Accessibility links

logo-print

ბურკჰალტერის განცხადებით, პრიორიტეტული საკითხია ეუთოს მისიის აღდგენა საქართველოში


ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვეიცარია ვალდებულებას იღებს, მხარი დაგიჭიროთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებაში - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა, რომელიც დღეს ერგნეთში გაეცნო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფების მუშაობას. ბურკჰალტერმა აღნიშნა, რომ დიალოგი და ნდობის ჩამოყალიბება შვეიცარიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მისივე შეფასებით, ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ იდეების ხორცშესხმა. შცეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მექანიზმის მუშაობა გალის მიმართულებითაც განახლდება. „სამწუხაროა, რომ გამყოფმა ზოლმა შუაზე გახლიჩა მიწის ნაკვეთები და მეზობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორა, რის გამოც ადრე ერთად მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურ სირთულეებს აწყდებიან“, - განაცხადა დიდიე ბურკჰალტერმა. მისივე თქმით, კონფლიქტის დაძლევისა და შერიგებისთვის საჭიროა, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრებმა მოსახლეობამ კონტაქტი შეინარჩუნოს. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია არასაომარი ვითარების შენარჩუნებაც. ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის პერსპექტივის შესახებ, ბურკჰალტერმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და მასზე საუბარი მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG