Accessibility links

logo-print
როდესაც ნატოს შტაბბინაში ხარ და აქაურ კულუარულ საუბრებს უსმენ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება -ევროპული სახელმწიფოებისგან შექმნილ ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, რომლის სისუსტეც სწორედ მის სიძლიერეში მდგომარეობას - შორეულ, მიუღწეველ ამოცანად გეჩვენება.

ეს არ არის ოქსიმორონი და მოგვიანებით შევეცდები უფრო გავშალო ეს თემა - მით უფრო, რომ 3-4 ივნისის მინისტერიალი, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ბოლო შეხვედრა იყო ნატოს უელსის სექტემბრის სამიტის წინ, ნათლად წარმოაჩენს დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის - ევროატლანტიკური უსაფრთხოების ამ ხანდაზმული ორგანიზაციის - მუშაობის ბიუროკრატიულ არსსა და დიდი სიფრთხილითა და საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შედეგად გადაწყვეტილებების მიღების სტილს.

თუმცა მანამდე ცოტა ვრცლად ვილაპარაკებ იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდა ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიაზე, რა ითქვა კონკრეტულად ჩვენი რადიომსმენელისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო, როგორც ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა, ყოფნა-არყოფნის ტოლფას კითხვასთან დაკავშირებით: რატომ რჩება საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაპირებად, რომელიც ექვსი წელია წლიდან წლამდე და სამიტიდან სამიტამდე მეორდება.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ თავდაცვის მინისტრებს არ უსაუბრიათ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ეს საკითხი არ იდგა დღის წესრიგში, მაგრამ თვის ბოლოს უკვე დასრულდება მარჩიელობა თემაზე, მიიღებს თუ არა საქართველო ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს ნატოს უელსის სამიტზე სექტემბერში.

„ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც შეასრულებს წევრობისათვის აუცილებელ ყველა პირობას. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ამ თვის ბოლოს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. და დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს შემდეგი სამიტი დაადასტურებს საქართველოს პროგრესს“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველო-ნატოს კომისიის დაწყების წინ მოკლე შესავალ სიტყვაში, რომელიც მან ფრანგულად წაიკითხა.
ეს არის ურთულესი ოპერაცია, რომელიც კი ევროპის კონტინენტზე ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინას უპირისპირდებიან რუსი სამხედროების მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული, ხშირ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პროფესიონალები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მოსახლეობის ზურგს ეფარებიან...

მაგრამ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ თვის ბოლოს ნატოს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები აუცილებლად გადაწყვეტენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხის შეტანას მომავალი სამიტის დღის წერიგში.

ეს შეიძლება ვერ მოხდეს პროცედურული საკითხის გამო - ვთქვათ, მინისტერიალზე არ ჩამოვიდეს ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. და ასეთი გაცდენების პრეცედენტი არსებობს ნატოში. 3 ივნისს, როდესაც ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა ჩატარდა უკრაინის კრიზისის, ყირიმის აგრესიისა და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის თემაზე, 28 წევრი ქვეყნის სამხედრო უწყების ლიდერებიდან კომისიას მხოლოდ 21 მინისტრი ესწრებოდა. მოკლედ, თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი ვერ გადაწყდეს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტისწინა, მოსამზადებელ შეხვედრაზე. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში რჩება საკითხის გადაჭრის კიდევ ერთი ინსტანცია:

„ეს საკითხი აქ ამ კვირაში ვერ გადაწყდება, რადგან ეს არ არის ამ სხდომის დღის წესრიგის თემა. მაგრამ, როგორც ჩანს, საკითხი განიხილება სამი კვირის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დაეფუძნება ყველა ასპირანტი ქვეყნის (რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთია) მიერ ნაჩვენები პროგრესის ძალიან ფხიზელ და მიუკერძოებელ შეფასებას და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ საგარეო საქმეთა მინისტრები არა, მოგვიანებით ნატოს სამიტი მიიღებს. ასე რომ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროცესი, რომლითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება,“ - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა ელჩმა დუგლას ლუტმა ნატოს შტაბბინაში რადიო თავისუფლების შეკითხვაზე.

მოკლედ, გავარკვიეთ, თუ რა ინსტანციებს აქვთ ნატოში უფლება შეაფასონ ამა თუ იმ ქვეყნის მზადყოფნა და გადაწყვიტონ მისი ალიანსში გაწევრიანების საკითხი. ახლა მოდი გავარკვიოთ, რას ნიშნავს „წევრობისათვის აუცილებელი პირობები“ ან რა საშინაო დავალების შესრულება ევალება ასპირანტ ქვეყანას - ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს - ნატოში გაწევრიანების საგზურის მისაღებად.

ალიანსის კრიტერიუმები კი უნივერსალურია და ყველა ქვეყნისათვის ერთია. ესაა დემოკრატიული მმართველობა, წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემა, სამოქალაქო კონტროლის ქვეშ არსებული პროგრესული შეიარაღებული ძალები და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ხარჯების პროპორციულ დაფინანსებას. პარალელურად, და ეს უმთავრესია, ასპირანტ ქვეყანას ევალება გაწევრიანებამდე მოაგვაროს ყველა სასაზღვრო და ტერიტორიული კონფლიქტი მეზობელ სახელმწიფოებთან.

ამ პირობათა ერთობლიობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც, ვალდებულია ყოველ წელს აჩვენოს პროგრესი საშინაო დავალების შესრულების მხრივ.

და ამ პროგრესს საქართველო თვალსაჩინოდ აჩვენებს 2008 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ საქართველო და უკრაინა უსათუოდ გახდებოდნენ ნატოს წევრები მათ მიერ აუცილებელი რეფორმებისა გატარების შემდეგ.

მაგრამ ეს იყო 2008 წლის აპრილი. ნატოს სამიტის რეზოლუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებიდან ოთხი თვის თავზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა სამხედრო დაპირისპირება, ომი ცხინვალის რეგიონში, რომლის შემდეგაც რუსეთმა დაარღვია მის მიერვე ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ამის შემდეგ ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოსგან აღარ ითხოვენ ტერიტორიული კონფლიქტების მოწესრიგებას. ან როგორ უნდა მოითხოვონ, როდესაც რუსეთმა, უკაცრავად პასუხია და, თავზე გადაახია ექვსპუნქტიანი შეთანხმება თვით ევროკავშირს, რომლის თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო ნატოს კლუბის წევრიცააა.

ამიტომ და ამის შემდეგ, საშინაო დავალებათაგან საქართველოს ყველაზე მეტად ევალებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლებრივად ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფა. ეს გამოცდა, ნატოს შეფასებით, საქართველომ 20012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებულად ჩააბარა.

„პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველომ ამ პროგრესს მიაღწია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების პროცესში და შიდა პოლიტიკის რეფორმის კუთხით. და ნატოს შტაბბინაში ყველაზე მეტად ალბათ იმაზე ლაპარაკობენ, რომ საქართველო არის არანატოს წევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ალიანსის ოპერაციებში. ამგვარად, საქართველომ ბევრი მიმართულებით აჩვენა ის, რასაც ნატო იმ ქვეყნისაგან მოელის, რომელსაც ალიანსის წევრობა სურს“, განაცხადა დუგლას ლუტმა, აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში.

იგივე ფრაზები ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებსაც არაერთხელ წარმოუთქვამთ.

ზემოაღნიშნულს იმასაც დავამატებ, რომ ნატოს წევრობის მსურველი ქვეყანა მზად უნდა იყოს ალიანსის ეგიდით მიმდინარე თუ სამომავლო ოპერაციაში საკუთარი წვლილის შესატანად. ამ კუთხით კი, საქართველოს ჯარისკაცები არათუ მზად არიან, არამედ უკვე სერიოზულ კონკურენციასაც უწევენ ალიანსის წამყვანი ქვეყნების არმიებს.
კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან იყო პრაგმატული, პრაქტიკული მიმართულების საუბარი და შეიძლება ითქვას, დახმარება სრული დატვირთვით ხორციელდება. დახმარება უკვე გამოიგზავნა პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან...

1650 ქართველი ჯარისკაცი იცავს საერთაშორისო მშვიდობას უკვე სამი წელია ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში და, საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, ქვედანაყოფის რაოდენობით საქართველო მხოლოდ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერამანიასა და იტალიას ჩამორჩება. თუმცა რატომღაც ნატოს საიტის მონაცემები საქართველოს ხელისუფლების სტატისტიკისაგან განსხვავდება: ალიანსის ცნობით, ავღანეთში ამჯერად 805 ქართველი ჯარისკაცი უნდა იმყოფებოდეს, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის ასევე დიდი რიცხვია.

მოკლედ, ვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს საინფორმაციო ცენტრები გაარკვევენ, რამდენი ქართველი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს სარდლობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციის რიგებში, დავუბრუნდეთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, თბილისმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, სამშვიდობო ქვედანაყოფი ავღანეთში დატოვოს, წვრთნისა და კონსულტაციის მისიის ფარგლებში, ნატოს საბრძოლო ოპერაციის დასრულების, ანუ 2014 წლის შემდეგაც.

ერთი სიტყვით, საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანას, საერთო შეფასებით, ზოგ შემთხვევაში სრულად, ზოგ შემთვევაში კი გადაჭარბებითაც აქვს შესრულებული ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

შესაბამისად, იბადება კითხვა: რატომ არ არის საქართველო ნატოს წევრი? რატომ არ სრულდება ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად უნდა გახდნენ ნატოს წევრები? ცხადია, რაკი გადაწყვეტილების შესრულება ჰაერშია გამოკიდებული, გზა ეხსნება სხვადასხვა სპეკულაციებს. ერთნი ფიქრობენ, რომ რაკი ნატოში გაწევრიანების პროცესს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უკრაინა ჩამოშორდა, ნატოსათვის საქართველო, ცალკე აღებული, არ არის საინტერესო. მეორენი ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს უშლის რუსეთის ფაქტორი, უფრო ზუსტად კი, ალიანსის ცალკეული ქვეყნის ლიდერების შიში, რომ საქართველოს გაწევრიანებით ალიანსი ახალ „ცივ ომში“ ანდა, სულაც, ნამდვილ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაებმება. სინამდვილეში რა ხდება, ვინ ან რა არის მიზეზი იმისა, რომ ნატოსკენ მიმავალი საქართველო გაიჭედა სადღაც MAP-ისა - გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის - და ANP-ის - ყოველწლიური ეროვნული პროგრამის - ზღვარზე და საბოლოო მიზნამდე ვერ აღწევს?

ამ სპეკულაციებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ივნისის შეხვედრა ანდა ალიანსის სახელმწიფო მეთაურთ უელსის სამიტი დაუსვამს წერტილს.

მანამდე კი საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელს ბრიუსელში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ალასანია პირველად შეხვდა უკრაინის მოქმედ თავდაცვის მინისტრს მიხაილო კოვალს, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების გამო საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო.

როგორც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ალასანიამ უკრაინელ კოლეგას რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში დაგროვილი ქართული გამოცდილება გაუზიარა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა გაღრმავდება.

სხვათა შორის, პრესკონფერენციაზე მიხაილო კოვალს რადიო თავისუფლებამ დაუსვა შეკითხვა, ხომ არ აპირებს სამხედრო უწყებაში მრჩევლად რომელიმე ქართველი სპეციალისტი დაასაქმოს. მხედველობაში მქონდა, ცხადია, ის ფაქტი, რომ რამდენიმე ქართველი რეფორმატორი - მათ შორის, კახა ბენდუქიძე - უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფში მიიწვია სამუშაოდ.

„ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ საქართველოს. თქვენი სამხედროები საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეულები არიან, მაგრამ რეფორმისტები უკრაინულ არმიასაც მრავლად ჰყავსო“, - თავაზიანად მომიგო უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რადიო თავისუფლების შემდეგ შეკითხვაზე კი მიხაილო კოვალმა უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა. მე უკრაინელ გენერალს ვკითხე, თუ რამდენად არის საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული სეპარატისტების მხარეზე, ჩეჩენი თუ სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მონაწილეობის თაობაზე.

“არაერთი მტკიცებულება არსებობს. მათ ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ეროვნული ტელეარხებით. ჩვენი სამხედროები იყვანენ ტყვეებს. ცოტა ხნის წინ კი თქვენ ნახეთ ინტერვიუ რამზან კადიროვთან, რომლის გვერდითაც იდგა ორი კრამატორსკთან დაპატიმრებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ხელში. მეორე უტყუარი ფაქტია დიდი რაოდენობით წითელ ნაჭერგადაფარებული კუბოები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან გაგზავნეს რუსეთის ფედერაციაში, და ზოგიერთი ხელმძღვანელის ინფორმაცია, რომ შურს იძიებენ უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული მათი ამხანაგების გამო“,
განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო კოვალმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ანტიტერორისტულ შეიარაღებულ ოპერაციას უკრაინის აღმოსავლეთში - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.
მიხაილო კოვალი

მიხაილო კოვალი

„ეს არის ურთულესი ოპერაცია, რომელიც კი ევროპის კონტინენტზე ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინას უპირისპირდებიან რუსი სამხედროების მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული, ხშირ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პროფესიონალები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მოსახლეობის ზურგს ეფარებიან. ჩვენ დავალებული გვაქვს ტერორისტებთან ბრძოლა ისე, რომ არ დაიღუპოს არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ეს კი ურთულესი ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის არმიას არა აქვს კავშირგაბმულობისა და დაზვერვის საშუალებებიო“, - განაცხადა ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხაილო კოვალმა. თუმცა ნატოს ქვეყნებმა, როგორც გაირკა, უკვე დაიწყეს დაპირებული სამხედრო დახმარების განხორციელება.

„კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან იყო პრაგმატული, პრაქტიკული მიმართულების საუბარი და შეიძლება ითქვას, დახმარება სრული დატვირთვით ხორციელდება. დახმარება უკვე გამოიგზავნა პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან. საუბარია მხოლოდ კავშირგაბმულობისა და დაზვერვის საშუალებებზე, რომლებიც უკრაინის არმიას ჰაერივით სჭირდება. ანუ ლეტალურ, არასასიკვდილო იარაღზე“, - განაცხადა მიხაილო კოვალმა.

ეს დახმარება სიმბოლურია. ტერორისტებს ყველა ქვეყანა თავად უნდა ებრძოლოს. დიდი მორალური მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინაში სამხედრო ძალას ნატოს არც ერთი ქვეყანა არ გაგზავნის, ვიდრე უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი.

ამ გზაზე კი უკრაინამ - ჯერ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების ყოყმანის, მერე კი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ანტიბლოკური სტატუსის გამოცხადების გამო - დიდი დრო დაკარგა.

ყველას ესმის, რომ საარტილერიო და საავიაციო კანონადის ხმაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის წამოწევა არარეალურია და იგი კიდევ უფრო გადასწევს იმ სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, რაც უკრაინას ჰაერივით სჭირდება. ამიტომაც იყო, რომ უკრაინის ელიტამ ვერ გაბედა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ნატოში გაწევრიანების საკითხის რეფერენდუმზე გატანა.

თუმცა, თუ უელსის სამიტზე ნატო საქართველოს გაწევრიანების პროცესში ჩართავს, მაშინ ეს უკრაინისთვისაც იქნება სტიმული, რომ კვლავ დაუბრუნდეს ალიანსში გაწევრიანების იდეას.

ნატოს უელსის სამიტამდე კი, რომლის გადაწყვეტილებასაც ოთხი ქვეყანა - ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია, მაკედონია და საქართველო - დიდი ინტერესით მოელის, ოთხი თვე რჩება.
XS
SM
MD
LG