Accessibility links

logo-print

შენს იქით, მაგათ ოცნება არ აქვთ!


ავტორი: თამარ კურატიშვილი

სანამ მეზღვაურს გემს, სამხედროს ჩინს, ბერს რწმენას, ჟურნალისტს სიტყვას, ტაქსისტს მანქანასა თუ ბანკნოტს ფულს არ ჩამოართმევენ, საერთო სათქმელს მანამ არავინ იტყვის. არა და, სხვას ისე არაფერს შეუძლია ერის გაერთიანება, როგორც საერთო სათქმელს და ბიძინა, მიშა თუ ბეჟანი_მხოლოდ პირობითი სახელებია.
პირობითია დღეს ქართული პოლიტიკა, პოლიტიკოსების დაპირებებიც პირობითია და მათთვის ეს ყოველთვის მოსახლეობის საამებელი სიტყვებით განისაზღვრებოდა, არა თუ, ამ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით.
აგერ, გივის რომ დაჰპირდნენ,_დენის, წყლისა და გაზის გადასახადებს შეგიმცირებთო, წავიდა და ხმა დამპირებელს მისცა. გივის დამპირებელი რომ ხელისუფლებაში მოვიდა, ახლა ეუბნება, _გივი, ჰესებს რომ ავაშენებთ, გადასახადებს მაშინ შეგიმცირებთო. არა და, ჰესები თუ აშენდა, გივის მშობლების საფლავს წყალი დაუფარავს, ახლადჩაყრილი წყლისა და გაზის მილები ოხრად დარჩება და სახლიდანაც ოჯახიანად აყრა მოუწევს. სად წაიყვანს კომლობით ოჯახებს მთავრობა, დევნილებს არ სწყალობს დანგრეულ შენობებში შეხიზვნას?!
დაჰპირდნენ ბიზნესმენს, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღვადგენთ და ღვინოს მალე გაიტან სლავურ ბაზარზეო. ღვინო და ბორჯომი კი გადის, მაგრამ რუსის სამხედრო გადმოდის ე.წ.საზღვარზე, ჯონჯოლის საკრეფად გასულ ქართველ გლეხებს იტაცებს სოფლებიდან და კაციშვილი ამ თემას ქვეყანაში მიმდინარე ახალი ამბების იქით არ განიხილავს. ეს მავთულხლართებიც ნელ-ნელა მოღოღავს ჩვენკენ და ზღვა რომ კოვზით ილევა, გვავიწყდება.
ჩამოდი ფრანგო, გერმანელო, ინგლისელო დელეგატო, კაის გასმევენ,გაჭმევენ გალაპარაკებენ, ტაშსაც დაგიკრავენ და კეთილი სურვილებითაც გაგისტუმრებენ. წახვალთ და, ოცნების გარდა, თქვენგან ქართველს არც არაფერი დარჩება.
აი, ოცნებებში კი აღვირახსნილები ვართ_ ვნატრობთ, ჰოლანდიაში კაიფს, გერმანიაში ქურდობით გაზმანვას, ესპანეთისა და იტალიის „კაი ბიჭობას“, ფრანგულ კოცნებს... აი, ინგლისისას, მონარქის გარდა, მგონი რომ, არც არაფერს ვნატრობთ.ეს ოცნება მალე აგვიხდება კიდეც, უფლისწული კი პირზერძეახლადშემშრალია, მაგრამ რეგენტი გვყავს რაინდი, თანაც, ფულიანი. ისე, ბიძინაზეც ასე გვეგონა, თავისი ბევრი აქვს, ჩვენ მაინც აღარ წაგვართმევსო, მაგრამ კახეთზე გაცემული 80 მილიონიც დაიბრუნა და ამ „ოცნებებმაც“ 40 -40 ათასებად აიღეს პრემიები.
ოცნებობენ ტელევიზიებიც მაღალ რეიტინგებზე და გვარამიები გვიხდიან ბოდიშებს, გვთხოვენ პატიებებს დანაშაულის, ტყუილისა და ჩვენით მანიპულირების გამო. გვპირდებიან ობიექტურობას, პარტიული დამოკიდებულებებებისაგან გათავისუფლებას. ჟიჟილაშვილები პირდაპირ ეთერში გვილანძღავენ მერობის კანდიდატებს, იწვევენ დისკრიმინანტ რაინდ ვასაძეებს გეობა-ლესბოსელობის განსამარტად.
ოცნებობენ არასამთავრობოები გრანტებზე, ენჯეოები საზოგადოებრივი მაუწებლის ხსნაზე,მართლმადიდებლური ჯგუფები. კი ამ არხზე ''წითელი ზონის'' დახურვაზე, ჯაჭვლიანები ჩმორებზე, ჭიკაიძეები სააკაშვილებზე, გედები და ბესელიები ანტიდისკრიმინაციული კანონის მართლმადიდებლობასთან შეთავსებაზე და მოკლედ გეტყვი, შენზე ოცნებობს ყველა, რომ მიხვალ, შემოხაზავ მათთვის საჭირო რიცხვს, გადართავ მათთვის საჭირო არხზე, გაივლი მათთვის საჭირო ქუჩაზე, გალახავ მათთვის საჭირო ხალხს, უთვალთვალებ მათთვის საჭირო პირებს და შენს იქით, მაგათ ოცნება არც აქვთ.
ოცნება მე და შენ მანამ არაფერში წაგვადგება, სანამ საერთო სათქმელს არ ვიტყვით და საერთო საჭიროებებს არ განვსაზღვრავთ.
აქვეყნონ ნანუაშვილებმა ყოველწლიური ანგარიშები და აკოპირონ წინა წლების რეკომენდაციები, აკოპირებენ კიდეც, ხო, რადგან ოცნებით არაფერი იცვლება და პატიმრისა თუ ვაჭრის უფლება ისევ ისე ირღვევა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG