Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივა: დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო


კონფერენცია
კონფერენცია
სჭირდება თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს? როგორ არეგულირებს ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა? რა რეკომენდაციებს სთავაზობენ მთავრობასა და პარლამენტს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამ ორგანომ პენიტენციური სისტემის, პოლიციის ან პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული უნდა გამოიძიოს. ეკა ხუციშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს ორგანო მხოლოდ კონკრეტული სახის დანაშაულს გამოიძიებს:

„საქმე ეხება ისეთი სახის დანაშაულს, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, არასათანადო მოპყრობა, ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვა“.
არასათანადო მოპყრობის ფაქტები წლების განმავლობაში არსებობდა, მათ შორის, გასულ წელს 40-მდე ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული - მოქალაქეთა საჩივრები, რის შედეგადაც გამოძიება ბოლომდე არ იყო მისული ან გამოძიების შედეგები ჩვენთვის უცნობი იყო...
უჩა ნანუაშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის 2 აპრილს წერდა, რომ მათ ორგანიზაციაში წინა ორი თვის განმავლობაში 17 საჩივარი შევიდა. მათგან 8 პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხებოდა, ხოლო 9 - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონო ქცევას.

მსგავს პრობლემაზე ლაპარაკობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც:

„არასათანადო მოპყრობის ფაქტები წლების განმავლობაში არსებობდა, მათ შორის, გასულ წელს 40-მდე ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული - მოქალაქეთა საჩივრები, რის შედეგადაც გამოძიება ბოლომდე არ იყო მისული ან გამოძიების შედეგები ჩვენთვის უცნობი იყო“.

დღეს, 2014 წლის 4 ივნისს, გამართულ კონფერენციაზე ამ თემის განხილვას ესწრებოდნენ ხელისუფლების, ოპოზიციისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის - საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამერბერგი. ადამიანის უფლებების შესახებ 2013 წლის ანგარიშში ჰამერბერგი წერდა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო უნდა შეიქმნას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას პარლამენტს 2013 წლის ანგარიშში სახალხო დამცველიც ურჩევდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ჯერჯერობით არ განუხილავს:

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ზოგადად მსჯელობს ასეთ საკითხებზე, როცა საქმე ეხება კონკრეტული პირების გაურკვეველ ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას, ან ძალადობრივ ქმედებას, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ გამოძიება უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მაგრამ ცალკე ინსტიტუციაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ამ დისკუსიის გახსნა ხელს შეუწყობს ამ იდეის განვითარებას და შემდეგ ვნახოთ“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ რომელიმე სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩადენილ დანაშაულს ძირითადად იგივე სტრუქტურა იძიებს. ეკა ხუციშვილის თქმით, ამ საკითხს სათანადოდ ვერც კანონმდებლობა არეგულირებს:

„გამოძიება მიუკერძოებელი რომ იყოს, პირი, რომელიც საქმეს იძიებს, პრაქტიკულად და ინსტიტუციურად უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ პირისგან, ვინც დანაშაული ჩაიდინა“.

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა კარგია, თუმცა არასაკმარისიო:

„ჩემი აზრით, აქ მთავარი არ არის ახალი საკანონმდებლო ინსტრუმენტის, ახალი მექანიზმის, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა. აქ მთავარია, ხელისუფლება იყოს ისეთი, რომელსაც ექნება ამის პოლიტიკური ნება“.

ჩიორა თაქთაქიშვილი დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მსგავსი პოლიტიკური ნების არარსებობა იყო.
XS
SM
MD
LG