Accessibility links

logo-print
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ფირმების 96% მცირე და საშუალოა, მათგან მხოლოდ 13 პროცენტია მოქმედი, მათი წილი კი მშპ-ში მხოლოდ 6 პროცენტია. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია იმ ბარიერებისა და ფაქტორების ზუსტი იდენტიფიცირება, რომელიც მეწარმეობის განვითარებას უშლის ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კვლევა, რომელსაც შვეიცარიის ფრაიბურგის უნივერსიტეტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ატარებს და რომლის ფარგლებშიც ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოიკითხება ერთი და იგივე 350 თვითდასაქმებული და 250 მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი. საკვლევ რეგიონებად შერჩეულია კახეთი, აჭარა და თბილისი. ინტერვიუების პირველი რაუნდი ჩატარდა 2013 წლის აგვისტოში, ხოლო მეორე 2014 წლის თებერვალში. 6-თვიანი ინტერვალით ჩატარებული გამოკითხვების დროს საკმაოდ საინტერესო შედეგები გამოიკვეთა. ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ:

2014 წელს უფრო ნაკლები მეწარმე გეგმავს წინასწარ. თვითდასაქმებულთა 90% და მიკრო და მცირე ფირმების 70% არ გეგმავს უახლოეს მომავალში მეტი მომსახურების თუ საქონლის გაყიდვას. მიკრო და მცირე ფირმების 4,5% და თვითდასაქმებულების მხოლოდ ერთი პროცენტი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მათ ჰქონდათ ბიზნესის განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა. პირველ რაუნდთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლები რესპონდენტი გეგმავს ახალი ბიზნესის წამოწყებას დამოუკიდებლად ან პარტნიორთან ერთად.

მცირე ცვლილება შეინიშნება თვითდასაქმებულების საქმიანობაში რაუნდებს შორის: 35 რესპონდენტით მეტი ასახელებს სოფლის მეურნეობას, როგორც ძირითად საქმიანობას. ამ ადამიანებმა ან თავიანთ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ათვისება დაიწყეს, ან, ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტი ყურადღება დაუთმეს ამ სექტორს. თვითდასაქმებულთა 92%, ხოლო მიკრო და მცირე საწარმოთა 32% არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას. თვითდასაქმებულთა უმრავლესობა ზეპირი კონტრაქტებით ხელმძღვანელობს, მაშინ როდესაც მიკრო და მცირე საწარმოთა 40% წერილობით ხელშეკრულებებს იყენებს. ეს მონაცემები პირველი რაუნდის შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

მიკრო და მცირე მეწარმეები, თვითდასაქმებულებთან შედარებით, უფრო თვითდაჯერებულნი არიან. მიკრო და მცირე მეწარმეების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მათ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები თავიანთი საქმიანობის საწარმოებლად. ამგვარად თვითდასაქმებულთა 40 პროცენტზე ნაკლები ფიქრობს. თვითდასაქმებულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის შიში ხელს შეუშლის მათ ახალი მომსახურების ან საქმიანობის დაწყებაში, ამასვე ფიქრობს მიკრო და მცირე ბიზნესის 35%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის სტრუქტურა. ღირებულებითი ჯაჭვი განუვითარებელია, მაღალია ადგილობრივ ბაზრებზე კონცენტრაცია - 80% თვითდასაქმებულებისა და მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. ეს მდგომარეობა უცვლელია ორი რაუნდის განმავლობაში.

უმთავრესი ცვლილება, პირველ რაუნდთან შედარებით, არის მეწარმეების განწყობა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პერსპექტივების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებულ ინტერვიუებში მეწარმეები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით - გამოკითხულთა მხოლოდ 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა მომავალ 6 თვეში გაუმჯობესდება, ხოლო 32 პროცენტს ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, 18 პროცენტის აზრით კი, მდგომარეობა გაუარესდება.

სამთავრობო ინიციატივები, როგორიცაა „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ შექმნა და „აწარმოე საქართველოში“, მხოლოდ ახლახან დაიწყო და საინტერესო იქნება რესპონდენტთა პასუხების მონიტორინგი აღნიშნული პროექტების თაობაზე.
XS
SM
MD
LG