Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს მეორე ჯგუფიც დააკავეს


უკრაინის ხელისუფლება პირობას დებს, რომ იგი გააგრძელებს სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას იქამდე, სანამ მშვიდობა და წესრიგი ბოლომდე არ აღდგება ამ ქვეყნის მღელვარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამასობაში კი ვითარება კვლავ დაძაბულია ლუგანსკსა და დონეცკში, სადაც, ეუთოს განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებელთა მეორე ჯგუფიც აღმოჩნდა სეპარატისტთა ტყვეობაში.

უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრი მიხაილო კოვალი აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებმა სეპარატისტთა სამხედრო ძალებისგან სრულიად გაწმინდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის - დონეცკისა და ლუგანსკის - ცალკეული რაიონები და აგრძელებენ წინსვლას მანამ, ვიდრე უკონტროლო რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების გავლენა არ აღდგება:

„ჩვენ გავაგრძელებთ ანტიტერორისტულ ოპერაციას და უზრუნველვყოფთ ამ ტერიტორიების გაწმენდას სეპარატისტებისგან. ჩვენ აღვადგენთ ამ ტერიტორიებზე უკრაინის ახალი ხელისუფლების მოქმედებას“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო კოვალმა დააზუსტა, რომ რაიონები, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა დაკისრებული ამოცანა შეასრულეს, დონეცკის დასავლეთ და ლუგანსკის ჩრდილოეთ ნაწილებს მოიცავს.

ჯერაც ვხედავთ ხიფათის ნიშნებს, რაც, ვიმედოვნებ, შეიცვლება. მოწმენი ვართ რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთისა. საზღვარს კვეთენ რუსეთში გაწვრთნილი ჩეჩენი მეომრები, რომელთა ამოცანაა, აამღვრიონ ვითარება...
ჯონ კერი
მაშინ როცა უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას, ეუთომ განაცხადა, რომ 29 მაისს დაკარგა კონტაქტი აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ მეორე სადამკვირვებლო ჯგუფთანაც, რომელიც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა, სავარაუდოდ, ლუგანსკიდან 100 კილომეტრის დაშორებით, სევეროდვინსკთან დააპატიმრეს. ჯგუფში დანიელი, თურქი, შვედი და ესტონელი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. ლუგანსკში მოქმედმა მეამბოხეთა ჯგუფმა დაადასტურა ევროპელი დამკვირვებლების დაკავების ფაქტი და დაჰპირდა ჟურნალისტებს, რომ მათ ვინაობის გადამოწმების შემდეგ გაათავისუფლებდა. თუმცა ჯერჯერობით ეს პირობა შესრულებული არ არის. გარდა ამისა, სეპარატისტების ტყვეობაში რჩება ეუთოს კიდევ ოთხი დამკვირვებელი, რომლებიც დონეცკში მოქმედმა სეპარატისტებმა 26 მაისს დააკავეს.

ამასობაში დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირდება საუბარი ეგრეთ წოდებული ბატალიონ „ვოსტოკის“ წევრების დონეცკში გამოჩენის თაობაზე. ამ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის უმეტესობას ეთნიკური ჩეჩნები და სხვა ჩრდილოეთკავკასიელები შეადგენენ. ამ ფაქტის გამო შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ;

„ჯერაც ვხედავთ ხიფათის ნიშნებს, რაც, ვიმედოვნებ, შეიცვლება. მოწმენი ვართ რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთისა. საზღვარს კვეთენ რუსეთში გაწვრთნილი ჩეჩენი მეომრები, რომელთა ამოცანაა, აამღვრიონ ვითარება. იმედი მაქვს, რუსეთი უფრო აქტიურად იმოქმედებს მდგომარეობის განსამუხტავად, ისარგებლებს შესაძლებლობით, რომელსაც უკრაინაში ჩატარებული არჩევნები იძლევა და რომელიც უნდა დაგვეხმაროს ისეთი გზის მშენებლობაში, უკრაინას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდად რომ აქცევს“.

თუმცა რუსეთი ჯერ არ ჩქარობს უკრაინის დეესკალაციაში მონაწილეობის მიღებას.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ყირიმში დააპატიმრეს უკრაინის რადიკალური „მემარჯვენე სექტორის“ წევრები, რომლებიც სიმფეროპოლში, იალტასა და სევასტოპოლში ტერორისტულ აქტებს გეგმავენ. რუსეთის ფედერალური სამსახურის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია დაკავებულთა ვინაობაც. სხვა დეტალები უცნობია. ყველა დაკავებულს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG