Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბი სახალხო ნდობის საბჭოს გადაწყვეტილებებს უარყოფს


საპროტესტო აქცია სოხუმში, 2014 წლის 29 მაისი
საპროტესტო აქცია სოხუმში, 2014 წლის 29 მაისი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ყველა სტრუქტურას მოსთხოვა გამორიცხონ ოპოზიციის მოქმედებით გამოწვეული სიტუაციის ძალისმიერი მეთოდით მოგვარების შესაძლებლობა. ამის შესახებ სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში მონაწილეობს. ამასთან, ალექსანდრე ანქვაბი არ ეთანხმება ადგილობრივი პარლამენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რომელიც სოხუმში 28 მაისს ჩავიდა, გამწვავებული ვითარების დარეგულირების მიზნით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რჩება და შეხვედრებს გამართავს როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან. რუსეთის ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულმა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ ალექსანდრე ანქვაბზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის მოთხოვნაა, ვითარების ძალისმიერი გადაწყვეტის ყველანაირი შესაძლებლობა გამოირიცხოს. ოპოზიციის ლიდერის, „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ხელმძღვანელის, რაულ ხაჯიმბას თქმით კი, დღეს რესპუბლიკაში ორი ლეგიტიმური უწყებაა - ეს არის პარლამენტი, რომელმაც 29 მაისის გვიან საღამოს უნდობლობა გამოუცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას, და მეორე უწყება - ეს არის 21 წევრისგან შემდგარი სახალხო ნდობის დროებითი საბჭო, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს. საბჭოს შექმნის შესახებ ხაჯიმბამ 29 მაისს რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა:

„საბჭო, რომელიც იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ახლა, ამ ეტაპზე. იქნება შესაბამისი სტრუქტურები - ისინი არის კიდეც - სამინისტროები, უწყებები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ“.
პრეზიდენტი ანქვაბი არსად წასულა, ის აფხაზეთში იმყოფება. პრეზიდენტ ანქვაბს არ დაუწერია არავითარი განცხადება და არავითარი მოთხოვნა გადადგომის შესახებ, არავითარ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია...
ლეონიდ ლაკერბაია

თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც ოპოზიციამ შესთავაზა თავისი ნებით გადადგეს, არც ამ შეთავაზებაზე თანხმდება, სანამ კონსულტაციებს არ გაივლის მხარდამჭერ დეპუტატებთან და ამომრჩევლებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და არც პარლამენტის მიერ უნდობლობაგამოცხადებული პრემიერის, ლეონიდ ლაკერბაიას დათხოვნას აპირებს. როგორც მან სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრემიერის დათხოვნა მისი კომპეტენციაა და ლაკერბაიას თანამდებობიდან დათხოვნას არ ფიქრობს. ამასთან, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, 29 მაისს, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს უკვე გადადგა:

„ჩვენ დღეს გავმართეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ყოველი მათგანი დაკავშირებული იყო აფხაზეთში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც ყოველ საათში უფრო მძიმდება. მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ანქვაბი არსად წასულა, ის აფხაზეთში იმყოფება. პრეზიდენტ ანქვაბს არ დაუწერია არავითარი განცხადება და არავითარი მოთხოვნა გადადგომის შესახებ, არავითარ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. თუ ვინმეს სურს საზოგადოების ცნობიერებაში ჩანერგოს, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია, ეს ასე არ არის. დღეს მე სამსახურებრივ მოვალეობებს ვასრულებდი, ვინ როგორც უნდა აღიქვამდეს ამას და რა ჭორებსაც უნდა ავრცელებდეს ამასთან დაკავშრებით“.

სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის პოსტს ინარჩუნებს სოხუმის მერი ალიას ლაბახუა, რომელიც მანამდე ოპოზიციის მიერ შექმნილმა სახალხო ნდობის საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად მერის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კონსტანტინე ფილია დანიშნა. როგორც ირკვევა, ადგილობრივი კანონმდებლობით, ქალაქების ხელმძღვანელების დათხოვნა და დანიშვნა პრეზიდენტის კომპეტენციაა. შესაბამისად, სოხუმის მერად ალიას ლაბახუა რჩება. 30 მაისს ალექსანდრე ანქვაბი ქალაქების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვა, იუწყება „აფსნიპრესი“. მან შეხვედრები გამართა ასევე რუსეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან.
ხაჯიმბასთან ახლაც და წლებია შემოკრებილია ნაციონალისტურად განწყობილი ხალხი, რომელიც არაფრის დათმობას არ აპირებს რუსეთთან. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში შესვლას, თუ აქ შეიყვანენ აფხაზეთს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის სტატუსი ზევით იწევა...
მამუკა ყუფარაძე

აფახაზეთში მიმდინარე პროცესები განხილვის თემაა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. 29 მაისს, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს შეხვდა. ამ შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, იყო ლაპარაკი იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციასა და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე.
პროცესი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში ვითარდება, ჟურნალისტ და რეჟისორ მამუკა ყუფარაძისთვის არ უკავშირდება აფხაზი პოლიტიკოსების რუსეთთან მიერთებისკენ სწრაფვას. ის, რომ აფხაზეთი გამოთქვამს სურვილს, გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, როგორც 29 მაისს რადიო თავისუფლების გადაცემა „თავისუფლების ერთ საათში“ განაცხადა მამუკა ყუფარაძემ, აფხაზეთისთვის უფრო მაღალი სტატუსის შეძენას ემსახურება:

„ხაჯიმბასთან ახლაც და წლებია შემოკრებილია ნაციონალისტურად განწყობილი ხალხი, რომელიც არაფრის დათმობას არ აპირებს რუსეთთან. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში შესვლას, თუ აქ შეიყვანენ აფხაზეთს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის სტატუსი ზევით იწევა. ეს არ არის პოპულარული აფხაზეთში, მაგრამ შეიძლება რაღაც მანქანებით ამ აზრმა წინ წამოიწიოს. მე ისიც არ მეგონა ერთი წლის წინ, რომ თბილისში ევრაზიული პლაკატებით დაიწყებდნენ სიარულს. აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისთვის რუსეთთან შეერთება არის კატასტროფა“.
როდესაც ხელისუფლების წყარო არის რუსული შეიარაღებული ძალები და რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება, ყოველგვარ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარი არის ზედმეტი...
თენგიზ ფხალაძე

აფხაზეთში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპარისპირება რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად მიაჩნია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ ფხალაძეს. მისი თქმით, კრემლს აფხაზეთში სჭირდება ისეთი ე.წ. ხელისუფალი, რომელიც არა მარტო დაემორჩილება რუსეთიდან წამოსულ დირექტივას, არამედ ენთუზიაზმით შეასრულებს ამას:

„როდესაც ხელისუფლების წყარო არის რუსული შეიარაღებული ძალები და რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება, ყოველგვარ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარი არის ზედმეტი და სწორედ ეს დაგვანახვა იმ რეალობამ, რომელიც დღევანდელ დღეს ხდება. ძალიან პატარა რაღაცებში შეეწინააღმდეგა ანქვაბი - ეს იყო საკუთრების საკითხები და კიდევ რამდენიმე თემა, აქ არ იყო საუბარი მათთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე - და მიიღო ის, რაც მიიღო, ანუ იქ არავინ არ ჰკითხავს არც ხაჯიმბას, არც ე.წ. ადგილობრივ ელიტას. ის, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა მორჩილების იმ ხარისხით, რაც იყო აქამდე, და მოითხოვს უფრო მეტს, ეს, როგორც მინიმუმ, სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა იყოს“.

თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ აფხაზეთში შესაძლოა პროცესები არ დაჩქარებულიყო, რომ არა ყირიმის ამბავი. ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, თენგიზ ფხალაძის აზრით, გლობალურ კონტექსტშია განსახილველი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG