Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი სახლებს შეეჯახა


კალიფორნიის უდაბნოში, სან დიეგოს აღმოსავლეთით, 144 კილომეტრში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ჩანს, რომ ქალაქ იმპერიალის დასახლებულ უბანში, სულ ცოტა, ერთ სახლს გაუჩნდა ცეცხლი ოთხშაბათ საღამოს მომხდარი კატასტროფის შედეგად. თვითმფრინავის პილოტმა უსაფრთხოდ შეძლო კატაპულტირება. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აშშ-ის საზღვაო ქვეითმა, კაპრალმა მელისა ლიიმ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავი - „ჰარიერი“, რომელიც არიზონის შტატში არსებული იუმის ბაზიდან აფრინდა, „საცხოვრებელ სახლებს“ შეეჯახა. მისივე განცხადებით, გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ამ დრომდე არ არის ცნობილი - დაშავდა, თუ არა ვინმე კატასტრობფის შედეგად. დაწყებულია გამოძიება. ბოლო ერთ თვეში იუმის ბაზიდან აფრენილი „ჰარიერის“ ტიპის თვითმფრინავმა მეორედ განიცადა კატასტროფა. 9 მაისსაც პილოტმა უსაფრთხოდ შეძლო კატაპულტირება, ვიდრე თვითმფრინავი არიზონაში, ქალაქ ფენიქსიდან სამხრეთით ჩამოვარდებოდა. მაშინდელი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG