Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი განთავისუფლდა ავღანეთში ტყვეობიდან


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ სერჟანტი ბოუ ბერგდალი, ბოლო ამერიკელი სამხედრო , რომელიც ავღანეთში ტყვეობაში იყო, განთავისუფლდა თალიბანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად. ბერგდალი გაცვალეს ხუთ თალიბზე, რომლებიც კუბაზე, აშშ-ის გუანტანამოს საპატიმროში ჰყავდათ. გაცვლის ოპერაციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე ათეული მებრძოლი. გაცვლა მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან. 28 წლის ბერგდალი, აიდაჰოელი სერჟანტი, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე გადააფრინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „კარგია“, ცნობით, მას სიარული შეეძლო. აშშ-ის უწყებებსა და თალიბანს შორის მორიგების შუამავლობას სწევდა კატარი. ბერგდალი თალიბანმა 2009 წლის ივნისში, ავღანეთში მისი ჩასვლიდან ორ თვეში ჩაიგდო ტყვედ გაურკვეველ ვითარებაში. ვარაუდობენ, რომ ის ტერორისტულმა ჯგუფმა, ჰაყანიმ დაატყვევა. ბერგდალი ჩანდა არაერთ ვიდეო ჩანაწერში, რომელსაც თალიბანი ავრცელებდა. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკო ობამას თქმით, ამერიკელი ხალხი მოხარულია, რომ შეუძლია მიესალმოს სერჟანტ ბოუ ბერგდალს, რომელიც თითქმის ხუთი წელი იყო ტყვეობაში. ობამამ, რომელმაც ბერგდალის მშობლებს აცნობა, რომ მათი შვილი თავისუფალია, დიდი მადლიერება გამოხატა კატარის ამირისადმი, ბერგდალის განთავისუფლების საქმეში წვლილის გამო.
XS
SM
MD
LG