Accessibility links

ბოლო ხანს ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ორი ნამუშევარი გამოიცა: ერთი - ავტორის ორიგინალური ლექსების წიგნი ,,სამკვიდრო“ და მეორე - მისი თარგმანების კრებული ,,ნასესხები შუქი“.

ამირან სვიმონიშვილი ბევრს მუშაობდა და ერთ-ერთი საინტერესო ხელწერის შემოქმედიც იყო თავის თაობაში, მაგრამ ნაწერების გამოქვეყნება დიდად არ უყვარდა და, უმთავრესად, თავისთვის იტოვებდა ხოლმე იმას, რასაც ქმნიდა.

ამჯერად კი ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და ,,სიესტას“ საგამომცემლო ჯგუფი, როგორც ჩანს, ძალიან დაეშურა საქმეს, რათა ავტორს თავისი ნაღვაწის ნახვის საშუალება მისცემოდა.

პაკო წიგნების დასტამბვიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, და ამით პირადად ჩემთვის დაიხურა ერთი ულამაზესი სარკმელი, საიდანაც მუდამ სიკეთის, სიახლის, ადამიანური კეთილშობილებისა და დიდი ნიჭიერების სხივი ეცემოდა.

ამირან სვიმონიშვილი უაღრესად განათლებული კაცი იყო, ბრწყინვალედ იცოდა გერმანული და თავის ცოდნას შესანიშნავად იყენებდა რამდენიმე თვალსაზრისით.

ერთი მიმართულება სწორედ თარგმანი, მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ, რასაც ამირან სვიმონიშვილი დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და, შედეგად, ქართველ მკითხველს არაერთი უცხოელი პოეტის ბრწყინვალედ გადმოქართულებული ლექსები დაუტოვა.
კრებულში, რომლისთვისაც მთარგმნელს მარჯვედ შეურჩევია სათაური - ,,ნასესხები შუქი“, სხვადასხვა თაობისა და ლიტერატურული მიმართულების გერმანელ და ავსტრიელ პოეტებთან ერთად, წარმოდგენილია ლიტველი, თურქი, ბელორუსი პოეტების თარგმანებიც. სარჩევისთვის უბრალო თვალის გადავლებაც კი დაგვიდასტურებს, რამდენად მრავალმხრივი იყო პაკო სვიმონიშვილის პოეტური ინტერესები.

მისთვის ფასეული იყო პოეზია თავისთავად და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ენაზე დაიწერებოდა ნამდვილი ლექსი, მთავარია, ის ქართული ენის სტიქიაში შემოეტანა და მშობლიური ლიტერატურის ნაწილად ექცია.

გერმანისტმა და ლიტერატურათმცოდნემ კონსტანტინე ბრეგაძემ ამირან სვიმონიშვილის თარგმანებზე საუბრისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა:

,,ის არჩევდა გერმანული პოეზიიდან იმ ავტორებს და იმ ტექსტებს, რაც წარმოადგენდა ღირებულ პოეზიას. კონკრეტულად, პაკოს მთარგმნელობით სივრცეში ჩვენ გვაქვს თარგმანები ისეთი დიდი ფიგურებისა გერმანული ლიტერატურიდან, როგორებიც არიან იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი; შემდგომ, რომანტიკოსი პოეტები: კლემენს ბრენტანო, ედუარდ ნოლიკე; ასევე გვაქვს რეალისტი ავტორებიც, მაგალითად, გოტფრიდ კელერის პოეზიიდან არის ნიმუშები, აგრეთვე კონრად ფერდინარდ მაიერი და, რაც მთავარია, შემდგომ უკვე მოდერნისტი ავტორები: რაინერ მარია რილკე, გოტფრიდ ბენი, გეორგ თრაქლი. აი, ეს არის ის სპექტრი გერმანული პოეზიისა, რაც, ფაქტობრივად, ქმნის არა მარტო გერმანულ, არამედ (გოეთეს დავესესხები და მის თეზისს ე. წ. მსოფლიო ლიტერატურის შესახებ, რაც დაახლოებით ორასი წლის წინ გახაზა) სწორედ ეს ფიგურები არიან, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ გერმანულ ლიტერატურას, არამედ მსოფლიო პოეტები არიან და მათი პოეზიაც არის სწორედ მსოფლიო საგანძურის კუთვნილება. ასე რომ, პაკოს მთარგმნელობით საქმიანობაში, აი, ეს ასპექტია მთავარი - შერჩევის, მასალის შერჩევის ასპექტი - და ის უმაღლეს დონეზეა აყვანილი“.

სწორედ ზემოაღნიშნული ასპექტის, ანუ მასალის გემოვნებით, სწორად შერჩევის გამო, კრებულში არ იგრძნობა ის ფრაგმენტულობა, რაც ამ ტიპის წიგნებს ზოგადად ახასიათებს ხოლმე, როცა ცალკეული პოეტური ნიმუშები, შესაძლოა, კარგია, მაგრამ ერთად თავმოყრილი ერთმანეთისგან გაუცხოებულად და ერთმანეთთან დაუკავშირებლად გამოიყურება.

ამირან სვიმონიშვილის ამ კრებულში პირიქითაა: ყველა ნიმუში რაღაცნაირად ავსებს და ამკვეთრებს ერთმანეთს და ხელშესახებად წარმოგვიდგენს პოეზიის უმთავრეს დანიშნულებას ყველა ერსა და ეპოქაში: დაეხმაროს ადამიანს, მშვენიერების გზით დაუბრუნდეს თავის მარადიულ თაურსაწყისს.

ამირან სვიმონიშვილი ბუნებით ესთეტი ადამიანი იყო და ამიტომაც მის მიერ თარგმნილ ლექსებსაც სწორედ ესთეტიზმის გამძაფრებული შეგრძნება გამოარჩევს. ეს შეგრძნება არა მხოლოდ ორიგინალის სულში, არამედ თარგმანის ენაშიც სრულიად მკაფიოა. მთარგმნელი თითქოს ეფერება სიტყვებს, საგანგებოდ არჩევს მათ და ფერად-ფერად ყვავილწნულებად კრავს, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმ ანტიკურ თეზას, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება, იმავდროულად, არ იყოს მშვენიერი.

ამ თვალსაზრისით, პაკოს თარგმანები რელიგიური პრაქტიკის მნიშვნელობას იძენს. ეს თითქოს ერთგვარი სულიერი, შინაგანი დიალოგია ღმერთთან, სხვადასხვა ადამიანების ხმითა და ინტონაციით, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმული მადლიერებით ადამიანური ყოფიერების გამო, იმისთვის, რომ სიცოცხლისა და, ამდენად, ერთმანეთთან თანაზიარობის უნიკალური შესაძლებლობა მოგვენიჭა.

ამიტომაც, ეს კრებული იმედიანი წიგნია. ხიდი, რომლისთვისაც არ არსებობს აქეთა და იქითა მხარე, სააქაო და საიქიო, რადგან სწორედ სიტყვა აერთებს ამ ორივე სინამდვილეს და ლექსი, პოეზია მათ ერთ სიბრტყეში, მარადიულ დროში განფენილ ჭეშმარიტებად წარმოგვიდგენს.
აქ ყველა ავტორს, გოეთე იქნება, იგივე რომანტიკოსები იქნებიან თუ მოდერნისტი ავტორები - ყველას შენარჩუნებული აქვს თავისი პოეტური სტილი. გარდა ამისა, რაც უნდა გამოვყოთ პაკოს თარგმანებში, ეს არის მისი ქართულის საოცარი ბუნებრიობა. ეს არ არის ხელოვნური და ნაწვალები თარგმანი...

ეს რაც შეეხება მასალის სელექციის მეტაფიზიკურ მხარეს, პროფესიული თვალსაზრისით კი, რასაკვირველია, თითოეული თარგმნილი ნიმუშის მიღმა იგულისხმება დიდი გემოვნება და ერთიანი სალიტერატურო კონტექსტის ისეთი სიღრმისეული ცოდნა, რაც აუცილებელია ამ ტიპის კრებულების მოსამზადებლად და სათარგმნელად. მთარგმნელი სწორედ ნიუანსობრივად უნდა ერკვეოდეს ერთიან ლიტერატურულ პროცესში, რათა ამ ფონზე ცალკეული პოეტის თავისებურება და სტილისტური თვითმყოფადობა ხელშესახებად გამოკვეთოს. ამაზე ჩვენთან საუბრისას კონსტანტინე ბრეგაძემაც მიუთითა:

,,ჩემ მიერ ჩამოთვლილი ავტორები წარმოადგენენ სხვადახვა ესთეტიკის, სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა მიმართულების ავტორებს. და აი, აქ სწორედ დიდი სცილასა და ქარიბდას შორის წარდგება მთარგმნელი. ეს არის ის ცნობილი დებულება, რაც უნდა დაიცვას მთარგმნელმა, ანუ ეგრეთ წოდებული სტილის, ავტორისეული სტილის დაცვის პრობლემა და აი, აქ ყველა ავტორს, გოეთე იქნება, იგივე რომანტიკოსები იქნებიან თუ მოდერნისტი ავტორები... ყველას შენარჩუნებული აქვს თავისი პოეტური სტილი. გარდა ამისა, რაც უნდა გამოვყოთ პაკოს თარგმანებში, ეს არის მისი ქართულის საოცარი ბუნებრიობა. ეს არ არის ხელოვნური და ნაწვალები თარგმანი“.

საერთოდ, სილაღე პაკოს ბუნებრივი თვისებაც იყო. რაც შეეხება ქართულისადმი მის დამოკიდებულებას, ქართული ენის ძალდაუტანებელ შეგრძნებას, ეს იმ გარემოთიც იყო განპირობებული, სადაც პაკო გაიზარდა. არსებობს ერთი უნიკალური ჩანაწერი: უმცროსკლასელი პაკო, ექსკურსიაზე როგორ მიძვრება ხეზე და თან როგორ კითხულობს გალაკტიონის შედევრს - ,,ჩამავალ მზეს, ჩამავალს“...

ჩემთვის ყმაწვილის ხმის ამ ბუნებრივ წკრიალშივე იკვეთება ყველა ის არსებითი ინტონაციური და შემოქმედებითი ნიშანი, რაც შემდგომ ამირან სვიმონიშვილის ლექსებსა თუ თარგმანებში ასე ძალუმად გამოვლინდა.

მის კრებულში ,,სამკვიდრო“, სხვა უამრავ კარგ ლექსთან ერთად, ასეთ მარტივად გენიალურ სტრიქონებსაც ნახავთ:

,,ცა დაიფერფლა მოლხენილი ღრუბლის აუზთან და შემოდგომას ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა“.

ამ რამდენიმე სტრიქონში, ჩემი აზრით, არის ყველაფერი, რაც შეიძლება გვითხრას პოეზიამ: გვითხრას მინიშნებით, ნახევარტონით, მაგრამ ისე მკვეთრად, რომ ერთხელ წაკითხული თუ მოსმენილი აღარასოდეს დაგვავიწყდეს.

ანდა ასეთი ლექსი:

,,ვიღაც წავიდა.
ჩატეხილი რითმაში ქარი - განწყობა ჩემი.
სამ სამანზე ქრებოდა დილა.
სიჩუმეს ცრიდა ასპიროზი და ლურჯი მთვარე...
ვიღაც წავიდა,
სიზმარს იქით ღამე იხილა.“

ამ რეპორტაჟზე მუშაობისას მეც და ჩემს რესპონდენტ კონსტანტინე ბრეგაძესაც ძალიან გაგვიჭირდა ამირან სვიმონიშვილზე წარსულ დროში საუბარი და არამხოლოდ ადამიანური სანტიმენტალურობის ან არამხოლოდ იმის გამო, რომ პაკო ერთ-ერთი პირველია ჩვენი თაობიდან, ვინც წავიდა და ,,სიზმარს იქით ღამე იხილა.“ უფრო იმიტომ, რომ ამირან სვიმონიშვილი თავისი ლექსებითა და თარგმანებით ისევ ჩვენთან ტრიალებს. ამ წიგნებში არ არსებობს ,,აქეთ“ და ,,იქით“, სააქაო და საიქიო. ეს უკვე დაუნაწევრებელი, ერთიანი სივრცეა, სადაც ერთიანი მთვარე ანათებს, ოღონდ უკვე არა ნასესხები, არამედ მარადიული შუქით, და ამ შუქზე ამირან სვიმონიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება.
XS
SM
MD
LG