Accessibility links

logo-print

დონეცკში კვლავ დაძაბულობაა


კვირას დონეცკის ქალაქ ტორეზში ააფეთქეს უკრაინის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების შენობა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობას, სავარაუდოდ, ხელის ნაღმსატყორცნიდან ესროლეს. არავინ დაშავებულა. 1 ივნისს ქალაქ სლავიანსკის გარშემო სამხედრო საგუშაგოები დაიკავეს უკრაინის ეროვნული გვარდიის მეორე ბატალიონის მეომრებმა. ეს ბატალიონი „მაიდნის“ თავდაცვის ძალებით შეიქმნა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა „ფეისბუკით“ გაავრცელა. ამავე ქსელში დონეცკის ოლქის ტერიტორიის დაცვის მოხალისეთა ბატალიონ - „დონბასის“ ჯგუფმა გაავრცელა ცნობა „მაიდნის“ დაცვის მონაწილე მეომრების ეროვნული გვარდიის საწვრთნელ ბაზაზე გაგზავნის შესახებ. მარიუპოლში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ რამდენიმე ასეული მომხრე შეიკრიბა მერიის წინ და მერის პოსტიდან იური ხოლტუბეის გადადგომა მოითხოვა . ამის შემდეგ მიტინგის მონაწილეებმა ე.წ. „სახალო მერად“ აირჩიეს ალექსანდრ ფომენკო - კომუნალური საწარმოს ხელმძღვანელი, რომელმაც თავად დააყენა კანდიდატურა. უკრაინის სასაზღვრო უწყებაში სააგენტო „უნიანს“ აცნობეს, რომ ლუგანკის ოლქში, სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა: სამხედრო ფორმა, დანა, რადიოგადამცემი და ოლქის რუკა.
XS
SM
MD
LG