Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ძვრები აფხაზეთში


ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა
ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა
ცნობილი გახდა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების თარიღი - 2014 წლის 24 აგვისტო. ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები დაიკავა. ანქვამბა გადადგომის წინ გაკეთებულ განცხადებაში ბრალი დასდო ოპოზიციას ძალადობასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. რამ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში და რა გავლენას იქონიებს ის გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოფაზე?

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს პრეზიდენტის გადადგომიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში. არჩევნების თარიღი 2014 წლის 24 აგვისტო, რომელიც სრულად პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ასლან კობახიამ გამოაცხადა.

ვადამდელი არჩევნების გამოცხადებასა და ალექსანდრ ანქვაბის არასრული სამწლიანი მმართველობის დასრულებას მიესალმა ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელიც 2011 წლის 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში პირწმინდად დამარცხდა ალექსანდრ ანქვაბთან.

„ალბათ, ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ის გამოსავალია, რომელიც ყველამ ერთად მივიღეთ და რომელიც ახალი დიალოგის დაწყებისა და გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა“, განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხმა ანდო საკუთარი სიცოცხლე, უმთავრესია სამოქალაქო მშვიდობა და სისხლისღვრის არდაშვება...
ალექსანდრ ანქვაბი

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს თანამდებობიდან გადამდგარი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც ბრალს სდებს ოპოზიციას კანონის უხეში დარღვევით სამთავრობო უწყებებისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობების დაკავებაში. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული:

„ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომელსაც კისერზე აწევს პასუხისმგებლობა ხალხის ბედზე, როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხმა ანდო საკუთარი სიცოცხლე, უმთავრესია სამოქალაქო მშვიდობა და სისხლისღვრის არდაშვება“.

ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბის თქმით, სისხლისღვრის ალბათობა მაღალი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებისათვის იბრძვიან ძალები, რომლებიც არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან და მზად არიან თავიანთ ამბიციებს მსხვერპლად შესწირონ თანამემამულეთა სიცოცხლე და ხალხის მთავარი მონაპოვარი - აფხაზეთის თავისუფლება. თბილისშიც შიშობენ, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რუსეთის გავლენის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებით დასრულდება. ასე ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნუგზარ წიკლაური:

„ანქვაბი ჩამოშორებულია უკვე ხელისუფლებას და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ ინტერესებს უფრო სრულად გამოხატავენ, ვიდრე ამას აკეთებდა ანქვაბი“.

არ გვინდა სიტუაციის „ალარმირება“ და ისე წარმოჩენა, თითქოს მთავრობამ უკვე დაიწყო ფიქრი ტერიტორიის გამოყოფასა და ბიუჯეტში სახსრების გამოძებნაზე ახალი დევნილების განსახლებისათვის...
დავით ჯალაღანია
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის გადადგომას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც. მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია აფხაზი პოლიტიკოსების განცხადებითა და გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ბედით:

„არ გვინდა სიტუაციის „ალარმირება“ და ისე წარმოჩენა, თითქოს მთავრობამ უკვე დაიწყო ფიქრი ტერიტორიის გამოყოფასა და ბიუჯეტში სახსრების გამოძებნაზე ახალი დევნილების განსახლებისათვის, თუმცა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ზრუნვის საგანი“.

საქართველოს მედიასა და ექსპერტულ წრეებში მართლაც გამოითქვა აზრი გალში მცხოვრები ქართველების შესაძლო გასახლების შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებს რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი დემის პოლანდოვი:

ვთხოვ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩაერთონ არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ნუ დაიჭერენ ნურავის მხარეს და მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
პაატა ზაქარეიშვილი
„სავარაუდოდ, წამოწეული იქნება მხოლოდ პასპორტებისა და ბინადრობის უფლების საკითხი. ეს დაკავშირებულია პასპორტიზაციით გამოწვეულ ძველ სკანდალთან. ალექსანდრ ანქვამს აბრალებდნენ იმას, რომ სამ რაიონში მოსახლეობის პასპორტიზაცია კანონის დარღვევით წარიმართა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ანქვაბი გადააყენეს, შეეცდებიან მოახლოებული არჩევნებიდან გამოთიშონ გალის ელექტორატი. ამის ვარაუდის საფუძველი არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ გასახლებასა და დეპორტაციაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მარტო ჩემი მოსაზრებები, არამედ იმავე რაულ ხაჯიმბას საჯარო გამოსვლა, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ამგვარი მოსაზრება საფუძველს არის მოკლებული“.

გალის რაიონში მოვლენის დრამატულ განვითარებას არც პაატა ზაქარეიშვილი ელის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ცდილობს საფრთხეების თავიდან აცილებასა და განეიტრალებას. პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში შექმნილი რთული ვითარების გამო გალის მოსახლეობას ურჩევს:

„ვთხოვ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩაერთონ არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ნუ დაიჭერენ ნურავის მხარეს და მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვაკონტროლებთ სიტუაციას და, ცვლილების შემთხვევაში, აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აღნიშნულმა ტაქტიკამ გაამართლა 2008 წელს, როცა მოთმინებისა და სიმშვიდის წყალობით გალის ქართულ მოსახლეობას არ მოუწია მშობლიური კუთხის დატოვება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG