Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპიუტერული თამაშების შექმნის მარათონი თბილისში


Cosplay-ს მონაწილეები Game Jam-ზე
Cosplay-ს მონაწილეები Game Jam-ზე
30 მაისს თბილისში გაიხსნა სამდღიანი მარათონი, რომლის ფარგლებშიც კომპიუტერული თამაშების დეველოპერები 1 ივნისამდე კონკრეტულ თემაზე თამაშის მუშა პროტოტიპს ქმნიან. ეს თბილისის მეორე გეიმჯემია, რომელიც მასშტაბებით და სირთულით გაცილებით აღემატება პირველს. სირთულით იმიტომ, რომ ამჯერად მარათონის მონაწილეები თემით არიან შეზღუდულნი.

მეორე გეიმჯემის მასშტაბებზე ლაპარაკობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ქოქრაშვილი, IGDA GEORGIA-ს პრეზიდენტი. მისი განცხადებით, წინა გეიმჯემის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტები შექმნეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გეიმჯემის გაფართოება და ამჯერად უკვე დეველოპერებისგანაც უფრო მაღალ ხარისხს ელიან:

“ეს მეორე გეიმჯემია. პირველი ძალიან წარმატებული პროექტი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ წელიწადში 4-ჯერ ჩაგვეტარებინა. ამჯერად მეორეს ვატარებთ. ეს უფრო მასშტაბური ღონისძიებაა და მეტ გუნდებს ველოდებით. ამჯერად დავამატეთ კიდევ ქოსფლეი, კოსტიუმირებული პერფორმანსი, როდესაც მოდიან მონაწილეები და საყვარელ პერსონაჟებს განასახიერებენ“.

შევეცადე ტრადიციული მიდგომისგან თავი შორს დამეჭირა. შევეცადე ცოტა ორიგინალურად შევხებოდი თევზების თემას და ჩემი თამაშის მთავარი გმირია წყლის სული, რომელსაც შეუძლია შეუსახლდეს ნებისმიერ თევზს და მართოს...
გიორგი აბელაშვილი

ქოსფლეიმ, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში, ღონისძიებას მართლა რაღაც უნიკალური შესძინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უამრავმა ადამიანმა საყვარელი გმირის კოსტიუმი მოირგო და თვითონ შოუზეც დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგად იცნობენ საყვარელ გმირებს. პირველი ქოსფლეის რამდენიმე მთავარი მონაწილე “Silent Hill”-იდან იღებდა ინსპირაციას. ასევე იყო მაინკრაფტის, ქაუნთერ სტრაიკის, Max Payne-ის კოსტიუმები და კიდევ უამრავი გმირი, რომლებმაც საქართველოში პირველ ქოსფლეიში მიიღეს მონაწილეობა. ფანტასტიკური იყო პანდას შოუ პოდიუმზე, სწორედ პანდა World Of Warcraft: Mists Of Pandaria-დან გახდა ქოსფლეის გამარჯვებული და საჩუქრად PlayStation 4 მიიღო. ამ შემთხვევაში აშკარად იმოქმედა კრიტერიუმმა, რომლის შესახებაც მონაწილეებს აფრთხილებენ: არაა საკმარისი მხოლოდ კოსტიუმის მორგება, საჭიროა საყვარელ გმირს კარგად იცნობდე. მე ასევე დამამახსოვრდნენ ლარა კროფტის კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები. აქ საინტერესო ის იყო, რომ საშუალება გვქონდა გვეხილა ორი განსხვავებული ლარა, თამაშის ძველი და ახალი ვერსიებიდან.

გარდა ამისა, გეიმჯემს ემატებოდა „გეიმინგ ბათლები“, რომლებშიც მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში ეჯიბრებოდნენ. წინა ახალგაზრდული პროგრამებიდან შეიძლება გახსოვდეთ, თუ როგორ მიყვარს ფიფას თამაში და, რა თქმა უნდა, ამ ტურნირს მეც არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებდი. თუმცა თუ არც კოსტიუმირებულ შოუში აპირებდით მონაწილეობას და არც გეიმინგ ბათლში, გეიმჯემი თქვენთვის საინტერესო მინიმუმ ოკულუს რიფტის და გუგლ გლესის პრეზენტაციის გამო მაინც უნდა ყოფილიყო. უამრავი ადამიანი აღმოჩნდა ოკულუსის გამოცდის სურვილით, რომელთა უმეტესობა ვირტუალური რეალობის პირველი შეგრძნების შემდეგ ან აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ან შიშს.

ეს რაც შეეხება ჯემის მასშტაბებს. თუმცა მარათონის მთავარი თემა არც ოკულუსია, არც ფიფას თამაში და არც ქოსფლეი. მარათონის მთავარი თემა ის შექმნილი თამაშებია, რომლებიც ამ 3 დღის შემდეგ უნდა დაგვრჩეს. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ამჯერად მონაწილეები თემით იყვნენ შეზღუდული. თემა ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა და აღმოჩნდა „წყალქვეშა სამყარო“. საკმაოდ თავისუფალი თემაა იმისთვის, რომ ფანტაზიას გასაქანი მისცე და რამე მართლა მაგარი შექმნა.

პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობდა წინა გეიმჯემის გამარჯვებული გუნდის წევრი გიორგი აბელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებას და თავისუფლად შეიძლება გეიმჯემის ფარგლებში ან მის შემდეგ რომელიმე მონაწილემ ისეთი წარმატებული თამაშიც კი დაწეროს, როგორიც, მაგალითად, angry birds-ია.

„შევეცადე ტრადიციული მიდგომისგან თავი შორს დამეჭირა. შევეცადე ცოტა ორიგინალურად შევხებოდი თევზების თემას და ჩემი თამაშის მთავარი გმირია წყლის სული, რომელსაც შეუძლია შეუსახლდეს ნებისმიერ თევზს და მართოს“
, - ასე ახასიათებს გიორგი აბელაშვილი თავის ახლანდელ პროექტს.

თუმცა გეიმჯემზე რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინეს მონაწილეებმა, ჟიურიმ მათ შორის ერთი გამოარჩია. გუნდ „კაკადუს“ თამაში ნამდვილად გამორჩეული იყო შინაარსით, გეიმპლეით და ქვესტებითაც. ესაა ჰორორის ჟანრის თამაში, რომლის მთავარი გმირიც საბჭოთა კავშირის დროს შავ ზღვაში ჩაძირული საიდუმლო წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ერთადერთი გადარჩენილი წევრია.
გეიმჯემში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი, რომელიც შექმნის თამაშის 40 პროტოტიპს, რომელიც შეიძლება გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორიც Angry Birds, Clash of Clans, World Of Tanks და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რეალურ პოტენციალს...
ირაკლი ქაშიბაძე


გეიმჯემზე საუბრისას ასევე უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ხელძღვანელის გამოსვლაც გახსნაზე ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი იყო - ნაწილი, რომელმაც შემდეგ ნაწილობრივ გეიმჯემის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა წარმოშვა. ირაკლი ქაშიბაძემ გამოსვლა დაიწყო შეკითხვით: „თქვენი აზრით რამდენ ხანში მიაღწევს გეიმინგის ინდუსტრიით მოტანილი შემოსავალი საქართველოში 2 მილიარდ დოლარს?“ დარბაზი ძალიან ოპტიმისტურად შეხვდა კითხვას და ერთ-ერთი მონაწილის წამოძახილს, რომ ეს 2 წელიწადში მოხდება, მხარი დაუჭირა. ქაშიბაძემ კი დარბაზის ოპტიმიზმი კიდევ უფრო გააღვივა, როცა გაიხსენა, თუ როგორ განვითარდა ინდუსტრია ფინეთში და ისაუბრა „war gaming”-ზე, კომპანიაზე ბელორუსიდან, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია თავისი „World Of Tanks”-ით.

„კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდუსტრია მსოფლიოში. მან გაუსწრო შემოსავლებით კინოინდუსტრიას და მუსიკალურ ინდუსტრიას, ერთად აღებულს. წარმოიდგინეთ, რომ გეიმჯემში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი, რომელიც შექმნის თამაშის 40 პროტოტიპს, რომელიც შეიძლება გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორიც Angry Birds, Clash of Clans, World Of Tanks და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რეალურ პოტენციალს. ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ გარდა იმისა, რომ კარგი პროგრამისტები არიან, არის შემოქმედებითი ხალხი, არიან კარგი გრაფიკოსები, ანიმატორები, სცენარისტები და ა.შ. კრეატიული ინდუსტრიის განვითარების პოტენციალი აშკარად გვაქვს საქართველოში და ჩვენი, ინოვაციების სააგენტოს, ერთ-ერთი ამოცანა ის არის, რომ ინოვაციური და კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერა განხორციელდეს საქართველოში“, - ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.

აი, ასეთი იყო თბილისის მეორე გეიმჯემი. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, წელიწადში სულ 4 ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ მეორე იყო, ანუ ყველაზე საინტერესო ისევ წინ გვაქვს.
XS
SM
MD
LG