Accessibility links

logo-print

პრობლემები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში


საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში კვლავ პრობლემებია. 2014 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 90,383 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინასწარი გეგმით, საამისოდ 227,848 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. გზების მოვლა-შენახვისთვის უნდა დახარჯულიყო 93,380 მილიონი ლარი, ათვისებული იქნა მხოლოდ 43,544 მილიონი ლარი. სერიოზული ჩამორჩენაა რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხითაც: გეგმის მიხედვით, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 127,5 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო და მხოლოდ 32 მილიონი ლარია ათვისებული.

ეს ტენდენცია იმეორებს 2013 წელს გამოკვეთილ ტენდენციას: ვერც მაშინ მოხერხდა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება, ათვისებულიდან კი თანხები ძირითადად 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიხარჯა. ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ამის შედეგად, ერთი მხრივ, 2013 წელს ვერ განხორციელდა პროექტების ნაწილი, რადგან საქმე გზის დაგებას, წყლის გაყვანას და მსგავს სამუშაოებს ეხება, რაც თოვლისა და ყინვის პირობებში შეუძლებელია, ან განხორციელდა ხარვეზებით, სწორედ სისწრაფისა და კლიმატური პირობების გამო. მეორე მხრივ, წლის ბოლოს თანხის დახარჯვამ ფინანსური ზეწოლა მოახდინა ლარის კურსზე და რამდენიმე პუნქტით გააუფასურა იგი, წინასწარ გაცემულმა ავანსებმა კი 2014 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკურ ზრდაზეც მოახდინა ზეგავლენა.

შესაბამისად, მსგავსი პროცესები რომ არ განმეორდეს, შექმნილი სიტუაციის გასაანალიზებლად საინტერესოა, რამ გამოიწვია 2013 წელს პროექტების გაჭიანურება.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტენდერების პროცედურების გაწელვა იყო. ტენდერები ძირითადად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, რამაც სამუშაოების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა დააყენა. ამის მიზეზი, თავის მხრივ, -მაგალითად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, - პროექტების პრიორიტეტების არაერთგზის შეცვლა და არასაკმარისი ბიუჯეტი იყო.

პროექტების პრიორიტეტების ხშირი ცვლა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ახალ მახასიათებლად გამოიკვეთა. ეს პროექტები დაგეგმვის დროს არსებულ ხარვეზებსაც ადასტურებდა და, მეორე მხრივ, სამუშაოებზე კონტროლის გაძლიერების ნიშანიც გახლდათ.

შედეგად, 2013 წლის მიწურულისთვის, მაგალითად, რეგიონალური ინფრასტრუქტურის ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, გეგმით განსაზღვრული თანხის 94% გამოიყო, საიდანაც თანხის დაახლოებით 16 პროცენტი - 67.1 მილიონი - არ იქნა ათვისებული. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ორგანოებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა არ ასახავდა რეალური შესრულების მაჩვენებელს, რადგან თანხა ყველა რეგიონში და ყველა პროექტზე სრულად არ იყო ათვისებული.

სწორედ ამიტომ, 2014 წლის დასაწყისში იქნა ათვისებული წინა წელს გადარიცხული თანხები, რამაც 2014 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო, თუმცა აქვე დაადასტურა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არსებითად სწორედ საბიუჯეტო დანახარჯებზეა დამოკიდებული.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაკონტრაქტება და ზაფხულის პერიოდი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი დროა მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ხელიდან არ იქნეს გაშვებული.
XS
SM
MD
LG