Accessibility links

logo-print
5 ივნისს შს სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა თითქმის 6 წლის წინათ უგზო-უკვლოდ დაკარგული პაატა ქარდავას საქმე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მოკლა. ოჯახი ვარაუდობს, რომ პაატა ქარდავას მკვლელობის ორგანიზებასა თუ დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო ძველი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის - სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი თენგიზ გუნავაც. თავად გუნავა ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერს, პაატა ქარდავას, 2008 წლის 27 აგვისტოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ზუგდიდიდან ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში ჩაიყვანეს. იმ დღეს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის რომან შამათავას დავალებას ასრულებდნენ. გამოძიების ცნობით, მოტაცებული პაატა ქარდავა გურიიდან აჭარაში თავად რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა ჩაიყვანეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, კვალის არევის მიზნით,ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატოვეს.

რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი...
საგამოძიებო მასალების იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც შს სამინისტრომ 5 ივნისს გამოაქვეყნა, რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც ბრალს კატეგორიულად უარყოფდა.

”რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო”, - იტყობინება შს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

ის, რომ 6 წლის განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული პაატა ქარდავა მოკლულია, ახლახან გაიგო ოჯახმა. მეუღლე, ელისო სართანია, რომან შამათავას გარდა, ძველი ხელისუფლების არაერთი სხვა წარმომადგენლის დასჯას ითხოვს:

ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია - მიზანმიმართულად გაკეთებული ჩემი სახელის დისკრედიტაციისთვის. წინასაარჩევნო პროვოკაციაა ეს, რომ რაღაცნაირად, შავი ფიარით მე მომიგო არჩევნები...
”ორი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა, ე.ი მთელი მთავრობა იყო ამაში ჩართული. დამიმტკიცონ, რომ ეს ადამიანი მოღალატე იყო და მე ხმას არ ამოვიღებ. თუ არა და ყველა დაისაჯოს ისე, როგორც საჭიროა. ამას ვითხოვ ერთადერთს... არ გავჩერდები. არც ერთი არ გაჩერდეს ზუგდიდში, თორემ მეც მივმართავ ჩემს ხერხებს. მე ვითხოვ ერთადერთს - ვინც ჩემი მეუღლის გაქრობაში მონაწილეობდა, ყველა დაისაჯოს”.

პაატა ქარდავას ოჯახი გამორიცხავს, რომ მომხდარის შესახებ არ სცოდნოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმდროინდელ უფროსს, თენგიზ გუნავას - ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, რომელიც 15 ივნისის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის აპირებს ბრძოლას. თენგიზ გუნავა მისი მისამართით გახმაურებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ პაატა ქარდავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე გაუჩინარდა და იმ რთულ ვითარებაში მის საპოვნელად მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო:

”ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია - მიზანმიმართულად გაკეთებული ჩემი სახელის დისკრედიტაციისთვის. წინასაარჩევნო პროვოკაციაა ეს, რომ რაღაცნაირად, შავი ფიარით მე მომიგო არჩევნები. ეს ვერანაირად ვერ გაუვათ. ვამბობ და ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად ტყუილია და ნუ შეჰყავთ ოჯახი შეცდომაში. სირცხვილია, ნუ მანიპულირებენ მსგავსი ქმედებებით. ისედაც ტრავმირებულ ოჯახს კიდევ რომ უმატებენ, ეს არის მარაზმი, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება”.

თენგიზ გუნავა ასევე ”მიზანმიმართულ პროვოკაციად” მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რომან შამათავას სახელს ხელისუფლება არჩევნების დროს იხსენებს ხოლმე. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა თქმით, შამათავას ვერ უმტკიცდება ბრალი ე.წ. ”ხურჩის ტერაქტთან” დაკავშირებით და ამიტომ მის წინააღმდეგ ახლა ახალი ბრალდება გამოიგონეს. გავიხსენოთ, რომ რომან შამათავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის ოქტომბერში თავისი კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელთან ერთად დააკავა და განაცხადა, რომ 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განხორციელებული ტერაქტი მათ მიერ წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო, რაც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრებოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ხანებში არაერთხელ განაცხადა, არსებობდა კიდევ ”ძალიან სერიოზული ბრალდებები” ადამიანების გატაცებისა თუ მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით და რეალობას გამოძიება დაადგენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა 5 ივნისსაც - აღნიშნა, რომ პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გამოძიება ჯერ კიდევ შს მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის დროს დაიწყო და რომ ამ და სხვა არაერთი სისტემური დანაშაულის ყველა მონაწილე აუცილებლად დაისჯება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG