Accessibility links

„გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ლევან ვასაძეს გამოიყენებს“ - ამ სათაურით ინტერვიუს „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკური გააქტიურება ყველაზე მეტად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აწყობს. რაც შეეხება თავად ვასაძის გააქტიურების ფაქტს, ექსპერტი ამბობს: „ჯერ კიდევ საკითხავია, დადგა თუ არა მისი დრო. ერთი რამ კი ვიცი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვასაძის გულშემატკივრები საქართველოში ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას შეეცდებიან. გულშემატკივართა ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მას მხარს ის ქვეყანა უჭერს, სადაც მან დიდი კაპიტალი დააგროვა. ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, მას იქიდან ამხელა თანხებს არ გამოატანდნენ“, - აღნიშნავს ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.

„აფხაზეთი რუსეთის ნაწილი მაქსიმუმ ორ წელში გახდება“ - ასეთ პროგნოზს კი „ვერსიასთან“ საუბარში ევროპელი დემოკრატების ლიდერი, პაატა დავითაია აკეთებს. რატომ გგონიათ, რომ აფხაზეთის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას ქართული მხარე ან თუნდაც დასავლეთი შეეგუება? - ამ კითხვაზე პაატა დავითაია პასუხობს: „სწორედ ესაა საინტერესო, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება - ისევ რუსეთთან დიალოგის რეჟიმის აღდგენაზე ისაუბრებს?ეს იმის შედეგია, რომ ქართველები აფხაზებს ჩამოვშორდით. აფხაზეთთან დიალოგის წარმოება არც წინა ხელისუფლებამ მოინდომა, „ქართული ოცნება“ კი პაატა ზაქარეიშვილის ილუზიებში მოექცა. გვიმტკიცებს, აფხაზებთან დიალოგს ვაწარმოებთო, რეალურად კი კომპიუტერში „ჩათაობს’“. არც სპეცსამსახურებზე ვმუშაობთ, არც სახალხო დიპლომატიას ვაწარმოებთ. სამწუხაროდ, 1991 წლიდან აფხაზეთი და ცხინვალი ხელისუფლებისთვის მხოლოდ თავისტკივილია, წინასაარჩევნო კამპანიისას ახსენდებათ ხოლმე. პუტინმა კი საშინაო დავალება შეასრულა“.
„ჯარში პროგრესი არის, თუცა, სიმართლე გითხრათ, უფრო მეტს მოველოდი“ - ამ სათაურით ინტერვიუს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილთან გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ახლა სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვა ხდება, გაიზარდა ანაზღაურება და გაუმჯობესდა სოციალური პირობები, თუმცა, მეორე მხრივ, ცვლილებები იმ ტემპით არ მიდის, როგორიც დღეს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს: „პრობლემები იქაც არის - მაგალითად, სერიოზული პრობლემაა დაპირისპირება თანამდებობის პირებს შორის, რაც შემდგომ სხვადასხვა დონეზე ცუდად აისახება და ამის ნიშნები ჩანს კიდეც. აქვე ხაზგასმით გეტყვით, რომ ამას ძალიან ფრთხილად ვამბობ“, -აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

„როგორ ემზადება აჭარა ტურისტული სეზონისთვის“, გაზეთ „ბათუმელებისგან“ შეიტყობთ. გაზეთის თანახმად, წელს ტურისტებს აჭარის მასშტაბით 252 სასტუმრო მოემსახურება, რაც, ჯამში, 11 000-მდე ტურისტს დაიტევს. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტურისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ადგილები, სასტუმროების არსებულ რაოდენობას კი წელს მხოლოდ სამი სასტუმრო, ანუ სამოცამდე ადგილი შეემატა. „ბათუმელების“ თანახმად, ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში უცხო ქვეყნის ვიზიტორთა პირველი ხუთეულია: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და ირანი.
XS
SM
MD
LG