Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული ენერგია ყველას, ბირთვული იარაღი კი არავის


საქართველოში როგორც მედიის, ისე საზოგადოების წარმომადგენლებმა ცოტა რამ იციან ბირთვული ენერგიისა და ბირთვული შეიარაღების შესახებ. ჩვენი ქვეყანა კი ბირთვული არსენალისა და ატომური ენერგიის მქონე ქვეყნებით არის გარშემორტყმული. ამ თვალსაზრისით საფრთხეები მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.სამოქალაქო საბჭომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, ჟურნალისტებისთვის 3-დღიანი სემინარი მოაწყო, სახელწოდებით „გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი“. შვედმა და ამერიკელმა ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტებმა მიმოიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები ბირთვული ეპოქის დასაწყისიდან დღემდე, ისაუბრეს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ ენერგიას და იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ არის ბირთვული ქვეეყნები, რომლებზეც გლობალური კონტროლი ვერ ხორციელდება, მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზისით, საქმე მთლად საგანგაშოდ არ არის, რადგან ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნებში მუშაობს შეკავების პრინციპი. გარდა ამისა, ქვეყნების დიდი ნაწილი გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას არის მიერთებული, სადაც კონტროლს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ მეტი იცოდეს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ადეკვატური რეაგირება შეძლოს.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსიტუტის წარმომადგენელი რობერტ კელი წლების განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, ირანი, რუსეთი დღემდე ქმნიან პრობლემებს ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან არ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ირანმა ბოლო დროს დაიწყო თანამშრომლობა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. რობერტ კელი ამბობს, რომ აქამდე უსაფრთხოების სისტემა ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამ გამოწვევების ადეკვატური მოქმედებაა საჭირო.

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ლარს ვან დასენი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ, პრობლემების მიუხედავად, გლობალური უსაფრთხოების სისტემა ნორმალურად მუშაობს, ცოდნა ბირთვული საკითხების შესახებ კი, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ, რათა ადეკვატურად იმოქმედონ.

საქართველოს ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ისინი ხშირად ატარებენ ტრენინგებს ქართველი სამართალდამცავებისთვის, რომლებიც რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებს უკვე სპეციალური აპარატურის მეშვეობით აკონტროლებს, რომელიც რადიაქტიური ნივთიერებების გამოსავლენად არის საჭირო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასია, უკონტროლო ტერიტორიები ქვეყანას საფრთხეს უქმნის. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, გამოყენება სცადეს რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდისტებმა. საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ჯუმბერ მამასახლისმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკებიდან საქართველოსკენ მოდის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს უშვებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე გარკვეულ აქტივობებს რადიაციული უსაფრთხოების მიზნით სპეციალური აპარატურის გამოყენებით მაინც ახორციელებს.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ბირთვული სახელმწიფოების გზაგასაყარზე მდებარე საქართველო უსაფრთხოდ არ არის. მისი აზრით, ბევრი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი სწორედ ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით უნდა იღრმავებდეს ცოდნას, რათა სპეციალისტების დახმარებით უსაფრთხოებისა და რეაგირების სისტემები დაინერგოს.

„ბირთვული ენერგია ყველას, ბირთვული იარაღი კი არავის“- ეს ფრაზები სპეციალისტების მიერ სემინარის განმავლობაში არაერთხელ გაისმა. უარყოფითი მხარეების გარდა, ბირთვული ენერგია ადამიანმა სამშვიდობო მიზნებისთვის, ქვეყნის განვითარებისა და სხვა სიკეთეებისთვისაც შეიძლება გამოიყენოს, ამიტომ გლობალური უსაფრთხოების სისტემა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზონა შეიქმნას ბირთვული არსენალისგან თავისუფალი, თუმცა უკრაინის მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ დათმობილი ბირთვული იარაღის სანაცვლოდ ამ ქვეყანამ უსაფრთხოება ვერ მოიპოვა.
XS
SM
MD
LG