Accessibility links

logo-print

აშშ-ში 12 წლის გოგოებმა თანატოლს 19 ჭრილობა მიაყენეს


"სი-ენ-ენი" იუწყება, აშშ-ში 12 წლის ორ გოგოს ედება ბრალი მათივე თანატოლი გოგოს ტყეში შეტყუებასა და მისთვის 19 ჭრილობის მიყენებაში. დანაშაული რამდენიმე დღის წინ ქალაქ მილუოკის ახლოს მოხდა. დაჭრილი მოზარდი თავდამსხმელებმა ტყეშივე დატოვეს. მსხვერპლმა შეძლო ტყიდან საავტომობილო გზამდე მიხოხება, სადაც ის ველოსიპედისტმა დაინახა. საავადმყოფოში გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ დაჭრილის მდგომარეობა სტაბილური იყო. დანაშაულში ეჭვმიტანილები შაბათს, მსხვერპლის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, ტრასაზე ფეხით მიმავლები დააკავეს. ერთ-ერთს ხელჩანთაში სამზარეულოს დიდი დანა ედო. 12 წლის გოგოებს ბრალი წაუყენეს როგორც ზრდასრულებს, პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. სასამართლოს წინაშე ისინი ორშაბათს წარდგნენ. პროკურორმა მათ მიმართ გირაო თითოეულისთვის 500 ათასი დოლარით განსაზღვრა. პოლიციის თანახმად, სასტიკი დანაშულის ჩადენის ინსპირაცია მოზარდებმა ინტერნეტში ნანახი საშინელებათა ამბებითა და გამოგონილი გმირებისგან მიიღეს. ეჭვმიტანილები თავდასხმას თებერვლიდან გეგმავდნენ და სავარაუდო მკვლელობის ადგილი რამდენჯერმე შეცვალეს, ვიდრე ტყეზე შეაჩერებდნენ არჩევანს. მიყენებული ჭრილობების შედეგად მსხვერპლს დაზიანებული აქვს სასიცოცხლო ორგანოები. მკერდში მიყენებული ერთი ჭრილობა კი მილიმეტრით აცდა გულს.
XS
SM
MD
LG