Accessibility links

logo-print

"გაზპრომმა" და "ნაფტოგაზ-უკრაინამ" მიაღწიეს დროებით შეთანხმებას


რუსეთის კომპანია „გაზპრომისა“ და უკრაინის „ნაფტოგაზ-უკრაინის“ ხელმძღვანელებმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართება მიმდინარე ან მომავალი კვირის ბოლოს. ოტინგერი აცხადებს, რომ ორივე კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ საერთო წინადადება ფართო გარიგებისთვის: ისინი შეთანხმდნენ უკრაინის მიერ ვალის დაფარვის გეგმაზე ურთიერთმისაღები ფასით. ევროკომისარი თვლის, რომ „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზ-უკრაინის“ ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს იურიდიული, ფინანსურ-ეკონომიკური შეფასება და უნდა ჩატარდეს ორი ქვეყნის სამთავრობო მოლაპარაკებები. რუსეთის გაზის ფასი უკრაინისთვის მომავალში 1000 კუბურ მეტრზე 268-სა და 485 დოლარს შორის განისაზღვრება. ოტინგერის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე გარანტირებული იქნება უკრაინის გაზით მომარაგება. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მომავალი შეხვედრის თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა, მხარეები მზად არიან მისთვის. მილერის განცხადებით, მორიგი რაუნდის ჩატარება დამოკიდებული იქნება უკრაინის მიერ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის ვალის დაფარვაზე.
XS
SM
MD
LG