Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედგაცრუებული ამომრჩეველი დე ფაქტო რესპუბლიკაში


არჩევნები ცხინვალში, 2012 წელი
არჩევნები ცხინვალში, 2012 წელი
კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 34 მანდატისთვის 9 პარტია იბრძვის. არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდება. ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების აზრით, 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი 5 პარტიას აქვს. ცხინვალელებისთვის ცნობილია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საკუთარი მეგობრები და თანამოაზრეები ფავორიტი პარტიების სიებში ჩაწერა და ამით ცდილობს ლოიალური საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას.

პარტიების სიმრავლის მიუხედავად, ადგილობრივი სპეციალისტები ამომრჩევლების იმედგაცრუებასა და არჩევნების მიმართ გულგრილობაზე ლაპარაკობენ. მათი აზრით, არჩევნებში მონაწილე პარტიები საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობენ, მათი საარჩევნო პროგრამები ერთმანეთის მსგავსია, ზოგადი ფრაზებია სამხრეთ ოსეთის განვითარების შესახებ და კონკრეტული იდეები და გეგმები არ ჩანს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვისას ცხადი ხდება, რომ ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილი არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ აპირებს, ნაწილი მივა და საარჩევნო ბიულეტენს ყველას გადახაზვით გააფუჭებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ბიულეტენში არ არსებობს გრაფა „ყველას წინააღმდეგ“. ცხინვალელი სპეციალისტების აზრით, ეს გრაფა რომ არსებობდეს, ყველაზე მეტ ხმას აიღებდა.

გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი, სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები ამომრჩევლებს ახალს ვერაფერს სთავაზობენ, მხოლოდ პოპულისტური ლოზუნგებით გამოდიან, რაც ამომრჩევლის უნდობლობას იწვევს, მაგრამ, მისი აზრით, ასეთმა გულგრილობამ შესაძლოა რესპუბლიკა ჩიხში შეიყვანოს. ჩვენს რადიოსთან საუბარში იგი აცხადებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი ცუდებს შორის უკეთესზე კეთდება.

არჩევნების იგნორირების წინააღმდეგია ადგილობრივი ჟურნალისტი ირინა დამბეგოვა, რომელიც თავადვე გახდა ამომრჩეველთა უნდობლობის მომსწრე. მისი აზრით, ეს პროცესი 2011 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევასთვის შედეგების გაუქმების დროიდან დაიწყო. ამომრჩეველი მას შემდეგ იმედგაცრუებულია. მიუხედავად ამისა, დამბეგოვა მიიჩნევს, რომ ბიულეტენების გაფუჭებით სწორედ ის პარტიები ისარგებლებენ, ვისაც პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება უნდათ.

ადგილობრივი სპეციალისტების აზრით, პოლიტიკური გულგრილობა ვერც ადგილობრივი ტელევიზიით გამართულმა სატელევიზიო დებატებმა შეცვალა. ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატებს დე ფაქტო რესპუბლიკის განვითარების გეგმებზე ესაუბრათ, ერთმანეთთან კინკლაობას უფრო მეტი დრო დაუთმეს.
XS
SM
MD
LG