Accessibility links

logo-print
3 ივნისს, ერგნეთის მონახულების შემდეგ, შვეიცარიის პრეზიდენტი თბილისში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდა. ხელი მოეწერა შეთანხმებას ”ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ”. გამოითქვა იმედი ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოში. როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, შვეიცარიის -ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - პრეზიდენტთან ამ ჭრილში ”ახალი ფორმატები” განიხილეს. რა იგულისხმება ამ პერსპექტივაში?

შვეიცარია - შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის, შვეიცარია - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა და ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე - გასაკვირი არ არის, რომ, ამ ასპექტების გათვალისწინებით, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს განსაკუთრებული ინტერესით დახვდნენ. დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია და 3 ივნისს სამუშაო დღე ერგნეთში ვიზიტით დაიწყო, სადაც ის უშუალოდ გაეცნო ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს შექმნილ ვითარებას და მადლობა გადაუხადა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე თითოეულ ადამიანს.

ოდნავ მოგვიანებით, ერგნეთის მონახულებისთვის მადლობა თავად დიდიე ბურკჰალტერმაც მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან, მის სასახლეში სტუმრობისას. ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა და გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ეუთოს მისიის დაბრუნების პერსპექტივაზე საქართველოში:

”ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ ფორმატებზე, რომლითაც ეუთოს მისია აუცილებლად უნდა აღდგეს საქართველოში. და შესაძლებელია, ეს ახალი ფორმატები გამოყენებული იქნეს სწრაფად - სწრაფად იმისთვის, რომ მოხდეს არსებული პრობლემების მონიტორინგი და ადამიანთა უფლებები როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში იყოს დაცული”.
ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის განახლებასთან დაკავშირებით. ფორმატი შეიძლება იყოს დამხმარე მობილური ჯგუფი, რომელიც მართული იქნება ვენის ოფისიდან...


გიორგი მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და რანაირად განაახლებს საქართველოში მუშაობას ეუთოს მისია, რომელიც რუსეთის ძალისხმევით საბოლოოდ დაიბლოკა 2009 წელს და მას შემდეგ არაერთი მოქმედი თავმჯდომარეობა შეეცადა, მაგრამ საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნება ვერა და ვერ მოხერხდა.

თუმცა ახლა შვეიცარიის თავმჯდომარეობას აქვს საგანგებო ამბიცია, რომ გასაღებს გამოუნახავს ამ ლამის უკვე დილემად ქცეულ საკითხს და უნდა ითქვას, რომ ბევრისთვის ასეთი პერსპექტივა იმედისმომცემი იმის გათვალისწინებითაც არის, რომ შვეიცარია შუამავლის როლს ასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის და შესაძლოა მან ამ საკითხზეც უკეთ გამონახოს საერთო ენა რუსეთთან.

3 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამუშაო პროცესის დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დიდიე ბურკჰალტერმა მედიის ცნობისმოყვარეობა ეუთოს გეგმებთან მიმართებით გარკვეულწილად მაინც დააკმაყოფილა:
ეს არის ახალი ფორმატის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალე მექანიზმს იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული შვეიცარიელი ინვესტორების უფლებები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში და პირიქით...

”ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის განახლებასთან დაკავშირებით. ფორმატი შეიძლება იყოს დამხმარე მობილური ჯგუფი, რომელიც მართული იქნება ვენის ოფისიდან. განსახილველია მანდატი და მისაღწევია შეთანხმება მხარეებს შორის. ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ გაგიმხელთ”.

პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობის შემდეგ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მასთან ერთად ხელი მოეწერა ორი ქვეყნის შეთანხმებას „ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ”. ეს დოკუმენტი განიხილება მტკიცე სამართლებრივ საყრდენად ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის. ამ შეთანხმებას ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში იმედით უყურებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

”ეს არის ახალი ფორმატის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალე მექანიზმს იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული შვეიცარიელი ინვესტორების უფლებები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში და პირიქით. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, რადგანაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შვეიცარიიდან ინვესტიციების შემოსვლას. 2013 წელს არ იყო მაღალი მაჩვენებელი - სულ რაღაც 30 მილიონის ფარგლებშია. ჩვენ გვინდა, რომ ეს პოტენციალი მნიშვნელოვნად გამოვიყენოთ”.

„ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ” შეთანხმების გარდა, 3 ივნისს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG