Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით


ავტორი: ნინო ბურდილაძე

ამ ჩანაწერის გაკეთება ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა. ერთ-ერთი ჩემი თანამემამულის ჩანაწერს გადავაწყდი ფეისბუკზე, რომელიც ჩიოდა, ქართველები ერთმანეთს ყველა რელიგიურ დღესასწაულს ვულოცავთ, აი, დამოუკიდებლობის აღდგენის დღის - 26 მაისის - მილოცვა კი გვავიწყდებაო. მართლაც ასეა.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჭეშმარიტად საზეიმო, სასიხარულო და, ცხადია, მისალოცი მოვლენაა. ბოლოსდაბოლოს, თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა, რომელიც ღვთისგან აქვს ადამიანს ბოძებული და არც ერთ სხვა არსებას არ აქვს მისი ხელყოფის უფლება. ეს რაც შეეხება პიროვნების თავისუფლებას. ერის თავისუფლება კი უფრო დიდი ზეღირებულებაა. დამორჩილებული, მონობაში მყოფი ერი ცოცხალ-მკვდარია, ის ვერ შეძლებს შექმნას მემკვიდრეობა, რომელსაც კაცობრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება.
ქართველ ერზე თუ გადავიტანთ თავისუფლების იდეას და გადავხედავთ ისტორიას, არავისთვის ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის ამბავი ქარქაშში ჩაუგებელი ხმლის და მახვილის ისტორიაა. ბრძოლა იყო ხშირად ერთადერთი საშუალება არსებობის და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ათასი ჯურის მომხვდურისა ქართველი კაცი მაინც თავისუფლად აღიქვამდა თავს, სჯეროდა თავისი სიმართლისა, სწამდა თავისი ღმერთისა და იცოდა, რომ სწორი გზით მიდიოდა, სწორ ღირებულებებს იცავდა. კარგად ესმოდა, საით ჰქონდა გეზი აღებული; კარგს ავისგან არჩევდა.
განსაკუთრებით მე-17 საუკუნიდან იწყება გაურკვეველი პერიოდი ქართველებისთვის: დაშლის, დაქუცმაცების, „გათითოკაცების“ ეპოქა. ქართულმა სამთავროებმა, რომლებიც თავკერძა ინტერესებისთვის ბრძოლა დაიწყეს, თვალთახდვიდან დაკარგეს დიდი ქართული მიზანი. მათთვის მთავარი აღარ იყო მთლიანობა, ერთობა.
საუკუნეების მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძახილი ჩვევად გვექცა. მივტიროდით ძველ დროებას, როცა ჩვენი ბედის ბატონ-პატრონნი ვიყავით და სიტყვა გვეთქმოდა. ხელოვნური და ზედაპირული გახდა ყოველგვარი მოწოდება, შეძახილი, შეგულიანება. დავიწყეთ ჩვენი წარსულის განდიდება. შეიძლება, უფრო მეტი ბრწყინვალებით შევმოსეთ ძველად განხორციელებული ქმედებანი. თითქოს ქართველებმა გეზი შეიცვალეს და კიბორჩხალებივით უკანსვლით იწყეს სიარული. იმის ნაცვლად, რომ მზერა მომავლისკენ მიეპყროთ, მოვლენები სწორად შეეფასებინათ, რათა თავისი, როგორც ერის, დანიშნულება ხელახლა გაეაზრებინათ და სწორი მიზნები დაესახათ, მოჰყვნენ წარსული განდიდებას, ტრადიციების ხოტბას. უკვე ასწლეულებია ასე უკანსვლით მივდივართ. რა გასაკვირია, რომ ხან რომელ ხრამში გადავიჩეხებით, ხან - რომელში. აქამდე ღვთის წყალობით თუ მოხდა, ალბათ, რომ ჯერ უძირო უფსკრულში არ გადავეშვით, სადაც დავასრულებდით კიდეც ერის არსებობას რომელიც ათასწლეულებს ითვლის.
იქნებ, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშნელობა რომ არ ენიჭება ჩვენთან, ქვეცნობიერად იმის გამოხატულებაა, რომ ჯერ არ ვგრძნობთ თავს ჭეშმარიტად თავისუფლად. დამოუკიდებლობა ხომ მხოლოდ ამ ფაქტის ოფიციალური დადგენით არ მოდის. მთავარი შინაგანი თავისუფლებაა! თუმცა თავისუფლების განმარტებაც არაა ადვილი. ყველას თავისი ინდივიდუალური დეფინიცია აქვს გამზადებული, თანაც ყველას საკუთარი ხედვა მიაჩნია სწორად. ქართველებმა კი ამ დიდი ხნის განმავლობაში, ერთმანეთის მოსმენის და ერთმანეთის მიმართ მოთმინების უნარი დავკარგეთ.
ალბათ, ქართველებმა თვალთაგან დავკარგეთ ცვენი დანიშნულება, ფუნქცია, მისია კაცობრიობის ისტორიაში. ეს ნაწილობრივ, შეიძლება, იმითაცაა გამოწვეული, რომ უახლოეს წარსულში გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ ვიყავით (შეგნებულად არ ვწერ "არ"-ს, რადგან იყო დრო, როცა თავად წყვეტდა ქართველი თავის ბედს შესაბამისი პოლიტიკური გარემოს მიხევით) თავისუფალნი, "ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდნა". ეს კი თავისუფლების მოყვარე ხალხისთვის ადვილი გადასატანი არ იყო. მხოლოდ შინაგანი პროტესტით ეს პრობლემა არ დაიძლეოდა, ფიზიკური ძალა კი ვერ მოვიძიეთ. ამიტომ შინაგანი კონფლიქტი არსებული გარემოს მიმართ და ფიზიკური ძალის უქონლობა გარდაისახა აგრესიაში, რომელსაც უჩუმრად ბინა დაუდია ქართველის გულში. ყოველი შესაძლებლობისთანავე ნებას აძლევს თავს, რომ ამოხეთქოს ამ დაგუბებულმა ნაღველმა.
რადიკალიზმიც ვისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში. ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვვარდებით და ველოდებით ღვთისგან ხელდასხმული პირის თუ მესიის გამოჩენას ჩვენს გადასარჩენად.
ის მოვლენა, რომ მესიას ვეძებთ და მზად ვართ ყველას გავყვეთ დაძახებისთანავე იმაზე მეტყველებს, რომ ერში კიდევ არის სურვილი და ძალა იმისა, რომ სასურველი გზით წარმართოს თავისი ბედი. მხოლოდ სწორი და მართალი ხელმძღვანელია ამისთვის საჭირო. ეს უპირობო მორჩილება და მესიანიზმისკენ მიდრეკილება ნამდვილად იმის გამოხატულებაა, რომ ხალხი მზადაა, ბოლომდე დაიხარჯოს ჭეშმარიტად ქვეყნისთვის თავდადებული მმართველის არსებობის შემთხვევაში.
ხალხს სამწუხაროდ ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი. ისიც საკითხავია, რამდენ ხანს ეყოფა შინაგანად აქამდე მოტანილი მუხტი, რომ იბრძოლოს და შესაბამისი ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე პირობებში, როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა და, რაც მთავარია, ერთიანმა სახელმწიფომ.
პრობლემის მოგვარების მთავარ საფუძვლად, მათი გასიგრძეგანება მიმაჩნია. თუ ვერ დავინახეთ პრობლემის რაობა და ჰაიჰარად მის მოსაგვარებლად მივვარდით, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ვფიქრობ, თუ სიღრმისეულად დავინახავთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ასე ჩაკეტილ წრეზე ვბრუნავთ, იქნება პირველი გადადგმული ნაბიჯი წარმატებისკენ. საქართველოს თითოეული (ხაზს ვუსვამ, თითოეული) მოქალაქე უნდა ჩაუღმავდეს თავის თავს, გააანალიზოს მოვლენები და დარწმუნებული ვარ, გამოიტანს სწორ დასკვნას. ამ ანალიზის შედეგად იმდენ მანკიერებას დაინახავს, რომ შეიძლება თავადაც შერცხვეს თავისი საქციელისა და ერის ასეთი დაკნინებისა ამდენი ხნის განმავლობაში.
ასეთი თვითანალიზისა და ჯანსაღი თვითკრიტიკის შემდეგ შესაძლებელი გახდება ჭეშმარიტი მმართველის შერჩევაც, რომელსაც, ცხადია, ერი ჰბადებს. ნებისმიერ ფარას ერკემალი მიუძღვის წინ. ხალხი კი წინამძღოლის გარეშე სხვა არა არის რა, თუ არა უერკემლო ცხვრის ფარა. ასე, რომ ერმა ძალიანაც რომ მოინდომოს, "უთავოდ" ვერაფერს გახდება.
ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ერთმანეთს მაინც აუცილებლად უნდა მოვულოცოთ ეს ეროვნული დღესასწაული, რადგან არა არის რა თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი რამ! ...თავის უფლება...
გილოცავთ, თანამემამულენო!!! მრავალჟამიერ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG