Accessibility links

logo-print

სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი პროექტების განხორციელების მოლოდინში არიან


ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს ბიზნესფორუმის მონაწილეებს

ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს ბიზნესფორუმის მონაწილეებს

ანაკლიაში ჩატარებულ საერთაშორისო ბიზნესფორუმს მისი ორგანიზატორი, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, წარმატებულად მიიჩნევს. ამის დასტურად ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას ფორუმზე მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორების პროექტები მოჰყავს. სასტუმრო „ანაკლიაში“ გამართული ორდღიანი ფორუმის შემდეგ მან განაცხადა, რომ მიზანი მიღწეულია:

„ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ინვესტორებისთვის გაგვეცნო რეგიონის ეკონომიკური და რესურსული პოტენციალი. ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წარმოგვეჩინა ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იქნება ბენეფიცირებული ამ კუთხით. რაც შეეხება შედეგს ამ ფორუმისა, ჩვენ დავაინტერესეთ რამდენიმე მსხვილი ბიზნესჯგუფი ამ რეგიონში თავიანთი საინვესტიციო პორთფელებით“.
ბიზნესფორუმზე ლაპარაკი იყო რამდენიმე პროექტზე, რომლებსაც რეგიონში უცხოელი ინვესტორები განახორციელებენ.

მაგალითად, თურქულ კომპანია „მეტროტელ გრუპს“ ზუგდიდში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, აგურის ქარხნისა და აგროფერმის აშენება აქვს განზრახული. ზუგდიდში სასტუმროს აშენებას აპირებს ასევე ყაზახეთის საინვესტიციო ჯგუფი „ასაი ჯორჯია“. ის სასტუმროსთან ერთად დიაგნოსტიკური ჰოსპიტლის, ბეტონის ქარხნისა და საკონსერვო ფაბრიკის აშენებას გეგმავს. „ასაი ჯორჯიას“ წარმომადგენელი, ასკაშერ ახმეტოვი, ერთ-ერთი პროექტის დაწყების ვადასაც ასახელებს:

„ეს პროექტები იქნება სარგებლის მომტანი როგორც სოციალური, ისე ბიზნესმიმართულებით როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის. ხელს შეუწყობს რეგიონის მნიშვნელოვნად განვითარებას. იმედი გვაქვს, იქნება ხელისუფლების ხელშეწყობა მათი განხორციელების პროცესში. პირველი პროექტი ივლისის თვეში დაიწყება“.
ანაკლიაპორტი შავი ზღვის ბასეინში ერთადერთი უდიდესი პორტი იქნება. ის დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ამ პორტის კვანძის შემადგენლობაში შედის ღრმაწყლიანი პორტი, აეროპორტი, ახალი დასახლება 50 ათას ოჯახზე...

ბიზნესმენი თემურ ქარჩავა კი ანაკლიაში 180-მილიონიანი და 6-მილიარდიანი პროექტების განხორციელებას აპირებს. ექვსი მილიარდი დაჯდება ანაკლიაპორტი, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შეჩერდა. ბიზნესმენი მაშინ აცხადებდა, რომ პროექტი ყოფილი ხელისუფლების პირობებში მიზანმიმართულად შეჩერდა. მოგვიანებით სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის დავამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს–სთვის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვდა, ბიზნესმენი კი ხელისუფლებას საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებდა. თემურ ქარჩავა ანაკლიაპორტის პროექტის განხორციელებას დავის სამართლებრივად გადაწყვეტის შემდეგ გეგმავს.
ინტერესების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით...

„ანაკლიაპორტი შავი ზღვის ბასეინში ერთადერთი უდიდესი პორტი იქნება. ის დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ამ პორტის კვანძის შემადგენლობაში შედის ღრმაწყლიანი პორტი, აეროპორტი, ახალი დასახლება 50 ათას ოჯახზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ ათი წლის წინ დავიწყეთ. რეალურად მშენებლობა 2010 წელს დავიწყეთ, მაგრამ იმ მიზეზების გამო, რაც გააჩნდა მაშინდელ ხელისუფლებას, შეჩერდა“, - განაცხადა თემურ ქარჩავამ.

განხორციელდება თუ არა ფორუმზე წარდგენილი პროექტები , ეს დროთა განმავლობაში გაირკვევა. ფურცელზე გაწერილი გეგმის რეალობად ქცევის მთავარ პირობად კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილს პროექტების განხილვის გაგრძელება მიაჩნია:

„ინტერესების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ფორუმის შემდეგაც მოხდება ამ პროექტების განხილვა და უახლოეს მომავალში ვნახავთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას ამ რეგიონში. მსგავსი შეხვედრები არის პირველადი საშუალება, მოხდეს ინფორმაციის გაცნობა“, - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი 31 მაისს გაიხსნა და მას ხელისუფლების წარმომადგენლები და 30-მდე ქვეყნის ინვესტორი და ბიზნესმენი ესწრებოდა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
XS
SM
MD
LG