩემი ესმის. შენ დედამიწაზე ხარ. სადღაც ჩვენ გარშემო დადიხარ და ალბათ, ქუჩაში რომ შემხვდე ვერც მიცნობ, თუმცა მე მაინც გელაპარაკები ხოლმე, დე.
მამა გვეუბნებოდა, ჩემზე მეტად გიყვარდეთო, შენზე, დე ... არ ვიცი, როგორ უნდა მიყვარდე მამაზე ძალიან, შენ ხომ ადექი და უბრალოდ წახვედი. შენ არ იყავი ჩემთან, როცა სიცხით დატანჯული ღამე შენს სახელს ვბოდავდი. შენ არ იყავი ტოშიოსთან, როცა მას ღამე კოშმარად ესიზმრებოდი და ტირილით ბალიშებს ასველებდა. შენ არ იყავი მამასთან, როცა შენზე ფიქრში და ოცნებაში დაავადმყოფდა და ჩვენგან წავიდა. შენ მასთან იყავი, დე ! როგორ მოახერხა, რომ ჩვენზე მეტად შეგიყვარდა? როგორ მოახერხა, რომ შენი თავი სამუდამოდ წაგვართვა, დე?!
თუ ოდესმე დაბრუნდები,ალბათ ვერ გაპატიებ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ, დე !
.......................................................................................................
.......................................................................................................
მასთან მართლა ბედნიერი ხარ, დე?!!!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG