Accessibility links

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეს გორის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზერტის, რეხის, თორტიზას და სვენეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სეტყვამ ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის 100% გაანადგურა.

გორის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები ზარალის დამთვლელი კომისიის დაუყოვნებლივ შექმნას და ფინანსურ კომპანსაციას ითხოვენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგეობის სპეციალური კომისია ზარალის დადგენას დღეიდან იწყებს. კვირას, დღის განმავლობაში, გორის რაიონის სოფლები ორჯერ დაისეტყვა. შუადღისთვის სოფლებში ზერტსა და კირბალში სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, საღამოს კი ცხინვალისა და გორის მიმდებარე სოფლები დაისეტყვა. პირველი დათვალიერებით, ყველაზე დიდი ზარალი სოფლებს რეხას, სვენეთსა და თორტიზას მიადგა. განადგურებულია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურები. ვაზი, მოსაკრეფად გამზადებული ბალი მიწაზეა მოფენილი, ხეზე შერჩენილი ატამი და ვაშლი კი დაჩეჩქვილია. ფოთლები ძირსაა ჩამოცვენილი. ამ სოფლების მოსახლეობის თქმით, ისინი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მოსავლის მოსაყვანად ბევრ მათგანს საბანკო კრედიტი ჰქონდა აღებული. ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. დაზარალებულების თქმით, თუ კომპენსაციები სწრაფად არ დარიგდა, ეს სოფლები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, რადგან ადგილობრივი ფერმერები იმედს მოსავლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებზე ამყარებდნენ.

გორის, მცხეთისა და დუშეთის რაიონებში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე ამოქმედდა. დღეს გორის რაიონში ჩამოვიდა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ სუდაძე, რომელმაც დასეტყვილი სოფლები მოინახულა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალი დიდი არ არის. სოფელ რეხაში ერთ ოჯახს სახურავი დაუზიანდა და სახლში წყალი ჩავიდა. სუდაძის თქმით, როგორც კი კომისია მუშაობას დაასრულებს, ამ ოჯახის დახმარების საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობისთვის მიყენებულ ზარალს, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა.

როგორც ცნობილია, სოფლად მცხოვრები ადამიანები მოსავლის დაზღვევით არ სარგებლობენ და ყოველი სტიქიის დროს დახმარებას, სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, მთავრობას სთხოვენ. გორის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს აღრიცხავს. ეს კომისია სტიქიის ზონებში დღეიდან უკვე მუშაობას შეუდგა. გორის გამგეობის წარმომადგენელი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ, წინასწარი მონაცემებით, ნათესები და ნარგავები დაახლოებით 800 ჰექტარზეა განადგურებული. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზარალის ანაზღაურება შეუძლებელი იქნება, ამიტომ კომისიის მონაცემები ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება, რათა კომპენსაციების საკითხი მთავრობამ გადაწყვიტოს. დაზარალებული მოსახლეობა სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG