Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი აფხაზეთის მოვლენებს საკადრო გადაადგილებად აფასებს


ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საკადრო გადაადგილებად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და რეგიონში დარჩენილი ქართველების მიმართ შესაძლო საფრთხის თაობაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლება პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ამ ეტაპზე აჟიოტაჟის ატეხას საჭიროდ არ მიიჩნევს. რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის მონაწილეობას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ყველამ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგად და ის, რაც აფხაზეთში ხდება, ღიად არის დეკლარირებული.“ ამასთან, მან დასძინა, რომ რუსეთის მონაწილეობის შესახებ ნაჩქარევი კომენტარი არ სურს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პოლიტიკა დაიწყო და მათ მიმართ წინა ხელისუფლების რიტორიკა შეცვალა. „ასე რომ, ამ ეტაპზე არ გვსურს დამატებით აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადებების გაკეთება“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რაიმე გართულებაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG