Accessibility links

logo-print
რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა თვითაღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, რომელთა შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი. „გაკვეთილი ლამაზმანისთვის“ - ასეა დასათაურებული „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია, რომელშიც ავტორი, მაქსიმ კონონენკო, იმის დასაბუთებას ცდილობს, თუ რატომ უნდა გაუწიოს დახმარება აფხაზეთს რუსეთმა, რომელსაც მეტაფორულად ლამაზ გოგოს ადარებს. ავტორის ლოგიკა ასეთია: ბევრი ლამაზი გოგოსათვის ცნობილია უცნაური ფენომენი - სილამაზე არ უზრუნველყოფს ბედნიერებას, უფრო პირქით. სტატიის მიხედვით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეინიშნება ფარული ურთიერთლტოლვა, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ ღიად აფხაზეთის რუსეთთან შეერთება, გლობალური პოლიტიკური ვითარების გამო, ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა კატეგორიული უარი უნდა უთხრას აფხაზეთს. „ყველაზე მარტივი იქნება, თუკი, ლამაზი გოგოს მსგავსად, უარს ვიტყვით ამ სურვილზე. ლამაზმანები უარობენ, უარობენ და ბოლოს მარტო რჩებიან“, ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ერთგვარი მოწოდებით სრულდება: „ასე რომ არ მოხდეს, რუსეთმა უნდა მოილაპარაკოს აფხაზ ხალხთან, დაეხმაროს მას პრობლემების გადაჭრაში, შესაძლოა გამოუყოს დამატებითი თანხებიც კი, ოღონდ არ ჰკრას ხელი. აფხაზეთმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება, შესაძლოა, არა თვითკმარად, მაგრამ აუცილებლად სუვერენულად. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, ვიდრე არ ჩაცხრება ყირიმის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვა“.

ანალიტიკური სტატიით „აფხაზეთის გაკვეთილი“ ეხმიანება აფხაზეთის მოვლენებს „ნოვაია გაზეტაც“. ცნობილი რუსი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის იულია ლატინინას თქმით, აფხაზეთის ბედი იმის თვალსაჩინო ილუსტრაციაა, თუ რა ემართებათ რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრილ რეგიონებს: „რა დაემართა აფხაზეთს? მარტივი რამ: თვითაღიარებული რესპუბლიკა ცხოვრობდა მოსკოვის ფულზე, ფული კი გამოილია. წელს აფხაზეთი იმედოვნებდა 12 მილიარდი რუბლის მიღებას, მაგრამ მიიღო მხოლოდ 2 მილიარდი. როგორც ჩანს, ანქვაბს ეყო, ხალხს კი - არა“.
გარდა ამისა, სტატიის ავტორის აზრით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანქვაბის შედარებითმა დამოუკიდებლობამ - ის არ იყო რუსეთის მარიონეტი, უფრო პირიქით. მოსკოვი თავის დროზე უძულებული გახდა მიეღო აფხაზეთში პირველი ფერადი რევოლუციის შედეგები, როცა პრეზიდენტად ანქვაბის მიერ მხარდაჭერილი სერგეი ბაგაფში აირჩიეს. ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტი არა კრემლის პროტეჟე ხაჯიმბამ, არამედ ანქვაბმა დაიკავა. ლატინინას აზრით, არც ანქვაბი და არც ბაგაფში რუსეთის ინეტერესებს არ აყენებდნენ აფხაზეთის ინტერესებზე წინ. ამის გამო, გასაკვირი არ არის, რომ კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, რუსული სუბსიდიების გარდა, სხვა ალტერნატიული ფული არ შესულიყო. შემდეგ კი, როცა რუსეთმა გადაწყვიტა აფხაზეთზე ეკონომიის გაკეთება, ფული გამოილია, შეიქმნა ვითარება: ანქვაბს ყოფნის, ხალხს კი - არა. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ატარებს მრავალათასიან მიტინგებს მოთხოვნით: ეყოფა ანქვაბს ფულის გაყოფა, ჩვენ თვითონ გავიყოფთ, წერს იულია ლატინინა „ნოვაია გაზეტაში“.

„კომერსანტი“ კი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც ოფიციალური თბილისი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ალაფის სახით გაზიდულ წიგნებს უბრუნებს. სტატიის ქვესათაურში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობა ამგვარ ნაბიჯს ნატოს სამიტის წინ ბერლინის გულის მოსაგებად დგამს. „რასაკვირველია, ნებისმიერი ნაბიჯი, გადადგმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ, გამოიწვევს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაუმჯობესებას ბევრ სფეროში“, უთქვამს რუსული გამოცემისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს, რომლის თქმითაც, საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გრძნობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გერმანელი კოლეგებისათვის ნადავლის სახით გატანილი წიგნების დაბრუნება. წერილი მთავრდება ცნობით ბერლინიდან: მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი არ განიხილება.
XS
SM
MD
LG