Accessibility links

logo-print
ამ პიესას „The Sidewinder“ ჰქვია. ალბათ დამეთანხმებით, რომ საოცრად წააგავს თხზულებას, სახელწოდებით „Cantaloupe Island“ - ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის ჰერბი ჰენკოკის ნამოქმედარს, რომელიც დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და თავშესაქცევ სტანდარტად ითვლება. პირველად ყმაწვილობისას მოვისმინე და ჰენკოკის ფანკური აზროვნების ნაყოფი მეგონა, იმ პერიოდის ნახელავი, როცა, პოსტბოპიდან წამოსული, ელექტროკლავიატურას მიუჯდა. არადა, კარგად რომ დაუკვირდე, The Sidewinder-ი გაცილებით ღრმა ნაწარმოებია, მსუბუქ კომერციულ ჟანრებთან გათამაშებას რომ ვერ დააბრალებ და, მით უმეტეს, ვერც ჰიგიენური საშუალებების ან, თუნდაც, ნაყინის სარეკლამო რგოლებში მოჰკრავ ყურს. „Cantaloupe Island“-ზე ერთი-ორი წლით ადრე დაიწერა, სრულიად განსხვავებული ტემპერამენტისა და საკომპოზიტორო ხელწერის მესაყვირის - ლი მორგანის მიერ.

ფილადელფიელ ლი მორგანს 18 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი მესაყვირე ეთქმოდა. არც მეტი და არც ნაკლები, დიზი გილესპის ორკესტრში ირიცხებოდა, სადაც საშემსრულებლო ტექნიკას სრულყოფდა, უფროსი თაობის გამოცდილებას გულდასმით სწავლობდა და საკომპოზიტორო უნარ-ჩვევებს ავითარებდა. დიზი მისი კუმირი გახლდათ, თუმცა, კოლეგებისგან გასხვავებით, მაესტროს კოპირება არასოდეს უცდია. თუკი რამე საერთო ჰქონდათ, მოუსვენარი, ოხუნჯი ხასიათი და ყველასგან გამორჩეული ბგერა და ინდივიდუალური საშემსრულებლო ხელწერა.

1958 წელს დიზი გილესპის ფინანსური სირთულეების გამო ბენდის დაშლა მოუხდა და ლი მორგანიც უმუშევარი დარჩა. თუმცა მისი დიდ სცენაზე დაბრუნება ერთმა უბედურმა შემთხვევამ განაპირობა, უფრო ზუსტად კი, იმხანად ერთ-ერთი ყველაზე გამოჩინებული ჰარდბოპ მესაყვირის გარდაცვალებამ. კლიფორდ ბრაუნს ვგულისხმობ, რომელიც 25 წლის ასაკში, შემოქმედებითი აღმასვლის პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. იმ წლებში გენიალური მესაყვირე დრამერ არტ ბლეიკისა და პიანისტ ჰორეის სილვერის მიერ დაარსებულ ლეგენდარულ ბენდში, „Jazz Messengers“-ში უკრავდა, ჯგუფის სულსა და გულს წარმოადგენდა, ღირსეული შემცვლელის პოვნა კი მეტად რთული საქმე გახლდათ. ჰოდა, ხმის ჩამწერმა ლეიბლმა „Blue Note Recrods“-მა არჩევანი პირტიტველა მორგანზე გააკეთა და არც შეცდა. მისი იდეალურად სუფთა ბგერა თუ ნატიფი, ლირიკული ფრაზები, სულში ჩამწვდომი ბალადები და იმპროვიზაციული არაბესკები ზედგამოჭრილი გამოდგა „Jazz Messengers“-ის გვიანდელი ჰარდბოპული ფანკური მუსიკისათვის. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სოლო კარიერაც - 30-მდე სტუდიური თუ საკონცერტო ალბომი გამოსცა, რომელთა შორის 1963 წლის „The Sidewinder“-ი მორგანის შემოქმედების ყველაზე ღირებულ ნამუშევრად მიიჩნევა. დისკმა არა მარტო კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია, არამედ ის ამერიკელი ახალგაზრდებიც შემოაბრუნა ჯაზისკენ, როკენროლისა და ლივერპულელების მეტი აღარაფერი რომ აღარ აინტერესებათ.

ლი მორგანის ჯაზურ სამყაროში გამოჩენა, თავბრუდამხვევი წარმატება და სცენიდან წასვლა გაელვებას ჰგავდა. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლსაც ეტანებოდა, იმდროინდელ ჯეელებში ჭეშმარიტი ჯაზმენობის აუცილებელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა. თუმცა სულ სხვა რამემ მოუსწრაფა სიცოცხლე. სიყვარულმა.

1972 წლის 19 თებერვალს, ერთ-ერთ ნიუ-იორკულ კლუბში გამართული კონცერტისას, ცოლს სხვა ქალის სიყვარულში გამოუტყდა. უარყოფილმა ქალმა ჩანთიდან რევოლვერი ამოიღო და სცენაზე მდგომს გულში ესროლა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ლი მორგანი მხოლოდ 33 წლის გახლდათ...

დიახ, ლი მორგანმა ბევრის თქმა ვერ მოასწრო. მუსიკის ენაზე ამეტყველებული მისი განცდები და ნაფიქრალი მხოლოდ რამდენიმე დისკზე და ვიდეოჩანაწერში შემორჩა. უსმენ და ხვდები, რომ ესეც საკმარისია, თამამად განაცხადო: რომ დასცლოდა, ჯაზი დღეს სხვაგვარი იქნებოდა!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG