Accessibility links

logo-print

ქალაქ ჰეილიში გაუქმდა ბოუ ბერგდალის დახვედრის საზეიმო ცერემონია


„თალიბანის“ ხუთწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული აშშ-ის არმიის სერჟანტ ბოუ ბერგდალის მშობლიურ ქალაქში გაუქმდა მის დასახვედრად 28 ივნისისთვის დაგეგმილი საზეიმო მსვლელობა. აიდაჰოს შტატის ქალაქ ჰეილის მმართველობამ განაცხადა, რომ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს ორგანიზატორების მოთხოვნით, რადგან ქალაქი „ვერ შეძლებდა ხალხის დიდ ნაკადთან გამკლავებას“. გადაწყვეტილება მიღებულია აგრეთვე იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც გაისმის ბოუ ბერგდალის ყოფილი თანამებრძოლებისგან - რომ „თალიბანის“ ხელში მოხვედრამხე, ბერგდალმა თვითნებურად დატოვა პოსტი ავღანეთში. გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერგდალის ძებნის ოპერაციას 6 ამერიკელი სამხედრო შეეწირა. ყველაფრის მიუხედავად, ქალაქ ჰეილის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც გამოხატავს მხარდაჭერას ბერგდალის მიმართ და მისთვის საზეიმო დახვედრის მოწყობას აპირებს. ვაშინგტონში სულ უფრო მეტი აკრიტიკებს ობამას ადმინისტრაციას, რომ მან კანონი დაარღვია, როცა კონგრესს არ შეატყობინა ბერგდალის გუანტანამოს ციხის 5 პატიმარში გაცვლის განზრახვის შესახებ. კრიტიკოსები თვლიან, რომ გათავისუფლებული პატიმრები „თალიბანის“ ხელმძღვანელობაში შედიოდნენ და დიდი ალბათობით, კვლავ დაუბრუნდებიან ტერორისტულ საქმიანობას. ოთხშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა სკეპტიკოსებს მოუწოდა არ აჩქარდნენ დასკვნების გამოტანისას და დაელოდონ თალიბების მიერ ბოუ ბერგდალის დატყვევების გარემოებათა გამოძიების შედეგებს.
XS
SM
MD
LG