Accessibility links

logo-print

„მარი’ტა, ანუ მზესუმზირები და ჟანგიანი ფურგონი“


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

როცა გგონია, რომ სამყარომ დააპაუზა. გგონია, რომ გალაქტიკა ახალი დიდი აფეთქებისთვის ემზადება და ყველაფერი შენელდა. ძველი, შავ-თეთრი კინო-კადრებივით შენელდა ცხოვრება, დედამიწა შენელდა და ჰაერი დამძიმდა. ხალხმა, მტაცებელი ცხოვრელებივით გააფთრებულმა ხალხმა, შენი წილი ბედნიერება წაიღო და სამყაროს კიდესთან დამარხა. ისე, როგორც გრინჩმა შობა, 7 მილიარდმა კაცმა შენი წილი სამყარო მოიპარა და პლანეტიდან გაუჩინარდა. დარჩი მხოლოდ შენ, შენი ყვითელმზესუმზირებიანი კაბა, ზოლიანი წინდები, მინდორი და ჟანგიანი ფურგონი.
ბოლო დროს, რაღაც ასოებზე განსაკუთრებული ასოციაციები და გრძნობები მიჩნდება. "ჟ" ასო მომეჩვია, რატომღაც და მე ვამბობ: ლაჟვარდი, სილაჟვარდე, წვიმა–აუცილებლად ჟუჟუნა და ჟრიალი, რომელიც ქარის ზუზუნთან ერთად მოდის და მიდის, მოდის და მიდის და ასე დაუსრულებლად...ჩემი ძვირფასი დეპრესია. უფრო სწორად "მატყუარა დეპრესია", რომ გაწუხებს და სინამდვილეში რომ გსიამოვნებს ეს წუხილი .... არაადეკვატური !!!
დიდი ფიჭვების გაუვალი ტყე და დიდი მინდორი. შენ მინდორში წევხარ, ზურგზე წევხარ და მიუხედავად იმისა, რომ თოვლი არაა, ხელებით და ფეხებით წარმოსახვით ანგელოზებს აკეთებ. მზე თვალებს გჭრის, ცხვირის გარშემო სასაცილოდ დაყრილ ჭორფლებზე განათებს და შენ უაზროდ, თუმცა გულიანად კისკისებ. Something Supernatural...უცებ, შენ წინ ჩნდება უზარმაზარი, ჟანგიანი, ძველი, გაფუჭებული, მოხატული, ჰიპსტერული, ფერადი ფურგონი, სრულიად გამოუსადეგარი და ცარიელი, თუმცა შენს გულს რომ ავსებს , ისეთი. შენ შავი, ყვითელმზესუმზირებიანი კაბა გაცვია, ფეხზე ზოლიანი წინდები და მეტი არაფერი...ძლივს აბობღდები ფურგონის თავზე, დაჟანგებულ რკინაზე მუხლსაც გაიკაწრავ, თუმცა მერე რა?! ფურგონის სახურავიდან მართლა ყველაფერი ჩანს. აუ, რა სიმაღლეზე ხარ, იცი? აი, ჯომოლუნგმაც რომ ჩანს, ისე ... ბაბუაწვერასავით ერთი სულის შებერვა უნდა, რომ ყველაფერი გაქრეს. ფილტვები ზაფხულის წმინდა ჰაერით გაქვს სავსე, ლოყებს სასაცილოდ ბერავ, თვალებს აელმებ და იმანჭები, იჭყანები მაიმუნივით, გულიანად იცინი და უცებ, ცივი წვეთები ჩაგდის ყელში...ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლის ბრილიანტები. შენ ტირი, გაუცნობიერებლად ტირი...არ იცი სიხარულისგან, მწუხარებისგან,ბედნიერებისგან, უბედურებისგან, დარდისგან, ტკივილისგან, თუ ამდენი სიყალბისგან, მაგრამ ისე, სრულიად შეუგნებლად ტირი. ამ დროს ზაფხულის კრიალა ჰაერით სავსე ფილტვები იკუმშება და... ყვირილი...გულის წასვლამდე ხმამაღალი ყვირილი...შენ ყვირი: აააააა !!! შენ ყვირი: ჭიამაიაააააააააააააააა !!! შენ ყვირი: მარიტაააააააააააა !!! შენ ყვირი: დედამიწააააააააა !!! შენ ყვირი: ცისარტყელაააააააააა !!! და შენ ყვირი: დედაააააააააააა !!! ყვირი, შენს ფილტვებში დარჩენილ ჰაერის უკანასკნელ ნაფლეთამდე; ყვირი გაწითლებამდე, გალურჯებამდე და გაშავებამდე ყვირი. გრძნობ, როგორ გაიწმინდე, როგორ გასუფთავდი, როგორ გაცარიელდი ყველაფრისგან, რაც გაწუხებდა, რაც გჭამდა, რაც არ გაძინებდა, რაც არაადეკვატურს გხდიდა. ამდენი შური, სიყალბე, ბოროტება შენ გარშემო ყვირილს გაჰყვა და ჯომოლუნგმას თოვლიან ფერდობებზე დაიმარხა. აწი კარგად ვარ ! თავისუფალი ვარ, "მეგობრებო", თქვენი კლანჭებისგან. თავისუფალი ვარ თქვენგან და ჩემი თავისგანაც თავისუფალი ვარ !!!
"მერე მოვა მაღალი,დიდცხვირა,გრძელთმიანი,თეთრპიჟამოებიანი ინდიელი და შენს საწოლში,შენივე ბალიშით გაგგუდავს.ეს დასასრულია,მაგრამ ამ დასასრულით ახალი სამყარო იწყება.ინდიელი აიღებს წყლის აპარატს,რომელიც ნახევარ ტონას მაინც იწონის,ჩაამსხვრევს საგიჟეთის ფანჯარას და შენი ოცნებებიც ასრულდება! შენი სული,გმოთავისუფლებული შენი გვამიდან,აუცილებლად გადაუფრენს გუგულის ბუდეს.ეს არაა დასასრული! ეს დასაწყისია დასასრულის შემდეგ!"

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG