Accessibility links

logo-print

"დიდი შვიდეული" მზად არის უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს


ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გავრცელდა „დიდი შვიდიანის“ ლიდერების განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „მზად არიან გააძლიერონ დამიზნებითი სანქციები“ და მეტი საფასურის გადახდა დააკისრონ რუსეთს, თუკი ამას ვითარება მოითხოვს. „რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსვლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის ხელშემწყობი მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს მოქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ყველა ქვეყანას უნდა აშფოთებდეს“, - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები. მათ მოუწოდეს რუსეთს - აღიაროს უკრაინის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, დაასრულოს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა და შეაჩეროს უკრაინაში იარაღისა და მეომრების შედინება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამუშაო სადილის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება მეტად ვეღარ გაუარესდება და რომ დასავლეთის ლიდერები მზად არიან რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ მან ვითარების განსამუხტად გამოიყენოს თავისი ზეგავლენა პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებზე: „თუკი ვერ დავინახავთ პროგრესს საკითხების გადაჭრაში, არსებობს კიდევ უფრო მძიმე - მესამე ფაზის სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინაში ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას“, - განაცხადა მერკელმა.
XS
SM
MD
LG